48-დღიანი პატიმრობის შემდეგ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

"საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლებულია. ამჟამად იგი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება", — წერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

ადგილობრივი სახელისუფლებო მედიის ინფორმაციით, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა.

ექიმი საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს კასპის რაიონში დააკავეს. ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ავადმყოფი ქალის დასახმარებლად გადავიდა, რომელიც თბილისში სამკურნალოდ ვერ ჩამოდიოდა. ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 60 წლის ქალი ჭაში ჩავარდა და დაზიანებები მიიღო, თუმცა თბილისში ვერ გადაიყვანეს, რადგან საოკუპაციო რეჟიმს ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტილი ჰქონდა.

საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. დე ფაქტო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის კვეთას არ აღიარებს და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზეა.

საოკუპაციო რეჟიმს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა და აშშ-ს მთავრობამ.