სარეკლამო კომპანია პანდა, რომელიც ფეისბუქმა პროსახელისუფლებო ყალბი გვერდების მართვასთან დააკავშირა, ნაწილობრივ ადასტურებს ბრალდებას. იგი ხელისუფლების მსგავსი მესიჯებით იმართლებს თავს და ატლანტიკური საბჭოს კვლევას "მიკერძოებულს" უწოდებს, ხოლო მკვლევარ ეთო ბუზიაშვილს ნაციონალურ მოძრაობასთან, მთავარ არხთან და ტელეკომპანია ფორმულასთან აკავშირებს.

მათ მიერ გავრცელებულ ვიდეოში ნათქვამია, რომ ნაციონალური მოძრაობის მიმართ ფეისბუქში კრიტიკულები ნამდვილად იყვნენ. ამასთან, პანდას წევრი ამატებს, რომ ოპოზიციას არა "ქართული ოცნების სიყვარულით" არამედ "დიქტატურის დაბრუნების შიშის" გამო აკრიტიკებდნენ.

"დიახ, ჩვენ ჩვენს რესურსებში მართლაც ვაკრიტიკებდით ოპოზიციას, უფრო კონკრეტულად ნაციონალურ მოძრაობას", — ამბობს პანდას წევრი.

პანდა აცხადებს, რომ ისინი სოციალურ ქსელში ნამდვილად ფლობენ და აქირავებენ რესურსებს.

პანდას წევრი მედიის წინააღმდეგ ბრძოლას აანონსებს და აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა მთავარმა არხმა და ფორმულამ "ვეღარ შეძლონ ტყუილების გავრცელება".

20 დეკემბერს ფეისბუქმა ასეულობით გვერდი და ანგარიში დაბლოკა, რომელიც მათი განცხადებით, მმართველ გუნდთან იყვნენ კავშირში და დეზინფორმაციას ავრცელებდნენ. ფეისბუქის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამჟამად უკვე წაშლილი გვერდები მმართველ ძალასთან, ქართულ ოცნებასთან იყვნენ დაკავშირებულები, თუმცა თავს პარტიებად, მედიებად, რეალურ პირებად და აქტივისტთა ჯგუფებად აჩვენებდნენ.

"მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ, შეენიღბათ კოორდინირებული მუშაობა, კვალს სარეკლამო კომპანია პანდასთან და ქართული ოცნების ხელისუფლებასთან მივყავართ", — ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორია აცხადებს, გვერდები უმეტესად ქართულ აუდიტორიაზე მუშაობდნენ და ავრცელებდნენ ისეთ სოციო-პოლიტიკურ კონტენტს, რომელიც საზოგადოების პოლარიზაციას უწყობდა ხელს, თავს ესხმოდა ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას და საქართველოს დასავლელი პარტნიორების, კონკრეტულად კი ამერიკის შეერთებული შტატების დისკრედიტაციას ეწეოდა.