თურქეთის პარლამენტმა ლიბიაში ჯარის განლაგების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, რითაც თურქეთსა და ლიბიას შორის სამხედრო თანამშრომლობა უფრო გაფართოვდება.

ალჯაზირას ინფორმაციით, აღნიშნულ კანონპროექტს მხარი მხოლოდ პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პარტიამ დაუჭირა, რომელსაც საპარლამენტო უმრვალესობა აქვს. ყველა ოპოზციური პარტია კი კანონპროექტის წინააღმდეგი იყო.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა თურქეთის პარლამენტს ლიბიაში სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნის თხოვნით წინა კვირას მიმართა. ტრიპოლში მიმდინარე მოვლენების გამო თურქეთის პარლამენტმა ზამთრის არდადეგები შეწყვიტა.

2011 წელს, ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის ჩამოგდების შემდეგ ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყანაში ძალაუფლების გადანაწილებისთვის იბრძვიან. ქვეყნის დასავლეთს, სადაც დედაქალაქი ტრიპოლი მდებარეობს, საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა მართავს. აღმოსავლეთ ნაწილს გენერალი ხალიფა ჰაფთარი აკონტროლებს, რომელსაც ტრიპოლის დაკავება სურს. თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჰაფთარის მხარდასაჭერად რუსეთიდან კერძო სამხედრო კომპანიის მებრძოლები ჩადიან, რასაც ანკარა არ შეეგუება.