გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, გორში ზვიგენებიანი ბატუტი დიდი ხანია დგას და კახი კალაძისგან განსხვავებით მის ჩაფუშვას არ აპირებენ.

კონსტანტინე თავზარაშვილმა On.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბატუტი გორში დაახლოებით ერთი კვირის წინ, კერძო კომპანიამ დადგა. მისი თქმით, ბავშვები მშობლებთან ერთად "მშვენივრად ერთობიან" და სოციალურად დაუცველები ატრაქციონებით უფასოდ ისარგებლებენ, ამიტომ არ აპირებენ ზვიგენებიანი ბატუტი აიღონ.

კახი კალაძისგან განსხვავებით გორის მერიაში ზვიგენებიან ბატუტს არც ვიზუალს უწუნებებენ. თბილისში კი პარლამენტის წინ დადგმული ბატუტი პირადად მერის გადაწყვეტილებით აიღეს. მერიაში ამბობენ, რომ ვიზუალი მათთან შეთანხმებული არ იყო და ის მიუღებელი აღმოჩნდა.

თბილისის მერიის სპეციალურმა სამსახურებმა პარლამენტის წინ გასაბერი ზვიგენებიანი ბატუტი მას შემდეგ დადგეს, რაც ტერიტორია მორეცხეს და კარვები აიღეს. დღეს დილით კი ბატუტი ჩაფუშეს და ახალი კონსტრუქციების განთავსება დაიწყეს.

გვიან ღამით კარვების დაშლის გარდა რუსთაველის გამზირიდან წაიღეს აქციებისთვის საჭირო ატრიბუტიკა — დროშები, "გახარიას ბიუსტი" და ბანერები. კარვების დაშლას ადგილზე დაპირისპირება მოჰყვა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ღამით 9 აქტივისტი დააკავა. ცხრავე აქტივისტის სასამართლო პროცესი იანვრამდე გადაიდო. აქტივისტებმა განვითარებული მოვლენების შემდეგ 31 დეკემბერს, 10 საათზე მალხაზ მაჩალიკაშვილისა და თორნიკე მამალაძის მხარდასაჭერად აქცია დაგეგმეს.

თბილისის მერიამ კარვების აყრა საახალწლოდ, 2018 წელსაც სცადა. მაშინ რუსთაველის გამზირზე აქციებს ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ატარებდნენ. სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგობის შემდეგ თბილისის მერიამ კარვების აყრა ვერ შეძლო, რუსთაველზე კი უფრო მეტი კარავი გაიშალა. მერიას მოუწია საახალწლო ღონისძიებები პირველი რესპუბლიკის მოედანზე გადაეტანა.

გაიგეთ მეტი პარლამენტთან მიმდინარე დაპირისპირებაზე: