ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, პეტრე ცაავა ამბობს, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას პატრიარქი ილია მეორე აფერხებს. სინოდიდან გაძევებულმა მეუფემ ამაზე TV პირველის ეთერში ისაუბრა. პეტრე ცაავას თქმით, რუსეთის ეკლესიის ოფიციალურ წარმომადგენელს პატრიარქთან აქვს ფარული შეთანხმება:

"ისინი უკანონოდ, მაგრამ მოქმედებენ აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიაზე, ანუ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე... პატრიარქს ამ შეკითხვისთვის არ გაუცია პასუხი. ვერც გასცემს, ალბათ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მე მის გულწრფელობაში კარგა ხანია ეჭვი მეპარება. ჩვენ ვხედავთ, რამდენად ერთპიროვნულად მართავს პატრიარქი ეკლესიას. მთავარი პრინციპი ეკლესიაში კრებსითობისა დარღვეულია. ეს გამოჩნდა ჩემ მიმართ მის მიერ შურისძიებით გამოტანილ გადაწყვეტილებაში".

სინოდის სხდომის განჩინებით, პეტრე ცაავას აეკრძალა მღვდელმოქმედება, გათავისუფლდა სინოდის წევრობიდან და ჭყონდიდის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან და "მოსანანიებლად" მონასტერში იქნა გამწესებული. მეუფე პეტრე შეიომღვიმეში წასვლაზე უარი განაცხადა.

უკრაინის ეკლესია საქართველოს მხარდაჭერის მოლოდინში

6 იანვარს სტამბოლში წმინდა გიორგის ტაძარში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს ტომოსი ანუ ბრძანება გადასცა. ამით, უკრაინის ეკლესია ოფიციალურად გამოეყო რუსეთის ეკლესიას და ფორმალურად გაფორმდა ოქტომბერში მიღწეული შეთანხმება, ავტოკეფალიის მინიჭებაზე. პასუხად რუსეთის საპატრიარქომ განაცხადა, რომ მსოფლიო პატრიარქს ლოცვებში აღარ მოიხსენიებს.

კიევის პატრიარქმა, ფილარეტმა ჯერ კიდევ სექტემბერში, ავტოკეფალიის მინიჭებაზე შეთანხმების მიღწევამდე განაცხადა, რომ საქართველოს მხარდაჭერას ელოდება. "საქართველოს ეკლესიას უნდა ახსოვდეს თავისი ისტორია", — აღნიშნა მან.

თუმცა, საქართველოს საპატრიარქომ პოზიციის დაფიქსირებას თავის შეკავება არჩია. ამის მიზეზად კი ის დაასახელა, რომ კანონიკური სამართლის ნორმებზე დაფუძნებული თითოეული მხარის ოფიციალურ და საბოლოო პოზიციას ელოდებოდა. მაშინ პატრიარქის მდივანმა, მიქაელ ბოტკოველმა აღნიშნა, რომ საკითხზე სინოდის სხდომაზე იმსჯელებდნენ. თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ ოკუპაციის პირობებში კონსტანტინოპოლის ეკლესიის უპირობო მხარდაჭერა არასწორი იქნებოდა.

ავტოკეფალიის საკითხზე იშვიათად საუბრობდა თავად პატრიარქი ილია მეორეც. ერთ-ერთი ქადაგებისას მან იმედი გამოთქვა, რომ კონსტანტინოპოლისა და რუსეთის პატრიარქები გამონახავდნენ საერთო ენას და "მწუხარება სიხარულად გარდაიქცეოდა".

მას შემდეგ რაც უკრაინის ავტოკეფალია ოფიციალურად გამოფრმდა, ახალქალაქისა და კუმორდის მიტროპოლიტმა აღიარების პროცესის გაწელვის მიზეზად ის დაასახელა, რომ ტომოსი არ წაუკითხავთ.

მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარემ, მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა ერთ-ერთ ინტერვიუში იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რაც საქართველოს ეკლესიას უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში ელოდებოდა. საქართველოს საპატრიარქოში განაცხადეს, რომ ილარიონის განცხადება ორაზროვანია და მუქარის შინაარსი აქვს. მათი თქმით, ცდილობნენ გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით არ მიეღოთ.

20 თებერვალს ილია მეორე უკრაინის ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო განყოფილების ხელმძღვანელს, ბორისპოლისა და ბროვარსკის მიტროპოლიტ ანტონს და მის თანმხლებ პირებს შეხვდნენ. როგორც საპატრიარქო განაცხადეს, ეს არაფორმალური შეხვედრა იყო და მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლებმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია გააცნეს.