საბუნებისმეტყველო მეცნიერება ხშირად ადამიანის გონის ტრიუმფად მოიაზრება. ამას აშკარა მიზეზები აქვს. პირველ რიგში სამეცნიერო პროგრესმა საფუძველი დაუდო არნახულ განვითარებას კაცობრიობის ისტორიაში და ჩვენი ცხოვრება რადიკალურად გააუმჯობესა. თუმცა მეცნიერებისადმი ინტერესი მხოლოდ გამოყენებითი იშვიათად არის.

ხშირად სამეცნიერო ნაშრომებს მიღმა, რომლებიც ჩვენ ცხოვრებას მუდამ ცვლიან, დგანან ადამიანები, რომელთა აზრების ჩვენამდე მოღწევას დიდი ძალისხმევა დასჭირდა. ის სამეცნიერო ფაქტები ან გნებავთ თეორიები, რომლებიც ხშირად საყოველთაოდ გაზიარებულია, თავის დროზე ხშირად ძალიან მიუღებელი იყო. ხშირად გარკვეული თეორიების ავტორებიც კი სკეპტიკურად არიან განწყობილნი საკუთარი მოსაზრებებისადმი.

ამის ყველაზე ცნობილი მაგალითია ნიუტონი და მის მიერ შემოღებული საყოველთაო მიზიდულობის კანონი, რომლის ჩამოყალიბების შემდეგ ნიუტონმა თავის მეგობარს წერილში შემდეგი რამ განუცხადა:

"ეს ჩემთვის იმდენად აბსურდულია, ვერ დავიჯერებ, რომ რომელიმე ადამიანი, რომელსაც ფილოსოფიურ საკითხებზე ფიქრის რაიმე კომპეტენცია გააჩნია, მას მიიღებს"

ახლა უნივერსალური მიზიდულობის კანონი თითქმის ყველა სკოლაში ისწავლება.

არსებობს ისტორიები, სადაც მეცნიერს და მის ნამუშევარს დიდი ხნის მანძილზე სამეცნიერო საზოგადოება ყურადღებას არ აქცევდა და მეცნიერის ან მისი ნამუშევარი მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ დაფასდა. ასეთი ისტორიის ყველაზე ნათელი მაგალითია ჩემთვის უსაყვარლესი ბიოლოგი — ლინ მარგულისი და მისი სიმბიოგენეზის თეორია.

ლინ მარგულისი საკმაოდ საინტერესო პერსონაჟი იყო. მას მოიხსენიბდნენ როგორც “მეცნიერების აჯანყებულ დედას” ან “სეპარატისტ მეცნიერს”. ამას თავის მიზეზები აქვს.

მარგულისი ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, როცა მან დაწერა თეორიული ნაშრომი "მიტოზური უჯრედის დასაბამი," სადაც მან განავითარა თეორია, რომ მრავალუჯრედიანი სიცოცხლე და მათი ორგანელები მეტწილად პროკარიოტების ანუ ერთუჯრედიანი ორგანიზმების კოოპერაციის შედეგად ჩამოყალიბდნენ. სანამ გავავრცობდე მარგულისის თეორიას, ღირს მიმოვიხილოთ ცნებები, რომლებიც ამ აბზაცში ვახსენე.

უჯრედი, მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის უმარტივესი ერთეულია, როგორც ამას სკოლაში გვასწავლიდან, საკმაოდ რთული აღნაგობისაა. მრავალნაირი უჯრედი არსებობს იმის მიხედვით თუ სად მდებარეობს ან რა ფუნქციას ასრულებს ის. მაგრამ უჯრედების უმეტესობას ერთი საერთო მახასიათებელი აქვთ — ორგანელები.

ორგანელები დაახლოებით იგივეა უჯრედისთვის, რაც ჩვენთვის ორგანოები. მაგალითად, მიტოქონდრია ენერგიას წარმოქმნის, რათა უჯრედმა გააგრძელოს ფუნქციონირება და შეინარჩუნოს სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი თვისებები. ენდოპლაზმური ბადე ცილებს, სიცოცხლის სამშენებლო ბლოკებს, ფორმას და თვისებებს სძენს, რომლებიც ჩვენს სხეულებს და უჯდერდებს მკვდარი ქსოვილის აღდგენაში, ახალი ბიოლოგიური "ნაგებობების" შექმნაში და სხვა მნიშვნელოვან საკითხებშიე ხმარება.

მთლიანი უჯრედის მიმოხილვით თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ იმასღა დავძენ, რომ ერთი უჯრედი არანაკლებ რთული აგებულებისაა, ვიდრე მთელი ერთი ორგანიზმი.

ახალგაზრდა ლინ მარგულისი ლაბორატორიაში

ახალგაზრდა ლინ მარგულისი ლაბორატორიაში

მარგულისი დაინტერესდა საიდან აღმოჩნდნენ ეს ორგანელები ჩვენს უჯრედებში, რომელთა გარეშეც სიცოცხლეს ვერ შევძლებდით.

ლინ მარგულისის აზრით, უჯრედების ორგანელები, თავის დროზე დამოუკიდებელი ორგანიზმები იყვნენ, რომლებიც ოდესღაც სხვა უჯრედებში ჩასახლდნენ. მეორენაირად რომ ითქვას ლინ მარგულისის მტკიცებით, მიტოქონდრია ცხოველურ უჯრედში, ან ქლოროპლასტი მცენარის უჯრედში, მილიონობით წლების წინ აღმოჩნდა და ამან მრავალუჯრედიანი სიცოცხლის წარმოქმნა შესაძლებელი გახადა.

მოსაზრება, რომ მრავალუჯრედიანი სიცოცხლე მას შემდეგ წარმოიქმნა, რაც პატარა ბაქტერიები ერთმანეთში ჩასახლდნენ, მიუღებელი აღმოჩნდა იმდროინდელი მეცნიერებისთვის. მარგულისმა თავისი სტატიის გამოქვეყნება 1967 წელს ათობით ჟურნალში სცადა, ბოლოს სტატია თეორიული ბიოლოგიის ჟურნალში დაიბეჭდა.

გამოქვეყნების მიუხედავად, მარგულისის თეორია ათწლეულების მანძილზე ზოგი მეცნიერისთვის დასაცინიც კი იყო. თუმცა 1978 წელს, მარგულისის სტატიის გამოქვეყნებიდან 12 წლის შემდეგ, რობერტ შვარცმა და მარგარეტ დეიჰოფმა ჩაატარეს პირველი ექსპერიმენტი, რომელმაც მარგულისის თეორია მეტნაკლებად დაადასტურა.

მარგულისის აზრით, საბუთი იმისა, რომ მიტოქონდრია და ქლოროპლასტი ოდესღაც დამოუკიდებელი ბაქტერიები იყვნენ, გარდა იმისა, რომ ლოგიკურად მომდინარეობდა ევოლუციის თეორიიდან, ასევე იმალებოდა მათ დნმ-შიც.

მოგეხსენებათ, ორი სახეობის "განსხვავებულობის" დადგენის ყველაზე სანდო მეთოდი გენეტიკური ტესტირებაა. შესაბამისად, თუ მიტოქონდრია ჩვენ უჯრედში ოდესღაც სხვა დამოუკიდებელი ორგანიზმი იყო, მისი დნმ მნიშვნელოვნად იქნებოდა განსხვავებული ბირთვული დნმ-ისგან.

უჯრედის ბირთვში დნმ ჩვენ შესახებ ინფორმაციას ინახავს, თუმცა როგორც 60-იანებში გაირკვა, მიტოქონდრიას და ქლოროპლასტს თავიანთი დნმ-ები ჰქონდათ. ეს კი მარგულისის მიერ იყო ნაწინასწარმეტყველები, რაც დეიჰოფის და შვარცის ექსპერიმენტით დადასტურდა კიდეც.

მოგვიანებით მარგულისის თეორია იმ ფაქტმა გაამყარა, რომ მიტოქონდრიის და ქლოროპლასტის დნმ-ები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან უჯრედის ბირთვული დნმ-ისგან.

80-იანებში მარგულისის თეორია საყოველთაოდ აღიარებული გახდა და მისი სწავლება სკოლებშიც დაიწყო.

ეუკარიოტული უჯრედის განივკვეთი. ფოტოზე შეგიძლიათ დაინახოთ ბირთვი, მიტოქონდრიები და სხვა ორგანელები

ეუკარიოტული უჯრედის განივკვეთი. ფოტოზე შეგიძლიათ დაინახოთ ბირთვი, მიტოქონდრიები და სხვა ორგანელები

ფოტო: Robyn Schlicher, Robert Apkarian, Mark Baran.

იმის საბუთი, რომ მიტოქონდრია და ქლოროპლასტები ბაქტერიული წარმოშობისანი არიან კიდევ მრავალია და მხოლოდ ზემოხსენებულით არ შემოიფარგლება. მიტოქონდრიის კედელი, რომელიც მას შემოსაზღვრავს, ფუნქციურად და ფენოტიპურად ძალიან გავს ბაქტერიულ კედელს. იგივენაირად პლასტიდები (მაგალითად, ქლოროპლასტი) აღნაგობით ძალიან ჰგვანან ბაქტერიებს. მაგალითად, ორივეს აქვთ რიბოსომები (სტრუქტურები, რომლებიც ქმნიან ცილებს).

მოკლედ რომ შევაჯამო, ჩემ მიერ ნახსენები ორგანელები უფრო მეტად გვანან დამოუკიდებელ ორგანიზმებს, ვიდრე ევკარიოტული უჯრედის სხვა ნაწილები.

მარგულისის თეორია ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ევოლუციურ ბიოლოგიაში, რადგან დადასტურდა, რომ სიმბიოზი ორგანიზმთა ევოლუციაში და ნიშანთვისებების აღმოცენებაში საკმაოდ დიდ როლს თამაშობს.

მიუხედავად იმისა, რომ ევოლუციის თეორია სამეცნიერო საზოგადოებაში საყოველთაოდ მიღებულია, არსებობს ძალიან ვრცელი დისკუსია იმის შესახებ თუ კონკრეტულად როგორ წარიმართება ის. ყველაზე გავრცელებული მოსაზრებით, რომელიც შეიძლება ითქვას პირველი აღმოცენდა, ახალი ნიშანთვისებების აღმოცენება ხდება ბუნებრივი გადარჩევის საფუძველზე.

რა იგულისხმება ამაში?

ლინ მარგულისის საპატივსაცემოდ მოხატული კედელი მასაჩუსეცის აჰმერსტის უნივესიტეტში, სადაც მარგულისი მოღვაწეობდა

ლინ მარგულისის საპატივსაცემოდ მოხატული კედელი მასაჩუსეცის აჰმერსტის უნივესიტეტში, სადაც მარგულისი მოღვაწეობდა

ფოტო: University of Massachusetts

მაგალითად, გარკვეული შემთხვევითი მუტაცია შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს, რაც ცხოველს ან რაიმე ორგანიზმს უპირატესობის მოპოვების და გადარჩენის საშუალებას აძლევს, შემდეგ კი შთამომავლობას სწორედ ამ მუტაციის მქონე ორგანიზმები დატოვებენ, რადგან დანარჩენი, მუტაციის არმქონე ორგანიზმები ან სხეულები გარემოს ვერ შეეგუებიან.

მიჩნეული იყო, რომ სწორედ ეს ფაქტორი — ბუნებრივი გადარჩევა იყო ევოლუციის მთავარი მამოძრავებელი ძალა. ამ პოზიციას ხშირად ნეო-დარვინისტულ ჰიპოთეზად მოიხსენიებენ. თუმცა ნეო-დარვინიზმს 1970-1980 წლებში ბევრი გამოჩენილი ბიოლოგი დაუპირისპირდა, მათ შორის პატივცემული ლინ მარგულისი.

ლინ მარგულისის სიმბიოგენეზის თეორია მოგვიანებით განივრცო და გახდა ენდოსიმბიოტური თეორიის ნაწილი. ამ მიდგომის მიხედვით, ნეო-დარვინისტული ჰიპოთეზა ამეტებს ბუნებრივი გადარჩევის როლს ევოლუციის სხვა ფაქტორებთან მიმართებაში და პრაქტიკულად უგულებელყოფს სიმბიოზისის შეტანილ წვლილს ევოლუციაში.

მარგულისის სიტყვებით, ნეო-დარვინიზმის ჰიპოთეზა და ნეოდარვინისტები ისტორიაში დარჩებოდნენ როგორც "მეოცე საუკუნის ანგლო-საქსონური ბიოლოგიის მცირე რელიგიური სექტა."

მიუხედავად იმისა, რომ ევოლუციური ბიოლოგიით დაინტერესებულთათვის, ევოლუცია ხშირად მწვავე კამათის საგანია და მეცნიერები თავიანთი კოლეგებისთვის უმოწყალო კრიტიკას იშვიათად იშურებენ, მეცნიერებს არ ერიდებათ ერთმანეთის წვლილის და პროფესიული საქმის დაფასება.

რიჩარდ დოკინსმა, ერთ-ერთმა წამყვანმა ნეო-დარვინისტმა შემდეგი კომენტარი გააკეთა მარგულისის დამსახურებაზე:

“მე ძალიან აღტაცებული ვარ ლინ მარგულისის გასაოცარი სიმამაცით და ნებისყოფით, რომელმაც ენდოსიმბიოზის თეორია არაპოპულარული იდეიდან ორთოდოქსულ თეორიად აქცია... ეს არის მეოცე საუკუნის ევოლუციური ბიოლოგიის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა”.

ლინ მარგულისი და ბილ კლინტონი

ლინ მარგულისი და ბილ კლინტონი

ფოტო: Paul Hosefos/The New York Times

ლინ მარგულისი მეცნიერული მიზანდასახულობის და სიჯიუტის ეტალონად იქცა.

მოგვიანებით, 1999 წელს, ბილ კლინტონმა, ის [მარგულისი] აშშ-ის მეცნიერების ეროვნული მედალით დააჯილდოვა. 2008 წელს კი ლონდონის ლინეს საზოგადოებამ მას დარვინ-ვოლასის მედალიც უბოძა.

მარგულისის შეუპოვრობა კარგი დემონსტრაციაა იმისა, რომ ხშირად მეცნიერება, რომელიც იდეურად წმინდად რაციონალური და პროგრესზე ორიენტირებული დისციპლინაა, შეიძლება დოგმატური და ახალი იდეებისადმი რეზისტენტული იყოს. ხანდახან მსგავსი ბარიერების გარღვევა მხოლოდ მრავალწლიანი მოთმინებით და თავდაჯერებულობით შეიძლება.

ლინ მარგულისი სიცოცხლის ბოლომდე მიკრობიოლოგიის და ევოლუციური ბიოლოგიის აქტიურ მკვლევარად დარჩა.