უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა თქვა, რომ თვენახევრის განმავლობაში ოსი მოსახლეობა უგზავნიდა საჭმელს. დღეს, 28 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ ამ ფაქტის გამო ე.წ. სასამართლო სხდომაზე, საბოლოოს სიტყვაში მადლობა გადაუხადა ოს ხალხს და ბოდიში მოუხადა "მის გამო შეწუხებისთვის".

"ოსურ გაზეთებში შეიძლება გავრცელდეს, თითქოს, მე სასამართლოზე მოვინანიე ჩემი დანაშაული. მე მინდა გითხრათ, რომ დუმილის უფლებას ვიყენებდი სასამართლო სხდომაზე. საბოლოო სიტყვაში არ შემეძლო არ გამომეხატა მადლიერება ოსი მოსახლეობის წინაშე. თვენახევარი მე ვიყავი ამ მოსახლეობისგან შემოსული გზავნილების ხარჯზე. ციხის საჭმელი მე იქ არ მიჭამია. ჩემ სახელზე შემოდიოდა ეს გზავნილები და მათ მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო, რომ ჩემ გამო შეწუხდნენ და დიდი ბოდიში მოვუხადო, რომ ისინი ჩემ გამო შეაწუხეს. იგივე სიტყვები ვთქვი იქ და იქაურმა მედიამ, შეიძლება, თავიანთი ინტერპრეტაცია მისცეს", — თქვა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

დღეს, 28 დეკემბერს 48-დღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა გაათავისუფლეს. ექიმი უკვე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა ოჯახთან ერთად.

ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს კასპის რაიონში დააკავეს. ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ავადმყოფი ქალის დასახმარებლად გადავიდა, რომელიც თბილისში სამკურნალოდ ვერ ჩამოდიოდა. ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 60 წლის ქალი ჭაში ჩავარდა და დაზიანებები მიიღო, თუმცა თბილისში ვერ გადაიყვანეს, რადგან საოკუპაციო რეჟიმს ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტილი ჰქონდა.

საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. დე ფაქტო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის კვეთას არ აღიარებს და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზეა.

საოკუპაციო რეჟიმს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა და აშშ-ს მთავრობამ.