დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი მათ მიერვე ჩაკეტილ გამშვებ პუნქტებზე პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს. ასე იმართლა მან თავი მოსახლეობასთან, რომელმაც გააკრიტიკა იმის გამო, რომ ოკუპირებულ რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისია.

"პირველი ნაბიჯი ჩვენ არ გადაგვიდგამს. თქვენ ყველამ კარგად იცით ეს. ჩვენ არც კი გვიფიქრია გზის ჩაკეტვა, ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ მას შემდეგ, რაც შეიარაღებული ხალხი გამოჩნდა ჩვენს ტერიტორიაზე", — ამბობდა ბიბილოვი.

ის ამტკიცებდა, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების "პროვოკაციული ქმედებების" შედეგია, რადგან თითქოსდა მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გახსნეს საგუშაგო. ბიბილოვის განცხადებებს კრიტიკა მოყვა და მოსახლეობის ნაწილმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.

ჩორჩანაში საგუშაგოს მშენებლობა ქართულ მხარესა და საოკუპაციო რეჟიმს შორის დაპირისპირების მიზეზი აგვისტოს ბოლოს გახდა. დე ფაქტო მთავრობა ამტკიცებდა, რომ ჩორჩანას ტერიტორია მათ მიერ ოკუპირებული სოფელ წნელისის შემადგენლობაში შედიოდა და პოლიციის საგუშაგოს დაშლას მოითხოვდა, რისთვისაც ქართულ მხარეს ულტიმატუმი წამოუყენა და რამდენიმე საათი მისცა. რუსეთმა მის მიერვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა.

ქართულმა მხარემ მოთხოვნები არ შეასრულა და საგუშაგო არ დაშალა. პასუხად, დე ფაქტო პრეზიდენტმა, ბიბილოვმა განაცხადა, რომ "ჰუმანიტარულ ოპერაციას" დაიწყებდნენ და ე.წ. საზღვარი ჩაკეტა, რამაც ოკუპირებულ რეგიონში კრიზისი გამოიწვია.

მოსახლეობა სამედიცინო მომსახურების მისაღებად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ გადმოდიოდა, შედეგად ერთი ადგილობრივი გარდაიცვალა. რამდენიმეთვიანი აკრძალვის შემდეგ საოკუპაციო რეჟიმმა გამონაკლისი დაუშვა მხოლოდ მძიმედ ავადმყოფი ახალგორელებისთვის.