ტრადიციული ქართული საახალწლო სუფრა ხორცეულით, ფხალეულითა და ტკბილეულითაა გამორჩეული. ყველას გვინახავს გაშლილი სუფრები, სადაც გოჭის ხორცი არხეინად ნებივრობს საგანგებოდ შერჩეულ მწვანილში, ან ნამცხვრის ნაჭერი, რომელიც გადაძეძგილ მაგიდაზე "ოლივიეშია" ამოვლებული. სუფრაზე დიდი ხნის განმავლობაში, ოთახის ტემპერატურაზე აწყვია სხვა კერძები, რომელთა მიღებაც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს თქვენი ოჯახის წევრებისა და სტუმრების ჯანმრთელობას.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემით, 2018 წელს, საქართველოში სავარაუდო საკვებისმიერი მოწამვლის 36826 რეგისტირებული შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2017 წლის იმავე მაჩვენებელს 2800-ით აღემატება. იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ საკვებით გამოწვეული გართულებები ახალ წელს, გთავაზობთ რჩევებს, თუ როგორ შეიძინოთ უვნებელი პროდუქტები და შეინახოთ მზა კერძები.

სურსათის უვნებლობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ჯანსაღ პროდუქტებს. შესაბამისად, ხორცეული, თევზი, ასევე სხვა ცხოველური ნაწარმი, — ყველი, კვერცხი თუ რძე, ისევე როგორც ბოსტნეული და ხილი განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია მომხმარებლებს ურჩევს:

  • ხორცის შეძენისას ყურადღება მიაქციონ სარეალიზაციო გარემოს ჰიგიენასა და ტემპერატურულ რეჟიმს.
  • საქონლის ხორცის შეძენისას მოითხოვონ ეტიკეტი, რომელიც თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს მიმაგრებული და გაეცნონ დატანილ ინფორმაციას პროდუქტის წარმომავლობის შესახებ.
  • მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა სახეობის ხორცპროდუქტები, ისევე როგორც თევზი, ერთმანეთისაგან განცალკევებით და აუცილებლად სუფთა მაცივარში ინახებოდეს.
  • დააკვირდით მაცივარში არსებულ თერმომეტრს, ის არ უნდა აჩვენებდეს 6 გრადუსზე მეტს.
  • რძის პროდუქტები: ყველი, ხაჭო, ნადუღი უნდა ინახებოდეს დახურულ მაცივარში, ჰიგიენურ გარემოში.
  • პროდუქტების შეძენის შემდგომ, სახლში მიტანისთანავე ერთმანეთისგან უნდა განაცალკევოთ უმი და მზა პროდუქტები.
  • ხორცი შეინახეთ თავდახურულ კონტეინერში (ან შეფუთული) მინუს ტემპერატურაზე.

ხორცთან და ხორცპროდუქტებთან მიმართებით გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

ფოტო: Changyoung Koh / Unsplash

  • შეინახეთ ხორცი სუფთა და დახურულ კონტეინერში, სხვა პროდუქტებისგან განცალკევებით;
  • თუ პროდუქტის ერთიანად მომზადებას არ აპირებთ, შეინახეთ მცირე პორციებად.
  • გაყინული ხორცი და თევზი უნდა გალღვეს უშუალოდ მომზადების წინ: მაცივარში ან მიკროტალღურ ღუმელში.
  • არ გაალღოთ პროდუქტი ცხელ წყალში, რადგან თბილი გარემო იდეალურია ბაქტერიების გასაღვივებლად, რაც თავის მხრივ, პროდუქტის დაბინძურების მთავარი მიზეზია.
  • დაუშვებელია გაყინული და შემდეგ გამდნარი პროდუქტის ხელმეორედ გაყინვა. თუ ამის აუცილებელი საჭიროებაა, მოხარშეთ / შეწვით და ისე გაყინეთ. გამლღვალი პროდუქტი 24 საათის განმავლობაშია ვარგისი.
  • გახსოვდეთ: თუ პროდუქტი დახურულ ჭურჭელში არ ინახება, მან შეიძლება დაკარგოს საგემოვნო თვისებები.

მრავალფეროვან ქართულ სუფრაზე ბევრი მზა კერძი რჩება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მალფუჭებადი საკვები მაცივარში დროულად მოვათავსოთ, რათა კერძებში ბაქტერიების გამრავლება თავიდან ავიცილოთ და ჯანმრთელობას საფრთხე არ შევუქმნათ.

მალფუჭებადი პროდუქტების კატეგორიაში შედის: ხორცეული, რძის პროდუქტები, მაიონეზიანი კერძები, ტკბილეული, განსაკუთრებით კი - კრემიანი ტკბილეული, ასევე წვნიანი კერძები და ფხალეული, — სურსათი, რომელიც მიკროორგანიზმების ზრდა-გამრავლებისთვის ხელსაყრელ გარემოს იძლევა. გახსოვდეთ, ბაქტერიებით დაბინძურებული საკვებს შესაძლოა არც სუნი ქონდეს შეცვლილი და არც გარეგნულად ეტყობოდეს რამე.

მზა კერძების შენახვისას დაიცავით შემდეგი წესები:

ფოტო: New Africa / Shutterstock

  • დარჩენილი საკვები მაცივარში უნდა შეინახოთ მომზადებიდან 2 საათში;
  • სურსათი დახურული და სუფთა კონტეინერებით უნდა მოათავსოთ მაცივარში ან საყინულეში. მზა პროდუქტის შენახვა რამდენიმე კვირით უსაფრთხო არაა. მათი გამოყენება მხოლოდ ორი დღის განმავლობაშია რეკომენდებული.
  • გამლღვალი ან უბრალოდ მაცივარში შენახული საკვების ხელახალი გაცხელებისას, კერძმა მინიმუმ 2 წუთის მანძილზე უნდა იდუღოს მაღალ ტემპერატურაზე, 70 გრადუსზე. კერძის ხელახალი გაყინვა, ისევე, როგორც ხელმეორედ გაცხელება დაუშვებელია. შენახული და გაცხელებული კერძი, სასურველია, 24 საათის განმავლობაში მოიხმაროთ.
  • ზამთრისთვის შენახული საოჯახო მარაგების მოხმარების წინ პროდუქტის სახეობიდან გამომდინარე, პროდუქტი თერმულად უნდა დამუშავდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ შენახულმა საკვებმა უნდა იდუღოს რამდენიმე წუთის მანძილზე მაღალ ტემპერატურაზე. ამგვარად მასში არსებული ბაქტერიები (მიკროორგანიზმების სახეობები და ტოქსინები) განადგურდება.

ამ წესების გამოყენებით, თქვენი ბაჟეთი, აფხაზურათი, კუპატით და "ხალადეცით" ძველით ახალ წლამდე შეძლებთ სტუმრებისთვის თავის მოწონებას.

თუ ჩვენმა რჩევებმა ვერ გიშველათ და მაინც იგრძენით გულისრევის ან თავბრუსხვევის ნიშნები, დროულად მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას.