"დიდი მადლობა ყველას, თქვენი თამადობით, ვინც მე მხარს მიჭერდა, გვერდში მედგა და მომცა საშუალება, რომ ეს თვენახევარი გამეძლო", — უთხრა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებს უკვე თბილისში, სახლში მისვლისას.

მედიასთან კომენტარისას მან აღნიშნა, რომ ცხინვალის ციხეში არ ჰქონდა საშუალება თვალი ედევნებინა საქართველოში მიმდინარე მოვლენებისთვის:

"სამწუხაროდ, დიდი ინფორმაცია არ მქონდა... გზაში რაც მითხრა ჩემმა მეუღლემ... ორჯერ მქონდა მხოლოდ, თუ ერთხელ საშუალება, რომ მენახა ქართული არხი იქ".

დღეს, 28 დეკემბერს 48-დღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა გაათავისუფლეს. ექიმი უკვე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა ოჯახთან ერთად.

ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს კასპის რაიონში დააკავეს. ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ავადმყოფი ქალის დასახმარებლად გადავიდა, რომელიც თბილისში სამკურნალოდ ვერ ჩამოდიოდა. ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 60 წლის ქალი ჭაში ჩავარდა და დაზიანებები მიიღო, თუმცა თბილისში ვერ გადაიყვანეს, რადგან საოკუპაციო რეჟიმს ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტილი ჰქონდა.

საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. დე ფაქტო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის კვეთას არ აღიარებს და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზეა.

საოკუპაციო რეჟიმს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა და აშშ-ს მთავრობამ.