"დაუფიქრებელი", "ესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯი", — აშშ-ს საჰაერო შეტევის შედეგად ირანელი გენერლის სიკვდილს მსოფლიოში მკაცრი რეაქციები მოჰყვა. როგორც Euronews წერს, ირანი მომხდარს "საომარ მოქმედებად" აფასებს, ტვიტერზე კი უკვე ფართოდ გავრცელდა ჰეშტეგი #WorldWar3 და #WWIII.

თეირანის ქუჩებში ათასობით ირანელი გლოვობს გენერალ სოლეიმანს. აქციაზე შეკრებილებმა აშშ-ს დროშა დახიეს.

ფოტო: EPA

ფოტო: EPA

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა ტვიტერზე შეფასებისას "ტერორისტული აქტი" და სიტუაციის "სულელურად ესკალაცია" უწოდა მომხდარს. იგი აშშ-ს შედეგებით დაემუქრა.

"ეს მკვლელობა ირანელ ხალხს უფრო მეტად გააერთიანებს, ამერიკულ პოლიტიკას კი უფრო ნაკლებად ეფექტიანს წარმოაჩენს", — ამბობს ირანელი დიპლომატი.

ირანის ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ მოკლული გენერალი "მოწამედ" მოიხსენია და ამერიკას "მკაცრ შურისძიებას" დაპირდა. მან ირანში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.

რას ამბობენ შტატებში

დონალდ ტრამპმა მომხდარიდან დაახლოებით 12 საათის შემდეგ მოკლე კომენტარი დაწერა ტვიტერზე:

"ირანს ომი არასდროს მოუგია, მაგრამ მოლაპარაკებებში უკან არასდროს დაუხევია".

მანამდე, მან ამერიკის შეერთებული შტატების დროშის ფოტო გამოაქვეყნა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ამერიკულ მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ბაღდადში განხორციელებული საჰაერო შეტევა "გარდაუვალი შეტევის" ჩასაშლელად დაიგეგმა. მისი თქმით, დაგეგმილი ოპერაცია ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებ ამერიკელებს უქმნიდა საფრთხეს.

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი, ჯონ ბოლტონი ულოცავს ყველას ვინც სოლეიმანის განადგურების ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა. მან ტვიტერზე იმედი გამოთქვა, რომ ეს იქნება პირველი ნაბიჯი თეირანის რეჟიმის შესაცვლელად.

აშშ-ს ოპერაციას განცხადებით გამოეხმაურა პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი, ჯო ბაიდენი. იგი წერს, რომ სოლეიმანი იმსახურებდა პასუხისგებას ამერიკელი ჯარისკაცებისა და ათასობით უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილისთვის. მიუხედავად ამისა, ბაიდენი აღნიშნავს, რომ გენერლის წინააღმდეგ ჩატარებული სამხედრო ოპერაცია "ესკალაციისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია", რაც კიდევ უფრო წაახალისებს ირანელებს ამერიკაზე თავდასხმისკენ. მისი თქმით, ტრამპმა "ნაღმი ისროლა დაძაბულობის კერაში".

კიდევ ერთი დემოკრატი კანდიდატი, სენატორი ელიზაბედ უორენი "მკვლელს" უწოდებს სოლეიმანს, რომელმაც "ათასობით ადამიანი იმსხვერპლა". იგი ამატებს, რომ ტრამპის დაუფიქრებელი ნაბიჯი სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბავს ირანთან და გაზრდის დაღუპულთა რაოდენობას.

წარმომადგენმლობითი პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ამბობს, რომ შეტევა კონგრესთან შეუთანხმებელი იყო. 2019 წლის ივნისში პელოსი ამბობდა, რომ ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი არცერთი ოპერაცია არ უნდა განხორციელდეს კონგრესის თანხმობის გარეშე.

ევროპის რეაქცია

ევროპული ქვეყნებიდან გენერლის მკვლელობას პირველად საფრანგეთი გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, "ჩვენ უფრო საშიშ მსოფლიოს ვაღვიძებთ და სამხედრო ესკალაცია ყოველთვის საშიშია".

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის პრესსპიკერის განცხადებით, საჭიროა სიტუაციის დეესკალაცია. მისივე თქმით, ამერიკული შეტევა იყო იმ სამხედრო პროვოკაციებზე პასუხი, რასაც ირანი აკეთებდა.

ბრიტანეთის მთავრობა ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ სიტუაციის გაუარესება არავის ინტერესშია.

საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა ირანში მყოფი თავიანთი მოქალაქეები გააფრთხილა, მოერიდონ ნებისმიერ თავშეყრის ადგილს უახლოესი სამი დღის განმავლობაში. მათ, ასევე, რეკომენდაცია გასცეს, გონივრულად იმოქმედონ, განსაკუთრებით, მოგზაურობისას.
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს მოსალოდნელი ძალადობის თავიდან ასარიდებლად, დაუყოვნებლივ დატოვონ ბაღდადი.

რუსეთის პასუხი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო გენერლის მკვლელობა. უწყების პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ფეისბუქის გვერდზე დაწერა, რომ გენერლის მოკვლით შტატებს რეგიონში ძალთა ბალანსის შეცვლა უნდა:

"ეს მხოლოდ დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევს, რაც მილიონობით ადამიანს შეეხება".

რუსმა დეპუტატმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიდან, ლეონიდ სლუცკიმ კი თქვა, რომ "ამერიკელებმა წითელი ხაზი გადაკვეთეს".

BBC-ის ცნობით, გენერალ სოლეიმანის სიკვდილის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა ნავთობის ფასი. ბარელი ნავთობის ფასი 4 პროცენტზე მეტით გაიზარდა და $69,50 შეადგინა. ეს სექტემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი ფასია. ირანი ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია.

რა მოხდა ბაღდადის აეროპორტში

ირანელი გენერალი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის, "ქუდსის ძალების" ლიდერი, ყასემ სოლეიმანი 3 იანვარს გამთენიისას ბაღდადის აეროპორტში მოკლეს. საჰაერო დარტყმისას გენერალი სოლეიმანი მანქანით მიჰყავდათ სამხედროებს აეროპორტის ტერიტორიაზე.

გენერალი სოლეიმანი ირანის რეჟიმის მთავარი ფიგურა იყო. მის "ქუდსის ძალებს" აშშ ტერორისტებად მოიაზრებდა, რომელბიც ასობით ამერიკელის სიკვდილზე იყვნენ პასუხისმგებელი.

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, სოლეიმანი აქტიურად გეგმავდა ერაყში და მთელ რეგიონში ამერიკელ დიპლომატებზე თავდასხმას.

პენტაგონის წარმომადგენელის განცხადებით, ეს იყო პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებით ჩატარებული ოპერაცია.