რუსული სახელისუფლებო მედია რია ნოვოსტის ინფორმაციით, მოსკოვი-თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი ლიპეცკის რეგიონში გადაბრუნდა და შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. მათი ცნობით, ავტობუსის ყველა მგზავრი საქართველოს მოქალაქეა.

რუსული გამოცემა წერს, რომ ავტობუსში 19 ადამიანი იყო, მათგან 15 კი დაშავდა. ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. როგორც გამოცემა წერს, წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ გავრცელებულ ცნობებს ავარიაზე. მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაშავებულების და დაღუპულების მოქალაქეობის იდენტიფიცირება.

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს სექცია მუდმივ კავშირზეა რუსეთის ფედერაციის შესაბამის სამსახურებთან, მათ შორის როგორც საგანგებო მდგომარეობის სამსახურთან, ასევე სამედიცინო ცენტრთან სადაც განთავსბეულნი არიან დაშავებულები. ამოქმედებულია ცხელი ხაზი +7 9269262740.

ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს გადაწყვეტილებით მგზავრების გადმოსაყვანად რუსეთის ფედერაციის მიმართლებით უკვე გაემგზავრა ორი ავტობუსი.