ევროპული საქართველოს დეპუტატი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ქართული ოცნება ნორმალურად ცუდ საქმესაც ვერ აკეთებს. ეს შეფასება მან მთავარ არხთან პარლამენტის წინ დადგმული ბატუტის ჩაფუშვაზე საუბრისას გააკეთა.

"ეს არი სახე, ამათ დააგვირგვინეს ეს წელი კიდევ ერთხელ შეგვახსენეს რა ტიპის ხელისფულება არის. რაც მთავარია, დღეს დილით ყველამ გავიღვიძეთ და ის რაღაც მოგონილი სათამაშო ჩაფუშულია. ეს არის მართლაც ამათი სახე, იმასაც ვერ აკეთებენ, რაც დაგეგმილი აქვთ, ცუდსაც ვერ აკეთებენ ნორმალურად. რაც არ უნდა იფაფხურონ მათი უკანონო გეგმები ჩაიფუშება და მოუწევთ არჩევნების გზით ხელისუფლებიდან წასვლა", — თქვა ელენე ხოშტარიამ.

გვიან ღამით, პარლამენტის წინ ტერტორიის მორეცხვისა და კარვების აყრის შემდეგ მერიის სპეციალურმა სამსახურებმა ბატუტი და სხვა კონსტრუქციები განალაგეს. დღეს დილით ბატუტი ჩაიფუშა.

პარლამენტის წინ ტერიტორია 31 დეკემბერს, დაახლოებით, ღამის პირველის ნახევარზე გაწმინდეს. კარვების გარდა, რუსთაველის გამზირზე იყო აქციებისთვის საჭირო ატრიბუტიკა — დროშები, "გახარიას ბიუსტი" და ბანერები. კარვების დაშლას ადგილზე დაპირისპირება მოჰყვა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ღამით 9 აქტივისტი დააკავა.უწყების განცხადებით, დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

მოძრაობა #სირცხვილიას ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან აქტივისტები: ზუკა ბერძენიშვილი ბექა კოკაია, ნოდარ რუხაძე, ბექა ბასილია, ზურა მჟავანაძე და გიორგი მუმლაძე. აქტივისტებმა განვითარებული მოვლენების შემდეგ 31 დეკემბერს, 10 საათზე მალხაზ მაჩალიკაშვილისა და თორნიკე მამალაძის მხარდასაჭერად აქცია დაგეგმეს.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა მოქალაქეებს სთხოვა, ნუ მიიყვანდნენ ბავშვებს იქ, სადაც შვილის მკვლელის სახელის გარკვევას უკვე მესამე წელია ითხოვს.

თბილისის მერიამ კარვების აყრა საახალწლოდ, 2018 წელსაც სცადა. მაშინ რუსთაველის გამზირზე აქციებს ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ატარებდნენ. სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგობის შემდეგ თბილისის მერიამ კარვების აყრა ვერ შეძლო, რუსთაველზე კი უფრო მეტი კარავი გაიშალა. მერიას მოუწია საახალწლო ღონისძიებები პირველი რესპუბლიკის მოედანზე გადაეტანა.

გაიგეთ მეტი პარლამენტთან მიმდინარე დაპირისპირებაზე: