უმრავლესობის ყოფილი წევრი და დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია კორუფციაშ მის დადანაშაულებაზე სოფო კილაძესა და გია აბაშიძეს პასუხობს და ამბობს, რომ ისინი ქართული ოცნების "ტროლების როლში" არიან.

ბესელიას თქმით, როდესაც სოფო კილაძემ მის წინააღმდეგ საუბარი უმრავლესობის სხდომაზე გადაწყვიტა, ბიძინა ივანიშვილმა გააჩერა და უთხრა, რომ "სისულეებს" ლაპარაკობდა.

"ბიძინა ივანიშვილმა იმ სხდომაზე მარტო კი არ გააჩერა და უთხრა სისულელეებს ლაპარაკობო, თავისმა კოლეგებმაც დასცინეს. უთხრეს, რომ ეს იყო ნაციონალური მოძრაობის ნარატივი. რა ნარატივითაც ისინი საუბრობდნენ წლების განმავლობაში, ზუსტად იმ სიტყვებით დაიწყო ჩემ წინააღმდეგ ლაპარაკი და არც კი დააცადეს საუბარი. როდესაც აღარ არის: ტროლები, ბოტები, გაუქმდა ყალბი გვერდები, ახლა მათ როლში გამოჩნდნენ: აბაშიძეები, კილაძეები... ეს არის ახლა მათი ახალი როლი, რომ შეავსონ ის დანაკლისი, რაც ამ გაუქმებული ყალბი გვერდების შემდეგ შეექმნა ქართულ ოცნებას", — განაცხადა ეკე ბესელიამ.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ფიქრობს, რომ ეკა ბესელიას კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით პროკურატურას გამოძიება აქამდეც უნდა დაეწყო. კილაძე ასე გამოეხმაურა ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ექსპერტის, გია აბაშიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმაზე, რომ ბესელიას კორუფციულ საქმიანობაზე პროკურატურაში გამოძიებაა დაწყებული.