ყველა დანაშაულისთვის არსებობს სასჯელი, თუმცა ხშირად ხდება ისე, რომ როცა ადამიანი სასჯელს მოიხდის საზოგადოება მაინც აგრძელებს მის "დასჯას", გაკიცხვას, რიყავს საკუთარ წევრს და არ აძლევს საშუალებას, რომ ცხოვრება გააგრძელოს.

ის ბარიერები, რაც ყოფილ მსჯავრდებულებსა და პრობაციონერებს საზოგადოებაში ხვდებათ, ხელს უშლის მათ, რომ ჰქონდეთ სამუშაო, ისწავლონ, განვითარდნენ და საზოგადოებაში სრულფასოვანი როლი ჰქონდეთ.

ფოტო: ASB Georgia

კამპანია გზა საზოგადოებისკენ, რომელიც გერმანულმა საერთაშორისო კომპანია ASB-მ და ფროდაქშენ კომპანია Milkyway-მ ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყეს, მიზნად ისახავდა კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას. ჩვენ კი ვეცდებით ამ სტატიაში სამწლიანი მუშაობის შედეგები შევაჯამოთ.

ცვლილებები იწყება შენით

პროექტის ფარგლებში 900-ზე მეტი ბენეფიციარი იყო მობილიზებული, 500-მდე ადამიანს ჩაუტარდა ბიო-ფსიქო-სოციალური შეფასება, 450-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო ფსიქოლოგიური კონსულტაცია, 350-მა ბენეფიციარმა გაიარა ტრენინგი სამუშაოს მოძიების სოციალურ უნარებზე (#16 და #5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულების ჩათვლით), 170-ზე მეტი ადამიანი დაესწრო ტრენინგს ბიზნეს უნარების განვითარებაზე, 80-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა სტაჟირება 25 სხვადასხვა პროფესიაში. გარდა ამისა, 70 მსჯავრდებული დაესწრო პროფესიული სწავლების 5 კურსს #16 და #5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებებში და დღეს პატიმრები დიდი წარმატებით ყიდიან ნივთებს, რომელთა დამზადებაც პროექტის ფარგლებში ჩატარებული სახელობო კურსების შემდეგ ისწავლეს. #16 პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე, დაფუძნდა სოციალური საწარმო — ფრილანსერი, სადაც პატიმრები არიან დასაქმებულნი და სხვადასხვა სახის IT მომსახურებას სთავაზობენ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ასევე, დაფინანსდა ერთი ინდივიდუალური საწარმო #16 პენიტენციურ დაწესებულებაში. დაარსდა 7 სოციალური საწარმო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სადაც 40-მდე ყოფილი პატიმარი და პრობაციონერია დასაქმებული.

პროექტმა იმუშავა თბილისში, ასევე, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში.

ფოტო: ASB Georgia

ASB-ის შესახებ

ორგანიზაცია ASB-ს საქართველოში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. პირველად მან ჩვენს ქვეყანაში საქმიანობა 1992 წელს დაიწყო, როდესაც ქვეყანაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. იმ დროისთვის ASB-ის მთავარი მიზანი ჰუმანიტარული დახმარების გაწევა იყო. 1997 წელს სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ კი ASB-მ თავისი წარმომადგენლობა საქართველოდან გაიწვია.

დადგინდა, რომ საუკეთესო გამოცდილების ევროპის ქვეყნებში რეაბილიტაციის პროცესი თავისუფლების აღკვეთისთანავე იწყება. პატიმრები მაქსიმალურად ინარჩუნებენ კონტაქტს ოჯახთან და საზოგადოებასთან.

საქართველოში ASB მეორედ 2010 წელს დაბრუნდა. ამჯერად მისი მთავარი მიზანი უკვე ის აქტივობები იყო, რომლებიც შეამცირებდა კატასტროფის რისკებს. სოციალური სერვისების განვითარება, იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება და საქართველოს სამარიტელთა ასოციაციის გაძლიერება მის მთავარ ამოცანებად იქცა.

დღეს ASB ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებით მუშაობს და თანამშრომლობს როგორც ქართულ ისე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

რაც შეეხება კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების მხარდასაჭერად შექმნილ პროექტს — განათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად - სამწლიანი მუშაობის განმავლობაში პროგრამით უამრავ ადამიანს გაუუმჯობესდა ცხოვრება.

ირაკლი ქუთაისიდან

ირაკლი ციხიდან 2012 წელს გამოვიდა და იქ გატარებული 4 წლის შემდეგ გადაწყვიტა, რომ სწავლას დაბრუნებოდა. დღეს ის საკუთარ ფეხსაცმლის სამკერვალოში მუშაობს. ისწავლა, როგორ ხდება ფეხსაცმლის დამზადება, მოდელის შექმნა, ზომების აღება და სუპინატორების შემქნა. პროექტის ფარგლებში მას ორთოპედიული ფეხსაცმლის დასამზადებლად საჭირო აპარატი აჩუქეს. აპარატი აჩვენებს, ზუსტად რა საყრდენ წერტილებს იყენებს ტერფი, რა პრობლემა აქვს ადამიანს და როგორი ფეხსაცმელი იქნებოდა მისთვის კომფორტული.

"აქ მოხვედრამ ჩემში შეცვალა ის, რომ უფრო მეტად თავდაჯერებული გავხდი, რომ მართლაც შემიძლია ამ საქმეს ვემსახურო თავიდან ბოლომდე. ფეხსაცმლის შექმნა, სურათიდან გადმოტანა გამზადება და შემდეგ დამზადება, თვითონ ზედაპირიდან დაწყებული ძირის მიწებებამდე", — ამბობს ირაკლი.

საამქროში მის გარდა კიდევ 6 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის ერთი ყოფილი მსჯავრდებულია.

იოსები ქარელიდან

იოსებმა ციხეში საკმაოდ დიდი დრო გაატარა. ის რუსეთშია ნასამართლევი და იქ ციხეში 14 წელი გაატარა, 3,5 წელი კი ქართულ ციხეში იჯდა. ციხიდან გამოვიდა თუ არა, მალევე ოჯახი შექმნა და დადგა იმ ფაქტის წინაშე, რომ დასაქმება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. პროექტის ფარგლებში მას ASB საქართველოსა და ევროკავშირისგან თანამედროვე წისქვილი გადაეცა, რომელიც ქარელის რაიონ სოფელ დირბში საუკეთესოა.

"გამოდიხარ ციხიდან, ზიხარ, ხალხს ელაპარაკები, ან ხალხი გგონია, რომ გაგიჟდა ან შენ თავზე ფიქრობ, რომ გაგიჟებული ხარ. ძალიან ძნელია რომ შეეგუო, ერთი-ორი თვე მაინც გჭირდება. სადაც არ უნდა მისულიყავი ადრე, გინდა სამუშაოზე, გინდაც სხვა რამეზე, როცა გაიგებდნენ, რომ ნასამართლევი იყავი უკვე ლაპარაკი ზედმეტი იყო. ადრე რომ ყოფილიყო ასეთი პროექტები, უფრო ბევრს მივაღწევდი. ჯერ ერთი, თავს მართლა ადამიანად გრძნობ, ვიღაც შეწუხდა შენი გულისთვის და დაგეხმარნენ", — ამბობს იოსები.

მისი ახალი წისქვილი საათში მინიმუმ 300 კილოგრამ ხორბალს ფქვავს, სუფთად და ხარისხიანად. სოფელში ეს ერთადერთი წისქვილია და იოსების ოჯახისთვის შემოსავლის წყაროც.

პაატა ბათუმიდან

ყოფილი პატიმარი და პრობაციონერი პაატა ბათუმიდანაა. მან კამპანია გზა საზოგადოებისკენ ფარგლებში ხელობა შეისწავლა, დურგლისთვის საჭირო ხელსაწყოები მიიღო და ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე მუშაობდა.

"2014 წლის 26 მარტს დამაკავეს, ექვსი წელი მომისაჯეს, ორი პირობითი, ზუსტად სამი წელი გავატარე საპატიმროში. პრობაციაში ვიყავი მისული, ახალი გამოსული ვიყავი ციხიდან და იქ მითხრეს, რომ არის ასეთი პროექტი. ყველანაირი ტრენინგები გავიარე და მოხდა ისე, რომ დამაფინანსეს. აქ ჩემ გარდა კიდევ 2-3 პრობაციონერია, ამ სამსახურს არ აქვს გართულება, შეიძლება ბევრს ჰქონდეს, მაგრამ აქ არ მიგრძვნია, რომ პრობაციონერი ვარ", — ყვება პაატა.

ლევანი წალენჯიხიდან

კიდევ ერთი პრობაციონერი, რომელმაც პროგრამით ისარგებლა, ლევანია. მას არაერთი დასაქმების მცდელობა ჰქონდა, თუმცა მისი წარსული ყველა შემთხვევაში დაბრკოლება აღმოჩნდა. პროექტის ფარგლებში მას ASB საქართველოსგან და ევროკავშირისგან ხელის ტრაქტორი გადაეცა, რის შემდეგაც სოფლის მეურნეობაში გააგრძელა მუშაობა.

"ჩემთვის როგორც ადამიანისათვის, როგოც ერთი მოქალაქისთვის, როგორც ერთი პრობაციონერისთვის, ეს არის იმედის ნაპერწკალი, იმედის სხივი, რომ მე შემიძლია ვიყო იმ საზოგადოებაში, რომელ საზოგადოებაშიც წლების განმვალობაში გახლდით, მიცხოვრია და ჩვეულებრივად ვგრძნობდი თავს ამ საზოგადოების წევრად, სანამ შემექმნებოდა აღნიშნული პრობლემები", — ამბობს ლევანი.

მას წალენჯიხაში ხეხილის ბაღები და ყანა აქვს, რომელსაც უკვე საკუთარი ტრაქტორით ამუშავებს და ოჯახისთვის შემოსავალიც მოაქვს.

რა თქმა უნდა, ყოფილი მსჯავრდებულებისა და პრობაციონერებისთვის უმნიშვნელოვანესია კერძო სექტორი, რომელიც ამ ადამიანებს ხელს არ კრავს და რეალური დასაქმების შანსს მისცემს. კამპანიამ ამ ფაქტორზეც იზრუნა და არაერთ მსხვილ ბიზნეს პარტნიორთან ითანამშრომლა. ბიზნეს კომპანიები მიიჩნევენ, რომ ადამიანებს ყოველთვის უნდა მივცეთ მეორე შანსი. ცვლილებები რომ შენით იწყება ამ სლოგანს ისეთი კომპანიები უერთდებიან როგორებიც არიან: ანაკლიის კონსორციუმი, Tbilisi open air, BTL საქართველო, სამშენებლო კომპანია ანაგი, Wissol group, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ასე შემდეგ.

რას ამბობენ კვლევები რესოციალიზაციაზე

გუნდმა პროექტის განათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად ფარგლებში საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევებიც ჩაატარა. საერთაშორისო კვლევის თემა იყო კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციის საერთაშორისო გამოცდილება.

დადგინდა, რომ საუკეთესო გამოცდილების ევროპის ქვეყნებში რეაბილიტაციის პროცესი თავისუფლების აღკვეთისთანავე იწყება. პატიმრები მაქსიმალურად ინარჩუნებენ კონტაქტს ოჯახთან და საზოგადოებასთან. მსჯავრებულებს შეუძლიათ მიიღონ პროფესიული განათლება და მათი დასაქმება ანაზღაურებადია. მსგავს პროგრამებში ჩართვა თითქმის სამჯერ ამცირებს განმეორებითი დანაშაულის მაჩვენებელს. ეს მონაცემები შეგიძლიათ ამ კვლევაში ნახოთ.

რაც შეეხება ადგილობრივ კვლევებს, პატიმრებისთვის დასაქმება ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა, ყოფილ პატიმრებსა და პრობაციონერებს კი პროფესიული განათლების მისაღებად ხანგრძლივი პროცედურების გავლა უწევთ, რის გამოც მათი დიდი ნაწილი ინტერესს კარგავს სწავლის მიმართ. ასევე საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მოსამართლეები და პროკურორები არ არიან საკმარისად ინფორმირებულნი სარეაბილიტაციო და ფსიქო-სოციალური პროგრამების შესახებ. საქართველოში კი არ არსებობს რეაბილიტაცია/რესოციალიზაციის საერთო ბაზა, რომელიც მოიცავს უახლეს ინფორმაციას ორივე სექტორში მიმდინარე და წარსულში არსებული პროგრამების შესახებ.

ორგანიზაცია ASB აქტიურად განაგრძობს საქართველოში მუშაობას.