ლეიბორისტული პარტიის წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის მხარდასაჭერად თბილისის საქალაქო სასამართლოში გარემოვაჭრეები არიან მისულები. ჩხარტიშვილი პარლამენტის წინ აქციაზე დღეს, 3 იანვარს დააკავეს.

"აქ ვართ იმიტომ, რომ ლაშა ჩხარტიშვილს თანადგომას ვუცხადებთ. ლაშა მოვიდა ჩვენს დასაცავად თუ გვერდში დასადგომად და გავიგეთ რომ დააკავეს. მოვედით აქ", — ამბობს ტელეკომპანია ფორმულასთან ერთ-ერთი გარემოვაჭრე.

დღეს პარლამენტის წინ აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავდნენ, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. ისინი აპროტესტებდნენ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და დეკანოზის ძმის, თორნიკე მამალაძის კარვების ნაცვლად პარლამენტთან გასართობი სივრცის მოწყობას.

აქტივისტებს სურდათ 20 ივნისის აქციის დაშლის დროს დაშავებულთა ფოტოები და ბანერები ატრაქციენობზე დაეწყოთ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. სამართალდამცველებმა მათ ატრაქციონებთან მიახლოების შესაძლებლობაც არ მისცა. ლაშა ჩხარტიშვილი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.

31 დეკემბრის ღამეს მერიამ შვილმოკლული მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და პატიმრობაში მყოფი დეკანოზ მამალაძის ძმის კარვები აშალა და პარლამენტის წინ ზვიგენის გასაბერი ბატუტი დადგა. კარვების დაშლას ადგილზე დაპირისპირება მოჰყვა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ღამით 9 აქტივისტი დააკავა.

ამის შემდეგ მერიამ პირველი რესპუბლიკის მოედანზე მყოფ გარემოვაჭრეებს მოსთხოვა, რომ პარლამენტის წინ გადაენაცვლად, სადაც ვაჭრობისთვის სივრცეა მოწყობილი.

თბილისის მერიის განცხადებით, პირველი რესპუბლიკის მოედანი ქალაქის ცენტრი და ერთ-ერთი ტურისტული წერტილია და იქ უწესრიგობასა და ქაოსურ გარევაჭრობას არ დაუშვებენ. მერიის განმარტებითვე, იმ გარემოვაჭრეებს, რომლებსაც სურდათ ვაჭრობა პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ალტერნატივის სახით პარლამენტის წინ ტერიტორია შესთავაზეს.

"თბილისის მერია ყოველწლიურად, წინასაახალწლოდ განსაზღვრავს იმ ადგილებს, სადაც დროებით, ახალი წლის პერიოდში დაშვებულია გარევაჭრობა. წელსაც, გარევაჭრობისთვის გამოიყო რამდენიმე ადგილი, რომელთაგან ორზე — პირველი რესპუბლიკისა და ორბელიანის მოედნებზე გარევაჭრობა ნებადართული იყო მხოლოდ იმ კერძო პირებისა და კომპანიებისთვის, რომლებმაც წინასწარ გაიარეს მერიის მიერ გამოცხადებული რეგისტრაცია", — აცხადებენ მერიაში.