პარლამენტის წინ კარვები აყარეს და ტერიტორია წყლის მანქანებით გაწმინდეს. გაწმენდითი სამუშაოები 31 დეკემბერს, დაახლოებით, ღამის პირველის ნახევარზე დაიწყო.

საკანონმდებლო ორგანოსთან კარვები და საპროტესტო ატრიბუტიკა რამდენიმე თვეა არის განლაგებული. აქ ერთ წელზე მეტია დგას პანკისის სპეცოპერაციის დროს დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და დადეკანოზ მამალაძის ოჯახის წევრების კარვები.

კარვები თბილსერვისს გადაჰქონდა. ერთ-ერთ მათგანზე დეპუტატი ელენე ხოშტარია ავიდა და ხელის შეშლა სცადა.

ფოტო: კადრები ვიდეოდან / მთავარი არხი

ამჟამად რუსთაველის გამზირზე რამდენიმე აქტივისტია მისული. მოძრაობა #სირცხვილიას წევრი, ნოდარ რუხაძე ამბობს, რომ აქციები მაინც გაგრძელდება.

თბილისის მერიამ კარვების აყრა საახალწლოდ 2018 წელსაც სცადა. მაშინ რუსთაველის გამზირზე აქციებს ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ატარებდნენ. სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგობის შემდეგ თბილისის მერიამ კარვების აყრა ვერ შეძლო, რუსთველზე კი უფრო მეტი კარავი გაიშალა. მერიას მოუწია საახალწლო ღონისძიებები პირველი რესპუბლიკის მოედანზე გადაეტანა.