სმარტ საათების ბაზარი დროთა განმავლობაში საკმაოდ გაფართოვდა და დღეისათვის მათ ყველანაირ საფასო კატეგორიაში შევხვდებით, დაწყებული Apple Watch-ის სერიებიდან, დამთავრებული TAG-ის უმდიდრეს საათებამდე.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ საუკეთესოს წოდებას მხოლოდ ერთი იმსახურებს და ეს ერთი მაინც Apple Watch იქნება. შეიძლება იფიქროთ, როგორ შეიძლება ის გაჯეტი იყოს საუკეთესო, რომელიც ანდროიდთან დაკავშირების დროს თავის სრულ პოტენციალს ვერ ავლენს და გარკვეულწილად სწორიც იქნებით, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველა კომპონენტის შეჯამების შემდეგ, მაინც იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეფლი სმარტ საათების ბაზარზეც დომინანტია.

სწორედ ამიტომ, ჩემი სუბიექტური აზრით Apple Watch Series 5 უპირობოდ ლიდერობს სმარტ საათების ბაზარზე, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს სხვა კონკურენტებიც ობიექტურად შევაფასოთ, სწორედ ამიტომ დღეს შევეცდები 2019 წლის საუკეთესო სმარტ საათების მცირე ჩამონათვალი შემოგთავაზოთ.

1 - Apple Watch Series 5

ფოტო: Apple

საუკეთესო საათი რომელსაც ბაზარზე შეხვდებით

რატომ უნდა ვიყიდოთ:

  • ერთ-ერთი საუკეთესო დიზაინი;
  • შეუძლია დაგაზღვიოთ უბედური შემთხვევის დროს, ავტომატურად გამოიძახოს სასწრაფო ან პოლიცია;
  • მუდმივად ჩართული ეკრანი, ე.წ. Always-on display;
  • კომფორტული ზომა.

რატომ არ უნდა ვიყიდოთ:

  • ელემენტის ხანგრძლივობა წინა მოდელებთან შედარებით უფრო ცუდია.

მოდით ახლა უფრო დეტალურად განვიხილოთ — პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ ეფლის საათები ფართო მასებისთვისაა შექმნილი და დაინტერესებას მხოლოდ ტექ. ენთუზიასტებს შორის არ იწვევს. სწორედ ამან გამოიწვია ის ფაქტი, რომ ეფლის საათები წარმატებით განაგრძობენ განვითარებას და უკვე მის მეექვსე გენერაციას ვხვდებით.

შემდეგი დიდი პლიუსი ისაა, რომ ეფლი ჯანმრთელობასა და ფიტნესზეა ორიენტირებული, თუმცა სხვა კომპონენტები არანაირად არ არის დაჩაგრული. Apple Watch-ს შეუძლია გულისცემის მონიტორინგი და თუ კი რაიმე დარღვევას შეამჩნევს, ავტომატურად შემოგთავაზებთ ექიმთან ვიზიტს. მას შეუძლია თქვენგან დამოუკიდებლად, ავტონომიურად გამოიძახოს სასწრაფო დახმარება, თუკი იგრძნობს, რომ თქვენ დაეცით, მოყევით ავარიაში ან რაიმე ამდაგვარი. ეს ერთ-ერთი იმ მიზეზთაგანია, რომლის გამოც ეფლ ვოჩი პოპულარობას არ კარგავს და მეტიც, მისი მომხმარებელთა რიცხვი დღითი დღე იზრდება.

შევეხოთ დიზაინსაც, ეფლ ვოჩი კლასიკურ საათს არ ჰგავს, თუმცა ეს ასეც უნდა იყოს, ახალი თაობის საათების დიზაინი საკმაოდ ფუტურისტულია და თქვენ გრძნობთ, რომ ტექნოლოგიური სამყაროს ნაწილი ხართ.

რა თქმა უნდა, მინუსებიც უნდა აღვნიშნოთ — UI საკმაოდ ჩახლართულია.WatchOS 6-ში ნაწილობრივ ესეც გამოსწორდა, თუმცა Android Wear მაინც უფრო კომფორტულია.

2 - Samsung Galaxy Watch Active

საუკეთესო საათი ანდროიდის მომხმარებლებისთვის

რატომ უნდა ვიყიდოთ:

  • მსუბუქი და კომფორტულია
  • საკმაოდ კარგი დიზაინი აქვს
  • მარტივი სამომხმარებლო ინტერფეისი

რატომ არ უნდა ვიყიდოთ:

  • აპიკაციების შეზღუდული რაოდენობა

თუკი ანდროიდის მომხმარებელი ხართ და ეფლის შედევრი თქვენს სმარტფონთან იდეალურად არ მუშაობს, მაშინ სამსუნგის სმარტ საათი იდეალური ალტერნატივაა. ლამაზი დიზაინისა და ძლიერი მონაცემების ერთობა ნამდვილად აღფრთოვანებულს დაგტოვებთ.

3 - Fossil Sport

სპორტული სმარტ საათი ანდროიდის მომხმარებლებისთვის

რატომ უნდა ვიყიდოთ:

  • მსუბუქია და კომპაქტური
  • საკმაოდ მიმზიდველი დიზაინი აქვს
  • აპლიკაციების არჩევანი საკმაოდ ფართოა

რატომ არ უნდა ვიყიდოთ:

  • მატერიალი პრემიალურ შეგრძნებას არ ტოვებს და პლასტმასს გვაგონებს

Fossil შეიძლება თქვენთვის უცნობი ბრენდი იყოს, მაგრამ Fossil Sport კომპანიისთვის უკვე მეოთხე გენერაციის საათია, შესაბამისად წინა მოდელებიდან მიღებული გამოცდილება ახალ გენერაციაზე აისახა, ხარვეზები გამოსწორებულია და შედეგიც სახეზეა.

ფოსილი პრემიალური სმარტ საათია, მის აღჭურვილობაში სრულფასოვანი GPS და Snapdragon Wear 3100 პროცესორიც შედის, რაც მის წარმადობასაც ეტყობა.

ვინაიდან და რადგანაც ის Google Wear OS-ზე მუშაობს, აპლიკაციები არასდროს დაგაკლდებათ და ამ მხრივ სამსუნგის სმარტ საათებს ნამდვილად სჯობს.

რაც შეეხება ელემენტს, საშუალოდ 2 დღე მაინც გაგიძლებთ.

4 - Skagen Falster 2 Smartwatch

საუკეთესო სმარტ საათი Android Wear OS-ით

რატომ უნდა ვიყიდოთ:

  • კომპაქტური დიზაინი
  • არჩევანი დიზაინში
  • საკმაოდ ელეგანტურად გამოიყურება

რატომ არ უნდა ვიყიდოთ:

  • აქტივობების საკონტროლოდ იდეალური არ არის

თუკი რაიმე კომპაქტურ სმარტ საათს ეძებთ, მაშინ სკაგენი ნამდვილად თქვენთვისაა. შეიძლება ითქვას, რომ WearOS-ზე მომუშავე სმარტ საათებს შორის ის ერთ-ერთი საუკეთესოა. სკაგენი დანიური ბრენდია და მას თამამად შეგიძლიათ ენდოთ, იშვიათად გამოიყურება ანდროიდთან თავსებადი სმარტ საათევი ისევე ელეგანტურად, როგორც სკაგენი. ელემენტის ხანგრძლივობაც არ გაგიცრუებთ გულს, სრული დატენვით 24 საათი თავისუფლად ძლებს.

5 - Huawei Watch 2

კომფორტული Android Wear სმარტ საათი, ყოველდღიური მოხმარებისთვის

რატომ უნდა ვიყიდოთ:

  • ძალიან კომფორტული
  • იდეალური მონაცემები

რატომ არ უნდა ვიყიდოთ:

  • ცოტათი ძვირია (~270$)
  • არ არის პრემიალური მატერიალისგან დამზადებული

Watch 2-ს საკმაოდ კარგი ეკრანი აქვს და ჩემი აზრით ეს მისი ერთ-ერთი პლიუსია. წარმადობის მხრივ ყველაფერი იდეალურადაა, აპლიკაციები სწრაფად და დაუბრკოლებლად იხსნება. მთავარი უპირატესობა, რაც ჰუავეის სმარტ საათს გააჩნია, კომფორტია. თუკი დიზაინი თქვენთვის იდეალური არაა, მას შემდეგ რაც გაჯეტს ხელზე მოირგებთ, ეს პრობლემა გავიწყდებათ.

ბონუსი - Xiaomi Mi Watch

საათი მათთვის, ვისაც ეფლ ვოჩის დიზაინი მოსწონს, მაგრამ ანდროიდი აქვს

რატომ უნდა ვიყიდოთ:

  • Xiaomi-მ დაამტკიცა, რომ ის სანდო ბრენდია და ძვირიანი გაჯეტების იაფიან ალტერნატივებს თამამად გვთავაზობს
  • ის Wear OS-ზე მუშაობს, ამიტომ აპლიკაციები არასდროს მოგაკლდებათ
  • ფასი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია — 185$

ფასთან მიმართებაში საათის ეკრანი საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება — 1.78 ინჩიანი AMOLED, ერთ ინჩზე 326 პიქსელით. რაც შეეხება ელემენტს, ის 570 მილიამპერიანია და თუ სიაომის დავუჯერებთ 36 საათიის განმავლობაშ ძლებს. საათს eSIM-ის მხარდაჭერა აქვს, ამიტომ თქვენ 4G მობილური ქსელის გააქტიურებასაც შეძლებთ. NFC მოდულის საშუალებით კი მისი გამოყენება გადახდის ტერმინალებზეც შეგეძლებათ.