ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, გრაამ ბრუკი საქართველოში პროსახელისუფლებო და ანტიოპოზიციური გვერდების დახურვას ეხმაურება და ამბობს, საქართველოში მონიტორინგს საარჩევნო წელსაც გააგრძელებენ.

გრაამ ბრიუკი ტვიტერზე წერს, რომ ინტერნეტში დეზინფორმაციის გამოვლენა უწყვეტი პროცესია და საქართველოში ანგარიშები ალბათ მომავალშიც დაიბლოკება.

Facebook-ის მიერ გაუქმებული ანგარიშების დიდ ნაწილს — 261 ანგარიშს DFRLab იკვლევდა. როგორც ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორია აცხადებს, გვერდები უმეტესად ქართულ აუდიტორიაზე მუშაობდნენ და ავრცელებდნენ ისეთ სოციო-პოლიტიკურ კონტენტს, რომელიც საზოგადოების პოლარიზაციას უწყობდა ხელს, თავს ესხმოდა ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას და საქართველოს დასავლელი პარტნიორების, კონკრეტულად კი ამერიკის შეერთებული შტატების დისკრედიტაციას ეწეოდა.

"ამ გვერდების შინაარსმა და ქცევამ DFRLab დაარწმუნა, რომ ეს გვერდები კოორდინირებულად მუშაობდნენ, აძლიერებდნენ ერთმანეთს და, დიდი ალბათობით, ერთსა და იმავე პიროვნებების მიერ იმართებოდნენ. ამ გვერდების შინაარსი ექსკლუზიურად პროსახელისუფლებო და ანტიოპოზიციური იყო", — წერს გრაამ ბრიუკი.

მისი თქმით, ლაბორატორია ღია წყაროებს იკვლევს და გამოძიებისთვის იმ მასალებს იყენებს, რაზე წვდომაც აუდიტორიას აქვს.

წაშლილ გვერდებს შორის იყო რელიგიაზე, "სენსაციურ" სიახლეებზე და მიმებზე ორიენტირებული გვერდები. მათი გამომწერების რიცხვი კი 400-დან 11 000-მდე მერყეობდა. გვერდები ცდილობდნენ თავი ონლაინმედია პლატფორმებად მოეჩვენებინათ (Daily Info, NewsHub.ge, TodayNews.ge, OnTime.ge და ასე შემდეგ), თუმცა ამ სახელების შესაბამისი გამოცემები ინტერნეტში არ იძებნებოდა.

გაიგეთ მეტი:

ფეისბუქმა საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული ასობით გვერდი წაშალა;

პროსახელისუფლებო გვერდების რეკლამირებაში თითქმის $316 ათასი დაიხარჯა — Facebook.