ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ფიქრობს, რომ ეკა ბესელიას კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით პროკურატურას გამოძიება აქამდეც უნდა დაეწყო. კილაძე ასე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმაზე, რომ ბესელიას კორუფციულ საქმიანობაზე პროკურატურაში გამოძიებაა დაწყებული.

კილაძის თქმით, ბესელიასთან დაკავშირებით კითხების დასმა მას უმრავლესობის ერთ-ერთ სხდომაზე სურდა, თუმცა ბიძინა ივანიშვილის თხოვნით, მან კითხვები აღარ დასვა.

"მე როცა გავხდი ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაშინ ის კითხვის ნიშნები, რომელიც იყო საზოგადოებაში ამ ქალბატონის მიმართ მის შესაძლო კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო გამიმრავლდა. ჩვენ უმრავლესობის ერთ-ერთ სხდომაზე, რომელსაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა და მას მიჰყავდა ეს სხდომა, მე მოვითხოვე კონკრეტულ კითხვებზე პასუხების გაცემა ქალბატონი ეკა ბესელიასგან. რაზეც მას თავად ჰქონდა ძალიან ნეგატიური რეაქცია და მოაწყო ის გარკვეული სცენები. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მთხოვა მე, რომ შემეჩერებინა ამ კითხვების დასმა, იმიტომ, რომ არ გამწვავებულიყო სიტუაცია კიდევ უფრო მეტად. იმის შემდეგ ფაქტობრივად რეაგირება არ ყოფილა ამაზე", — განაცხადა კილაძემ.