რუსთავში 35 წლის კაცის განზრახ მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი, მეექვსე პირი დააკავეს. პოლიციამ იგი თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. 1983 წელს დაბადებული ძებნილი პირი, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია. მის მიმართ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტებზე, სსკ-ის 143-ე და 109-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მკვლელობა 2019 წლის ოქტომბერში მოხდა. ამ საქმეზე 5 პირი, მათ შორის პოლიციის თანამშრომლებია დაკავებული — ორი შსს-ს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომელი, ხოლო ერთი ყოფილი სამართალდამცველი.

შსს-ს ინფორმაციით, ორმა მათგანმა, წარსულში დაპირისპირებისა და შურისძიების მოტივით, კაცის მკვლელობა დაგეგმა. გამოძიების ცნობით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა გარდაცვლილი კუთვნილ მანქანაში ჩაისვა და ვითომ შემთხვევით, მანქანით მოძრაობის დროს პოლიციის ფორმაში მყოფ სამ პირს შეხვდნენ. მათივე ინფორმაციით, მათ მოკლულს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ჩაიყვანეს რუსთავში და გადასცეს ამ საქმეზე ბრალდებულ სხვა ორ პირს.

"აღნიშნულმა პირებმა ის ჩაიყვანეს მტკვრის ნაპირზე და ცივი იარაღით მიაყენეს მრავლობითი დაზიანება. კვალის დამალვის მიზნით, გარდაცვლილის ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდეს. მისი ცხედარი 5 ოქტომბერს, რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე მტკვარმა გამორიყა", — აღნიშნავენ შსს-ში.