გასულ ათწლეულში ტელევიზიის ინდუსტრიაში უამრავი ცვლილების მოწმე გავხდით — შესაძლოა, უფრო მეტისაც, ვიდრე სხვა ნებისმიერ დეკადაში. ჩვენ კვირაში ერთი სერიის ყურებიდან ღამეში ერთი სეზონის ყურებამდე მივედით; ვნახეთ, როგორ გადაიქცა ნეტფლიქსი, ციფრული ვიდეო დისკების გამქირავებელი ერთი უბრალო სერვისი, მსოფლიოს უდიდეს სთრიმინგის პლატფორმად; და სოციალური მედიის პოპულარობის ზრდასთან ერთად, ვიპოვეთ ჩვენ-ჩვენი პატარა სივრცეები, სადაც შევძლებდით, განვეგხილა ყველა ის სერიალი, რომელიც გვიყვარს, გვეზიზღება ან რომლითაც შეპყრობილი ვართ. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ დეკადის 8 უმნიშვნელოვანეს ტრენდს.

1. პრესტიჟული ტელევიზია სერიების გადაბმულად ყურებამ ჩაანაცვლა

ყველაზე მეტად ალბათ შეიცვალა ის, თუ როგორ ვუყურებთ სატელევიზიო პროგრამებს. 2010-ში ამერიკისა და დასავლეთ ევროპის აუდიტორია გადაცემებს ჯერ კიდევ ერთდროულად უყურებდა. ისეთმა პრესტიჟულმა ამერიკულმა საკაბელო ქსელებმა, როგორიც არის HBO, AMC, Showtime და FX, კულტურის ამ სფეროს მონოპოლიზება სოპრანოს კლანისა და მოსმენის ტიპის გავლენიანი სერიალებით მოახდინეს. გაერთიანებულ სამეფოში კი 2010-იან წლებშიც დაუნტონის სააბატო, ლუთერი, შერლოკი და სხვა მსგავსად პოპულარული სერიალები უფრო მეტად კვლავ არასატელიტური ანტენით გადაიცემოდა.

ყველაფერი 2012 წელს შეიცვალა, როცა ნიშური კომედია, ლილიჰამერი პირველი ორიგინალური სერიალი გახდა, რომელიც სთრიმინგის პლატფორმად გადაკეთებულმა ნეტფლიქსმა დაუკვეთა და, ამგვარად, რევოლუციაც დაიწყო. ნეტფლიქსის გადაწყვეტილებამ, ეწარმოებინა საკუთარი ორიგინალური კონტენტი — და, შედეგად, ბანქოს სახლისა და ნარინჯისფერი ახალი შავიას მსგავსი ჰიტები შექმნა — ტელევიზიის ყურების წესი შეცვალა. ეს დიდწილად იმ ერთი მარტივი გადაწყვეტილების დამსახურება იყო, რომელზე დაყრდნობითაც ყველა ეპიზოდი ხელმისწავდომი ერთდროულად გახდა.

კადრი სერიალიდან, House of Cards.

ფოტო: Alamy

ნეტფლიქსმა თავის მაყურებელს ხელის გულზე გადაუშალა მთელი სამყარო — დღესდღეობით იგი გვთავაზობს ყველაფერს, დაწყებული კორეული დრამებიდან, დამთავრებული გერმანული ჰორორით. თუმცა, ამავდროულად, მან შოუების მიწოდების ფორმატი მეტად დანაწევრებულიც გახადა. მაშინ, როდესაც ოდესღაც ტელევიზიის ყურება სოციალური მოვლენა იყო, რადგან ჩვენ ნანახს მეორე დღეს სამსახურში და მეგობრებთან განვიხილავდით, ახლა ეს გამოცდილება უფრო ფრაგმენტირებულია. ჩვენ ვუყურებთ ჭარბად, თუმცა, უფრო და უფრო მეტად, ჩვენ ვუყურებთ მარტონი.

2. ანტიგმირობა ტოქსიკური გახდა

პრესტიჟული საკაბელო ტელევიზიის ერა ანტიგმირების ეპოქაც იყო. დონ დრეიფერით დაწყებული, უოლტერ უაითით, ტონი სოპრანოთი, ჯიმი მაკნალთით, ვიკ მაქეითა და ჯექს ტელერით დასრულებული, სატელევიზიო დრამები სავსე იყო სახიფათო, გულჩათხრობილი, რთული კაცი გმირებით, რომლებიც ხშირად სჩადიოდნენ ცუდ საქმეებს, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდნენ, სიკეთეს მომსახურებოდნენ.

თუმცა ათწლეულის სვლასთან ერთად იცვლებოდა ეკრანზე გამოჩენილ კაც პროტაგონისტთა ტიპიც: ალფა მამრების რაოდენობა მცირდებოდა, ხოლო მასკულინური ნორმები სულ უფრო ხდებოდა ანალიზისა და კრიტიკის საგანი. მაგალითად ავიღოთ შარშანდელი სერიალი პირადი მცველი, რომელიც ერთდროულად ჩამთრევი თრილერიცაა და მასკულინურ დაუცველობაზე მახვილგონივრულ კომენტარსაც აკეთებს. მთავარი გმირი, დეივიდ ბადი, რომელსაც რიჩარდ მადენი განასახიერებს, არ არის ჯეიმსბონდურად მაგარი ბიჭი. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს იცავს, ის, ამავდროულად, ვეტერანი ჯარისკაცია, რომელიც პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას ებრძვის და სიამაყის გამო დახმარების თხოვნა უჭირს.

კადრი სერიალიდან, Bodyguard.

ფოტო: BBC / World Productions / Sophie Mutevelian

ეს ტრენდი 2019 წლის ორ ყველაზე საინტერესო დრამაში, მემკვიდრეობა და ტოპ ბიჭი, გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ მათში განსხვავებული სოციალური გარემოებია აღწერილი, — პირველი მანჰეტენის ცათამბჯენებს შორისაა გადაღებული, ხოლო მეორე აღმოსავლეთ ლონდონის ქუჩებში, — ორივემ შეძლო, დეტალურად გაეანალიზებინა მასკულინობა ძალაუფლების წყაროს მუდმივი ცვალებადობის გათვალისწინებითა და ისეთი სიუჟეტების წარმოდგენით, სადაც სტერეოტიპული სისუსტე, შეიძლება, ძლიერი მხარე გახდეს, ხოლო მოგება იმ ჯილდოს მიღებას სულაც არ ნიშნავდეს, რომელიც თავდაპირველად იყო სასურველ მიზნად წარმოდგენილი.

ამ მხრივ ტოპ ბიჭში მნიშვნელოვანი მომენტი იყო, როდესაც პროტაგონისტმა, ცხოვრებით მრავალგზის იმედგაცრუებულმა სალიმ თავის ბავშვობის მეგობარს, სერიალის მეტად სტერეოტიპულად ანტიგმირ პერსონაჟ დუშეინს, დასასრულს ეს სიტყვები უთხრა: "მხოლოდ ის, რომ არ წავაგეთ, არ ნიშნავს, რომ მოვიგეთ". ეს იყო აღიარება, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ტონი სოპრანოსეული უკომპრომისო შეუვალობისგან; იგი გვთავაზობს მასკულინობის ახალ მოდელს, რომელშიც წარუმატებლობისთვის თვალებში ჩახედვა და მარცხის აღიარება ფასობს.

3. ქალი სცენარისტების ხმა მეტად მკაფიოდ გაისმა

ანტიგმირების სიკვდილთან ერთად გაიზარდა ქალების როლი შოუთა წარმოებაში; ისინი ისეთი მრავალფეროვანი სერიალების უკან იდგნენ, როგორებიცაა ნარინჯისფერი ახალი შავია, სკანდალი, გამვჭვირვალე და არარეალური. ამ უკანასკნელის შემქმნელი, შონდა რაიმსი, მოგივანებით ABC-ის არხზე საპატიო საღამოთი დააჯილდოვეს, რომლის განმავლობაშიც მხოლოდ Shondaland-ის, მისი საპროდიუსერო კომპანიის მიერ შექმნილი შოუები გადიოდა ეთერში.

კადრი სერიალიდან, Happy Valley.

ფოტო: Alamy

გამორჩეულია სალი უეინვრაითიც, რომელმაც კრიმინალურ სერიალებში რევოლუცია თავისი ბედნიერი ხეობით მოახდინა, მოგვიანებით კი ვიქტორიანული სტილის დრამით, ჯენტლმენი ჯეკი, მოგვევლინა; სარა ფელპსმა აგათა კრისტის შემოქმედებას ახალი სული შთაბერა; ლიზ ფლეჰაივისა და კარლი მენშის სერიალმა, ბრწყინვალება, ქალთა ვრესლინგის სამყაროს ხალისი და შავი იუმორი შეჰმატა; ელისონ ნიუმენისა და მოირა ბაფინის სერიალმა, მეძავები, ისტორიული დრამა გაამრავალფეროვნა. ამავდროულად, გაერთიანებულ სამეფოში მარნი დიკენსმა სერიალით ცამეტი გატაცებულ გოგოზე ტროპი დააყენა თავდაყირა; ამ წელს კი სერიალში, გამორჩენის მაძიებელი, ამჯერად დიდი ასკავოვანი სხვაობის მქონე კაცისა და ქალის ურთიერთობებზე აგებული სიუჟეტური გადაწყვეტის დეკონსტრუქცია მოახდინა. სულ ახლახანს სიუზანა გრანტის მიერ შექმნილმა ნეტფლიქსის სერიალმა, დაუჯერებელი რამ, დაამტკიცა, რომ ქალის პერსპექტივით დანახული გაუპატიურებისა და ძალადობის ისტორია ბევრად განსხვავებული და გაცილებით რელევანტურია.

4. მასებზე გათვლილი სიტკომები წარსულს ჩაბარდა

კადრი სერიალიდან, The Big Bang Theory.

ფოტო: Alamy

2016 წელს, როდესაც ბრიტანელ სცენარისტს, სტეფან გოლაჟევსკის კომედიის, დედიკოს იდეა მოუვიდა თავში, მან მხოლოდ რამდენიმე რამ იცოდა დანამდვილებით: შოუ ძველებური სიტკომის სტილის იქნებოდა, სიცილის ჩანაწერისა და დამსწრე აუდიტორიის გამოკლებით; მას მხოლოდ ერთ ლოკაციაზე გადაიღებდნენ; ის ერთფრაზიანი ხუმრობებით იქნებოდა გაჯერებული და მსახიობები, თავდაპირველად მაინც, ზედაპირულ პერსონაჟებს ითამაშებდნენ. თუმცა, ამასთან, შოუ მეთოდურად გამოიკვლევდა თავად ჟანრს, სტერეოტიპების ფენებს მოაშორებდა გმირებს და ამ ფენების ქვეშ ინდივიდებს დაგვანახებდა. ეს ნამდვილად ჭკვიანური იდეა იყო, თუმცა, დიდი ალბათობით, შოუმ წარმატებას იმიტომ მიაღწია, რომ მისი გამოსვლა მასებზე გათვლილი სიტკომების თანდათანობით კვდომის პერიოდს დაემთხვა. ოდესღაც სატელევიზიო სივრცეში წამყვანი პოზიცია სწორედ სიტკომებს ეკავათ, რომელთა ყურებაც საღამოს განტვირთვასთან ასოცირდებოდა. დღეს კი ისინი სულ უფრო იშვიათად ჩნდებიან ეკრანებზე.

მართალია, ათწლეულის დასაწყისში ამერიკული ტელევიზია სავსე იყო ამ ჟანრის უმარავი ვარიაციით — იქნებოდა ეს ორნახევარი კაცი, როგორ შევხვდი დედათქვენს, 2 ხელმოცარული გოგო თუ ახალი გოგო. მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ წლის დამდეგს სერიალი დიდი აფეთქების თეორია დასრულდა, დღეისათვის 2009 წელს დაწყებული თანამედროვე ოჯახი, ფაქტობრივად, ბოლო ჭეშმარიტი მასობრივი სიტკომია. შემდეგ წელს ისიც რომ დასრულდება, მის ადგილას გასაოცრად დიდი სიცარიელე დარჩება.

5. საავტორო კომედიები აღზევდნენ

ტრადიციული სიტკომების გავლენა კი შესუსტდა, მაგრამ მათი ადგილი ინდივიდუალური სტილის მქონე კომიკოსების ხედვებმა დაიკავეს.

კადრი სერიალიდან, Fleabag.

ფოტო: Alamy

ლინა დანემი, როგორც მისმა პერსონაჟმა, ჰანა ჰორვათმა თქვა, "თაობის ხმა" გახდა. მისი სერიალი გოგოები თამამად შეიძლება, მთხრობელთა ახალი ტალღის ავანგარდში ჩავწეროთ. ბროდ სითის სექსუალობის თავისუფლად წარმომჩენი ქალებიდან დაწყებული, დონალდ გლოვერის ჭკვიანური და ბნელი ატლანტას წინააღმდეგობრივი კაცებით დამთავრებული, ამერიკულმა კომედიამ მრავალფეროვან ისტორიებს გაუღო კარი. ამ მხრივ ასევე აღნიშვნის ღირსია პამელა ადლერის უკეთესი რამეები, იზა რეის საკუთარ თავში დაურწმუნებელი, რეიჩელ ბლუმის შეშლილი ყოფილი შეყვარებული, მინდი კელინგის მინდის პროექტი, ტიგ ნოტაროს ერთი მისისიპი და რემი იუსეფის ახლახანს გამოსული რემი.

გაერთიანებულ სამეფოში მიქელა ქოული, დეიზი მეი, ჩარლი კუპერი და, რა თქმა უნდა, ფიბი უოლერ-ბრიჯი იმსახურებენ განსაკუთრებულ შექებას სატელევიზიო კომედიის უნიკალური ინტერპრეტაციისათვის. უოლერ-ბრიჯი ემის მფლობელი ფლიბეგის დამსახურებით გახდა და დღეისთვის ის კომედიის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანია. თუმცა დეკადის მთავარი კომედიური ხმა უდავოდ შერონ ჰორგანს ეკუთვნის, რომელმაც მოღვაწეობა ნაადრევად გაუქმებული და სათანადოდ დაუფასებელი კომედიის, მიწოლა, ავტორობით დაიწყო და საბოლოოდ ისეთი ჰიტები აჩუქა აუდიტორიას, როგორიცაა კატასტროფა, განქორწინება და დედასამშობლო.

6. ბუნებაზე შემქნილი მაუწყებლობა დასერიოზულდა

ოდესღაც იყო დრო, როდესაც ზუსტად იცოდი, ბუნებაზე გადაღებული გადაცემებისაგან რა მოლოდინი უნდა გქონოდა. ეს იყო მსუბუქი საყურებელი; ისეთი რაღაც, რაზეც გონებას დასასვენებლად გადართავდი, რადგან იცოდი, რომ მასში ნეგატიურსა და ზედმეტად ჩამაფიქრებელს ვერაფერს წააწყდებოდი. თუმცა ეს ასე აღარაა. ბუნებაზე შექმნილმა გადაცემებმა თანდათან ბრჭყალები და ეშვები გამოაჩინეს: მინდორში მოთამაშე და ხეებს შორის მფრინავი ცხოველების ჩვენებასთან ერთად ისინი სერიოზულ პრობლმებსაც ეხებიან.

კადრი დოკუმენტური სერიალიდან, Seven Worlds, One planet.

ფოტო: BBC Studios / Fredi Devas / PA

დიდი ალბათობით, გასული ათწლეულის განმავლობაში ეს ყველაზე რადიკალურად შეცვლილი სატელევიზიო ჟანრია, რომელიც განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში გადასხვაფერდა. თუ ადრე ეს პროგრამები, უბრალოდ, ცხოველების ბუნებრივ გარემოში ჩვენებაზე ფოკუსირდებოდნენ, ახლა ისინი ჩვენი გარდაუვალი დაღუპვის შესახებ გვაფრთხილებენ. ეს გასაგებიცაა, კლიმატის ცვლილება თანამედროვეობის ყველაზე დიდი პრობლემაა და ბუნებაზე პროგრამები ამას გვერდს ვერ აუვლიან. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ვეტერანი ნატურალისტის, დევიდ ატენბოროს უახლესი დოკუმენტური სერიალიც, შვიდი სამყარო, ერთი პლანეტა, გლობალური დონის განადგურებაზე — პოლარული ყინულის დნობაზე, ნაგვით გადატენილ ზღვებსა და ამაზონის ტყის მასობრივ ჭრაზე გვესაუბრება.

7. სამეფო კარის თამაშების დასრულებამ ეპოქასაც დაუსვა წერტილი

თუ მოგვთხოვდნენ, დაგვესახელებინა ერთი შოუ, რომელმაც მოახერხა ამ ძალზედ ფრაგმენტირებული დეკადის დომინირება, ჩვენი პასუხი აუცილებლად HBO-ს მეგაპოპულარული ფენტეზი იქნებოდა. 2011 წლიდან დაწყებული და წელს დამთავრებული სამეფო კარის თამაშები პოპკულტურის ჭეშმარიტი ფენომენი იყო — მის შესახებ ფილმებში, წიგნებში და სხვა სატელევიზიო შოუებში საუბრობდნენ; მას რეპერები აანალიზებდნენ; ის პრეზიდენტებს უყვარდათ. იგი იმდენად ყოვლისმომცველი და გავრცელებული იყო, რომ მათაც, ვისაც ერთი სერიაც კი არასოდეს ენახათ, ხალისიზე, "წითელ ქორწილზე" და იმაზე შეეძლოთ ხუმრობა, თუ როგორ არაფერი იცის ჯონ სნოუმ.

კადრი სერიალიდან, Game of Thrones.

ფოტო: HBO

სამეფო კარის თამაშების გავლენა კვლავ იგრძნობა ფენტეზის ჟანრის ბოლოდროინდელ და ჯერ კიდევ გადაღების პროცესში მყოფ მრავალ სერიალზე — იქნება ეს კარგი ნიშნები, ნეტფლიქსის მხედვარი თუ ბეჭდების მბრძანებლის ამაზონისეული მაღალბიუჯეტიანი ეკრანიზაცია.

თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე მათგანი მსგავსი წარმატების მიღწევას მოახერხებს. პრესტიჟული საკაბელო ტელევიზიისა და სთრიმინგის ერებს შორის გარდამავალ პერიოდში შექმნილი სამეფო კარის თამაშები, შეიძლება, "ყოველკვირეული ტელევიზიის" ეპოქის უკანასკნელ შოუდ ჩაითვალოს. მის ეპიზოდებს გამოსვლისთანავე, ყველა ერთდროულად უყურებდა. მის შემდეგ გამოსულ შოუებსაც, რა თქმა უნდა, ეყოლება მაყურებელი, თუმცაღა საეჭვოა, რომ მათ იგივენაირი გამოხმაურება მოჰყვეს.

8. მასებისათვის განკუთვნილი სერიალები ნიშურმა ტელევიზიამ დაჯაბნა

დღევანდელი მდგომარეობით, უამრავი შოუსა და პლატფორმის დამსახურებით, სატელევიზიო ლანდშაფტი ძალიან დანაწევრებულია. იმგვარი კოლექტიური კულტურული გამოცდილებები, რომლებმაც თავის დროზე ტელევიზია ასეთი გავლენიანი გახადა, მომავალში კიდევ უფრო შემცირდება. თუმცა ეს მაინცდამაინც ცუდი არაა. შოუების რაოდენობის გაზრდის შედეგად ჩვენ მოთხრობილ ისტორიათა დიდი არჩევანი მივიღეთ.

კადრი სერიალიდან, Pose.

ფოტო: Alamy

კონსერვატიული ტრადიციებისაგან გათავისუფლებული ტელევიზია მეტად ინკლუზიური გახდა და სპეციფიკური თემატიკის შოუებს შედარებით ზოგად აუდიტორიაზე გათვლილი ჰიტების გვერდით არსებობის საშუალება მიეცათ. დღეისათვის სტანდარტულპრობლემებიანი კრიმინალური დრამები, რომლებიც ცდილობენ, ყველას სურვილს მოერგონ, თავდაპირველ ხედვასა და, შესაბამისად, იდენტობას სრულიად კარგავენ. მათ პარალელურად კი იქმნებიან ისეთი უნიკალური სერიალები, როგორებიცაა პოზა, ტკბილი/მანკიერი, წყეული სამყაროს დასასრული, მთავრობა, ტოპ ბიჭი და მრავალი სხვა.

ნიშურმა ტელევიზიამ შემოქმედებითი ხედვა უმნიშვნელოვანესი გახადა. ახლა, როცა შესაძლებელია, ნებისმიერ შოუს ჩვენთვის ხელსაყრელ დროს და იმ ტემპით ვუყუროთ, რომელიც მოგვეპრიანება, სერიალის შემქმნელები ბედავენ, რომ რისკებზე წავიდნენ და ისტორიის დაშტამპულ თხრობას გადაუხვიონ. ადრე ჩვენ ვუყურებდით იმას, რასაც გვანახებდნენ; დღეს კი თითოეული ჩვენგანისთვის შესაფერისი სერიალი მუდამ ხელმისაწვდომია.