დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის მოსახლეობასთან შეხვედრამ კრიტიკის ფონზე ჩაიარა. დე ფაქტო პრეზიდენტის ულტიმატუმების გამო ახალგორელებმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს, თუმცა მანამდე ბიბილოვს თავის მართლება და იმის მოსმენა უწევდა, რომ ხალხს პასპორტების ჩაბარებაც კი უღირთ, თუ გზა არ გაიხსნება. შეხვედრის აუდიოჩანაწერს ეხოკავკაზა ავრცელებს.

"მე და ჩემი ქმარი სოფელში ვცხოვრობთ. მე ონკოლოგიური პაციენტი ვარ, მეორე სტადია მაქვს. ქმარს კი გულის პრობლემები აქვს. საით წავიდე, რას მირჩევთ? ცხინვალში არ არის ამ დონის მომსახურება, რაც მჭირდება, არც ლენინგორში. უკვე სამჯერ მომწერეს კლინიკიდან, რომ შემოწმებაზე მივიდე.

მითხარით, როგორ არ გრცხვენიათ ჩვენთვის ახალი წლის მოლოცვა. როგორ არ გრცხვენიათ, რომ ამ მდგომარეობაში მყოფ ხალხს ახალი წელი მიულოცოთ", — იკითხა ახალგორის მაცხოვრებელმა.

ბიბილოვმა პასუხად განაცხადა, რომ არ რცხვენია და მოქალაქის გადასაწყვეტია მიიღებს თუ არა ამ მილოცვას. გარდა ამისა, მან ჩაკეტილ გამშვებ პუქნტებზე პასუხისმგებლობა ისევ და ისევ საქართველოს ხელისუფლებას დააკისრა.

ამავე შეხვედრაზე ბიბილოვს არაერთმა ადამიანმა დაუსვა შეკითხვა იმაზე, თუ როგორ უნდა ეცხოვრათ, როცა დე ფაქტო რესპუბლიკაში დასაქმებულები არ არიან და საქართველოში პენსიის ასაღებად ვერ გადადიან. ერთ-ერთმა მოქალაქემ მას სთხოვა, რომ ვინაიდან მათ კონტროლირებად ტერიტორიას სხვანაირად ვერ ტოვებდა და არც თავის რჩენის საშუალება ჰქონდა, პასპორტში დეპორტი ჩაერტყათ და ისე მაინც მიეცათ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის უფლება.

ამაზე ბიბილოვმა განაცხადა, რომ გაცემული აქვს სპეციალური ბრძანება, რომელიც მალე შევა ძალაში და ადგილობრივები პენსიის ასაღებად გადასვლას და უკან დაბრუნებას შეძლებდნენ. თუმცა შეხვედრაზე ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ხალხი მზად იყო ოკუპირებული ტერიტორიიდან გასასვლელად პასპორტი დაეთმო. 77 წლის მოხუცმა დე ფაქტო პრეზიდენტს მიმართა და უთხრა, რო სამი შვილი ჰყავდა საქართველოში და მათ ნახვის შანსისთვის მზად იყო სამხრეთ ოსეთის პასპორტი დაეთმო. ეხო კავკაზას ინფორმაციით, მოქალაქე ეროვნებით ოსი იყო.

პასუხად ბიბილოვი ამტკიცებდა, რომ მისთვის ეს სიტყვები და ხალხის ტაში, რომელმაც ამ კაცს მხარი დაუჭირა, რთული მოსასმენია. თუმცა, პრეზიდენტი მას ჩაკეტილი გზის გახსნას არ დაჰპირდა და მოუწოდა, რომ სურვილის შემთხვევაში საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასულიყო საცხოვრებლად.

ბიბილოვმა ამ შეხვედრაზე ყურადღება სამოქალაქო აქტივისტ თამარა მეარაყიშვილსაც მიაქცია, რომელსაც პროკურატურა რამდენიმე წელია დევნის. მან მოუწოდა მეარაყიშვილს, რომ ახალგორელი კი არა "მთელი ოსეთის აქტივისტი" იყოს. ეს კი იმით განმარტა, რომ მეარაყიშვილი ხშირად ნიშნავს პოსტებზე, რომელთა შინაარსი ახალგორელების პრობლემებზეა, რაც გზის ჩაკეტვამ გამოიწვია. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი მოუწოდებდა წლობით შინაპატიმრობაში მყოფ აქტივისტს, რომ სხვა სოფლებში ჩასულიყო და იმ ხალხის პრობლემებს გაცნობოდა, ვისაც "ქართველი მესაზღვრეები აწუხებენ".

ჩაკეტილი გამშვები პუნქტები და ჰუმანიტარული კრიზისი ოკუპირებულ ტერიტორიაზე

ჩორჩანაში საგუშაგოს მშენებლობა ქართულ მხარესა და საოკუპაციო რეჟიმს შორის დაპირისპირების მიზეზი აგვისტოს ბოლოს გახდა. დე ფაქტო მთავრობა ამტკიცებდა, რომ ჩორჩანას ტერიტორია მათ მიერ ოკუპირებული სოფელ წნელისის შემადგენლობაში შედიოდა და პოლიციის საგუშაგოს დაშლას მოითხოვდა, რისთვისაც ქართულ მხარეს ულტიმატუმი წამოუყენა და რამდენიმე საათი მისცა. რუსეთმა მის მიერვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა.

ქართულმა მხარემ მოთხოვნები არ შეასრულა და საგუშაგო არ დაშალა. პასუხად, დე ფაქტო პრეზიდენტმა, ბიბილოვმა განაცხადა, რომ "ჰუმანიტარულ ოპერაციას" დაიწყებდნენ და ე.წ. საზღვარი ჩაკეტა, რამაც ოკუპირებულ რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.

მოსახლეობას რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღება არ შეეძლო და ვერც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიოდა. იმის გამო, რომ ე.წ.-მა მესაზღვრეებმა პაციენტი გამშვებ პუნქტზე არ გაატარეს, ის გარდაიცვალა.

პაციენტების დახმარების მიზნით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიპარა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც დააკავეს და ე.წ. საზღვრის არაღარების გამო 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.