20-წლეულის მნიშვნელოვანი მოვლენები

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

90-იანი წლები მსოფლიოსა და მით უმეტეს საქართველოსთვის მარტივი არ ყოფილა, მაგრამ განვლილი სირთულეების მიუხედავად, საზოგადოების დიდ ნაწილს აშინებდა 2000 წლის დადგომა, რომელიც წარღვნასთან, არმაგედონთან და მეორედ მოსვლასთან ასოცირდებოდა. მაიას ტომებისა და სხვადასხვა რელიგიების წინასწარმეტყველებები გვამცნობდა, რომ დღეს ამ სტატიის კითხვის შესაძლებლობა არ უნდა გქონოდათ. თუმცა, 2000-იანები, დასასრულის ნაცვლად, მნიშვნელოვანი ეპოქის დასაწყისი გახდა. გავიხსენოთ ბოლო ოცწლეულის 20 ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელმაც საქართველოს პოლიტიკური რეალობა განსაზღვრა.

ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობა

2000 წელი საქართველოსთვის იმით დაიწყო, რომ პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს ედუარდ შევარდნაძე, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. შევარდნაძის ხელისუფლებას კორუფციასა და თავისუფალი აზრის დევნაში ადანაშაულებდნენ, რის ერთ-ერთ არგუმენტად იქცა ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეც.

ჟურნალისტი გიორგი სანაია

ჟურნალისტი გიორგი სანაია

ფოტო: ფოტო ვიდეოდან / რუსთავი 2

სანაია რუსთავი 2-ის ღამის კურიერის წამყვანი იყო. 2001 წელს 26 წლის ჟურნალისტი საკუთარ ბინაში მოკლეს. მკვლელობის რამდენიმე ვერსია არსებობდა, მათ შორის პირადი ანგარიშსწორებაც, თუმცა მედიის წარმომადგენლები მიიჩნევდნენ, რომ ეს იყო ბრძოლა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ.

"ეს ყველა ჩვენთაგანის გაფრთხილებაა, რომ ჩვენ არ ვთქვათ იმაზე მეტი, ვიდრე მათ სურთ" – ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მაშინდელი დირექტორი ეროსი კიწმარიშვილი მომხდარს.

შევარდნაძის ხელისუფლებამ იმავე წელს სანაიას მკვლელობის ბრალდებით 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა გიორგი ხურცილავას, თუმცა 2018 წელს "ახალი მტკიცებულებების საფუძველზე" საქმეზე გამოძიება განახლდა. ამის მიზეზი ერთ-ერთი მსჯავრდებულის განცხადება გახდა, რომელიც ამტკიცებს, რომ ჟურნალისტის მკვლელობა მთავრობაში დაიგეგმა და ის საქართველოს ნომერ პირველ ტერორისტად აღიარებულმა კრიმინალმა, შოთა ჭიჭიაშვილმა შეასრულა.

კონკორდატი სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის

2002 წელს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონკორდატი, იგივე კონსტიტუციური შეთანხმება გაფორმდა, რამაც საქართველოში არამხოლოდ რელიგიური კონფესიების, არამედ პოლიტიკური რეალობა შეცვალა.

ედუარდ შევარდნაძე და ილია მეორე

ედუარდ შევარდნაძე და ილია მეორე

ფოტო: ლევან თაქთაქიშვილი / პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

კონკორდატს ხელი მაშინდელმა პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ და კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მოაწერეს.

კონკორდატის თანახმად, საქართველო აღიარებს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს, ამიტომ საპატრიარქოს სხვადასხვა შეღავათებით სარგებლობს. მათ შორისაა ის, რომ სასულიერო პირები თავისუფლდებიან სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან, კათოლიკოს-პატრიარქი კი ხელშეუვალია.

ამ შეთანხმებით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში, ეკლესიისათვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ნაწილობრივ კომპენსაციაზე.

ეკლესიის მიერ წარმოებული საღვთისმსახურო პროდუქცია – მისი დამზადება, შემოტანა, მიწოდება და შემოწირულობა, ასევე არაეკონომიკური მიზნით არსებული ქონება და მიწა გათავისუფლებულია გადასახადებისაგან

კონკორდატი

ვარდების რევოლუცია

2003 წლის 4 ნოემბერს პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება ქუჩაში გამოვიდა. ამის მიზეზი გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები გახდა. აქციის მონაწილეები ედუარდ შევარდნაძის გადადგომასა და გამყალბებლების პასუხისმგებლობის დადგენას ითხოვდნენ. მათ ოპოზიციის ლიდერები მიხეილ სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ჟვანია ხელმძღვანელობდნენ.

მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია, ნინო ბურჯანაძე და ედუარდ შევარდნაძე

მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია, ნინო ბურჯანაძე და ედუარდ შევარდნაძე

ფოტო: AFP

შევარდნაძემ ქუჩაში სპეცრაზმი გამოიყვანა, აქციაზე მივიდა და მოლაპარაკებაც სცადა, თუმცა პროტესტი არ შეწყდა, პირიქით დაუმორჩილებლობაში გადაიზარდა.

ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ვარდების რევოლუცია

ვარდების რევოლუცია

ფოტო: AFP

ფართომასშტაბიან პროტესტს ვარდების რევოლუცია ეწოდა, რომელიც, საბოლოოდ, პარლამენტში შეჭრით, პრეზიდენტის ჩაის დალევით და შევარდნაძის 11-წლიანი მმართველობიდან წასვლით დასრულდა.

მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების შეჭრა პარლამენტში

მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების შეჭრა პარლამენტში

ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში 96%-ით ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა. 36 წლის სააკაშვილი მანამდე შევარდნაძის ხელისუფლების იუსტიციის მინისტრი იყო, რომელმაც თანამდებობა კორუფციასთან ბრძოლაში ხელის არშეწყობის მიზეზით დატოვა. მისი მთავარი საარჩევნო დაპირებაც კორუფციასთან ბრძოლა იყო.

აჭარის კრიზისი

ასლან აბაშიძე

ასლან აბაშიძე

სანამ ქვეყანაში სამოქალაქო ომი, დაპირისპირება და რევოლუცია მიდიოდა, აჭარაში 1991 წლიდან ასლან აბაშიძე ბატონობდა. აბაშიძე და მასთან დაახლოებული პირები ავტონომიურ რესპუბლიკაში ყველას და ყველაფერს მართავდნენ.

აბაშიძე ვარდების რევოლუციას არაკონსტიტუციურს უწოდებდა, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელშიც სააკაშვილმა გაიმარჯვა, ბოიკოტი გამოუცხადა. მოგვიანებით მან აჭარაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რა დროსაც დაიწყო ოპოზიციური აზრის მქონეების, მათ შორის აქტივისტების დევნა და ფიზიკური ანგარიშსწორება.

სააკაშვილმა არაერთხელ მოუწოდა აბაშიძეს, რომ ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნებს დამორჩილებოდა და აჭარას ეკონომიკური სანქციებიც კი დაუწესა, თუმცა უშედეგოდ. რეგიონში შეიარაღებული ფორმირებების შექმნა დაიწყო, მოგვიანებით კი აბაშიძემ აჭარაში შესასვლელი ჩოლოქის ხიდი ააფეთქა.

ჩოლოქის ხიდის აფეთქება

ჩოლოქის ხიდის აფეთქება

ფოტო: VOA

რამდენიმეთვიანი დაპირისპირების შემდეგ, როცა აჭარაში პროტესტი გაძლიერდა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა უარი თქვეს აბაშიძის ბრძანებების შესრულებაზე, ის დათანხმდა სააკაშვილის შეთავაზებას მშვიდობიანად დაეტოვებინა ხელისუფლება. აჭარის კრიზისი 6 მაისს სააკაშვილის ბათუმში ჩასვლით და ფრაზით "ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია" დასრულდა.

რეფორმები

მმართველობის განმტკიცების შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ რეფორმების მთელი სპექტრი წამოიწყო. პირველი ცვლილებები საქართველოს სახელმწიფო დროშას, გერბსა და ჰიმნს შეეხო.

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

სააკაშვილმა გაიზარდა უფლებამოსილებები პარლამენტის ხარჯზე და სისტემური ცვლილებები გაატარა ყველა სამინისტროში. სააკაშვილის რეფორმებს შორის იყო საპატრულო პოლიციის სრული რებრენდინგი, განათლებისა და ეკონომიკის რეფორმა, იუსტიციის სახლი და ა.შ.

ზურაბ ჟვანიას სიკვდილი

ზურაბ ჟვანია იმ უიშვიათესი პოლიტიკოსების რიცხვში შედიოდა, ვის პროევროპულ კურსშიც ეჭვი არავის შეუტანია. ჯერ კიდევ 2001 წელს, მან შევარდნაძის ხელისუფლება კორუფციისა და თავისუფალ სიტყვასთან ბრძოლის გამო დატოვა. ის ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი აქტიური ლიდერი იყო, რის შემდეგაც ჯერ სახელმწიფო, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრი გახდა.

ზურაბ ჟვანია

ზურაბ ჟვანია

ფოტო: რადიო თავისუფლება

პრემიერის პოსტზე თითქმის ერთწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, 2005 წლის 3 თებერვალს ჟვანია და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე რაულ უსუპოვი გარდაცვლილი იპოვეს. იმდროინდელი ხელისუფლებისა და საგამოძიებო უწყებების ოფიციალური ვერსიით, მათი გარდაცვალების მიზეზი მხუთავი აირის გაჟონვა გახდა, რასაც ოჯახი არ იზიარებდა. მათ მიაჩნდათ, რომ პრემიერის მკვლელობის მოტივი პოლიტიკური იყო.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2014 წელს პროკურატურამ ჟვანიას საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო და ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს განყოფილების ყოფილი გამგე ლევან ჩაჩუა და ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსი მიხეილ ძაძამია დააკავა. ამის მიზეზი YouTube-ზე გავრცელებული ვიდეომასალა გახდა, რომელზეც ჩანდა, რომ გარდაცვლილ ჟვანიას სხეულზე დაზიანებები ჰქონდა.

ჩიჩუას საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, სააპელაციომ კი ის გაამართლა. პროკურატურამ უზენაეს სასამართლოს მიმართა, თუმცა საქმე წარმოებაში არ მიიღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალაში დარჩა სააპელაციოს გადაწყვეტილება ჩაჩუას უდანაშაულობის შესახებ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნა

2004 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი მაუწყებლობის შესახებ, რამაც საფუძველი ჩაუყარა საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნას. 2005 წლიდან სახელმწიფო ტელე-რადიო კორპორაციის საზოგადოებრივ მაუწყებლად ტრანსფორმაციის პროცესი დაიწყო, რისთვისაც პარლამენტმა სამეურვეო საბჭოს წევრები დაადგინა. საბჭო საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოა, რომელიც გენერალურ დირექტორს ირჩევს და მაუწყებლის პრიორიტეტებს განსაზღვრავს.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ტელევიზიის საზოგადოებრივ მაუწყებლად ტრასნფორმირება დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, ყველა მმართველობის დროს ჩნდებოდა კითხვები მაუწყებლის პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე.

ამერიკის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საქართველოში

2005 წელს საქართველოს, ისტორიაში პირველად, ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ეწვია. ჩამოფრენისთანავე ბუშს გრანდიოზულად დახვდნენ და პირდაპირ აბანოთუბანში წაიყვანეს, სადაც მის პატივსაცემად გამართულ კონცერტზე ქართულ ჰანგებზე იცეკვა, მოცეკვავეებთან ფოტოებიც გადაიღო და რამდენიმე დღის განმავლობაში ქართული სამზარეულოც დააგემოვნა.

ჯორჯ ბუში და მიხეილ სააკაშვილი

ჯორჯ ბუში და მიხეილ სააკაშვილი

ფოტო: U.S. Department of State

ქვეყნიდან წასვლის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტმა ისიც განაცხადა, რომ თბილისში მომატებული კილოგრამების დაკლება სურდა.

ფართო საზოგადოებას ბუშის ვიზიტიდან სწორედ ეს დეტალები ახსოვს, თუმცა აღსანიშნია, რომ ბუშმა საქართველოში დემოკრატიის, თავისუფალი მასმედიისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ნატოში ინტეგრაციისთვის აუცილებელია კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარება.

პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის, რომელიც ევროატლანტიკური გაერთიანებისკენ ისწრაფოდა და რუსული გავლენებისგან გათავისუფლებას ცდილობდა, ამერიკის პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანი მოვლენა და ძლიერი მესიჯი იყო.

კოდორის ამბოხი

კოდორის ხეობა ერთადერთი ტერიტორია იყო, რომელსაც აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ რუსეთისა და სეპარატისტების ჯარები ვერ აკონტროლებდნენ. ომის შემდგომ პერიოდში ხეობაში პარლამენტის ახლა მოქმედი დეპუტატი ემზარ კვიციანი და მისი თანამებრძოლები გამაგრდნენ.

კვიციანმა ადგილობრივებთან ერთად ხეობის დაცვის "ფიცი დადო" და შეიარაღებული დაჯგუფება "მონადირე"უდ შექმნა. შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ის კოდორის რწმუნებული გახდა.

2002 წელს გასამხედროებული ჯგუფი "მონადირე", რომელშიც დაახლოებით 300-400 კაცი შედიოდა, თავდაცვის სამინიტროს დაქვემდებარებაში შევიდა. სიტუაცია მაშინ დაიძაბა, როდესაც 2006 წელს ახალმა ხელისუფლებამ, კერძოდ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ჯგუფი "მონადირე" დაშალა.

კვიციანი ვარდების რევოლუციის დროსაც შევარდნაძის მხარდამჭერი იყო, ამ ნაბიჯის შემდეგ კი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა და იარაღის ჩაბარებაზე უარი განაცხადა. კვიციანის წინააღმდეგ გამოძიება სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტის მოწყობის ბრალდებით დაიწყო.

ემზარ კვიციანის ვიდეომიმართვა ამბოხებისას

ემზარ კვიციანის ვიდეომიმართვა ამბოხებისას

ფოტო: VOA

კვიციანის ქმედებას მთავრობამ ჯანყი უწოდა და 2006 წლის ივლისში კოდორის ხეობაში სპეცოპერაცია ჩაატარა. სპეცოპერაციისას გარდაიცვალა ერთი ადგილობრივი, კვიციანმა კი რამდენიმე ახლო პირთან ერთად გაქცევა მოახერხა.

კოდორის ხეობაზე ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია აღდგა და მას ოფიციალურად ზემო აფხაზეთი ეწოდა. სააკაშვილის ინიციატივით, ხეობაში გადავიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილი მთავრობა. მაშინდელ ხელისუფლებას სჯეროდა, რომ მსგავსი ნაბიჯები აფხაზეთის გაერთიანებას შეუწყობდა ხელს. თუმცა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ კოდორის ხეობაზე კონტროლი დაკარგა და ტერიტორიას დღემდე საოკუპაციო რეჟიმი აკონტროლებს.

რაც შეეხება გაქცეულ კვიციანს, ის საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2014 წელს დაბრუნდა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტშივე დააკავეს. მას 12-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, 2015 წელს, პროკურატურასთან მიღწეული საპროცესო შეთანხმების შემდეგ გაათავისუფლეს.

2015 წლის მარტიდან ემზარ კვიციანი პატრიოტთა ალიანსის წევრია. 2016 წლიდან კი პარლამენტის დეპუტატი.

სააკაშვილის ხელისუფლების კრიზისი

პროევროპული კურსისა და რეფორმების მიუხედავად, სააკაშვილის ხელისუფლებაში კრიზისი დაიწყო, რაც, საბოლოოდ, ძალის არაპროპორციულ გამოყენებამდე და ნულოვან ტოლერანტობამდე მივიდა. ნაციონალური მოძრაობის მმართველობას რამდენიმე გახმაურებულმა საქმემ შეურყია ავტორიტეტი და საბოლოოდ, წერტილიც დაუსვა. ესენია: ბუტა რობაქიძისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეები, 26 მაისისა და 7 ნოემბრის აქციების დარბევა და ციხის კადრები.

რობაქიძისა და გირგვლიანის საქმეები

ბუტა რობაქიძე 2004 წლის 24 ნოემბერს 19 წლის ასაკში თბილისში საპატრულო პოლიციის ჩატარებული ოპერაციისას მოკლეს. უწყება მიზეზად იმას ასახელებდა, რომ მანქანაში, რომელშიც ის იჯდა, ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს, რასაც ოჯახი არ ეთანხმებოდა. ამ საქმეზე გამოძიების ფარგლებში შსს-ს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა აღიარა, რომ ადგილზე იარაღი თავად მიიტანეს.

ზურაბ ადეიშვილი და ირაკლი ოქრუაშვილი

ზურაბ ადეიშვილი და ირაკლი ოქრუაშვილი

ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ამ საქმეზე დანაშაული დაფარვისთვის ბრალი წაყენებული აქვთ ნაციონალური მოძრაობის ყოფილ მაღალჩინოსნებს, ზურაბ ადეიშვილსა და ირაკლი ოქრუაშვილს.

სანდრო გირგვლიანი 2006 წლის დეკემბერში მოკლული და ნაწამები იპოვნეს. ეს საქმე სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს და შემდეგაც ყველაზე განხილვადად იქცა, რადგან არსებობდა არაერთი კითხვა გამოძიებასა და სასამართლოზე ზეგავლენის შესახებ.

დათა ახალაია და ვანო მერაბიშვილი

დათა ახალაია და ვანო მერაბიშვილი

გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე შსს-ს 4 თანამშრომელი გაასამართლეს, რომლებსაც, გამოძიების მიხედვით, გირგვლიანთან ანგარიშსწორება პირადი კონფლიქტის გამო ჰქონდათ. გარდა ამისა, ამ საქმეზე პატიმრობა მიუსაჯეს კუდ-ის ყოფილ უფროსს დათა ახალაიას და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.

გამოძიების ინფორმაციით, მაღალჩინოსნებმა, ვანო მერაბიშვილმა, ბაჩო ახალაიამ და დათა ახალაიამ დაგეგმეს და დაქვემდებარებული პირების გამოყენებით დაფარეს გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაული. სააკაშვილმა კი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა და ბრალდებულები შეიწყალა.

7 ნოემბრის აქციის დარბევა

ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პოლიტიკურმა კრიზისმა კულმინაციას 2007 წლის ნოემბერში მიაღწია. პროტესტს წინ უძღოდა ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაპირისპირება მიხეილ სააკაშვილთან, როცა მან პრეზიდენტი "ანტი-სახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმაში", ბიზნესმენისა და ტელეკომპანია იმედის დამმარსებლის, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის დაკვეთასა და ეკლესიის წინააღმდეგ კომპრომატების შეგროვებაში დაადანაშაულა.

ირაკლი ოქრუაშვილი და მიხეილ სააკაშვილი

ირაკლი ოქრუაშვილი და მიხეილ სააკაშვილი

ამ განცხადებიდან ორ დღეში ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრობის დროს ფულის გამოძალვისა და გათეთრების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებიდან მალევე ოქრუაშვილმა სააკაშვილის მიმართ ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ ეს "პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად" გააკეთა. მისივე თქმით, ამ გეგმაში ჩართული იყო ბადრი პატარკაციშვილიც.

ამავე წლის ს5 ნოემბერს ოქრუაშვილმა ისევ უარყო საკუთარი განცხადება და ამტკიცებდა, რომ ჩვენების შეცვლა სააკაშვილის სასარგებლოდ ციხეში აიძულეს. საპროტესტო აქციის მასშტაბები უფრო გაიზარდა.

7 ნოემბერს, დაახლოებით 8 საათისთვის, სამართალდამცავებმა პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია დაშლა დაიწყეს, რაც, საბოლოოდ, მომიტინგეების დარბევაში გადაიზარდა. სამართალმდაცავები გაქცეულ დემონსტრანტებს მისდევდნენ, მათ წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს იყენებდნენ და ხელკეტებით სცემდნენ.

7 ნოემბრის აქციის დარბევა

7 ნოემბრის აქციის დარბევა

ფოტო: EPA

საღამოს სპეცრაზმმა ქალაქის ცენტრალური ქუჩებიდან პატარკაციშვილის ტელევიზიაში, იმედში გადაინაცვლა, სადაც ჟურნალისტების წინააღმდეგ "სადამსჯელო ოპერაცია" განხორციელდა. იმედმა მაუწყებლობა შეწყვიტა.

სპეცრაზმი ტელეკომპანია იმედის შესასვლელთან

სპეცრაზმი ტელეკომპანია იმედის შესასვლელთან

ფოტო: EPA ზურაბ ქურციკიძე / ნეტგაზეთი

სააკაშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა, რომელშიც ისევ თვითონ გაიმარჯვა.

26 მაისის აქციის დარბევა

მიუხედავად წარსული გამოცდილებისა, სააკაშვილის მკაცრი პოლიტიკა ოპონენტების წინააღმდეგ მეორე ვადის დროსაც გაგრძელდა. 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა და საპროტესტო აქციები დაიწყო, რასაც მაშინდელმა ხელისუფლებამ ხისტი პოლიტიკით უპასუხა.

2011 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს სპეცრაზმმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია დაარბია. აქციის დაშლის დროს დაიღუპა ორი ადამიანი.

ფოტო: Reuters

26 მაისის აქციის დარბევა

26 მაისის აქციის დარბევა

ფოტო: Reuters

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეების დარბევა და მათი მასობრივი დაკავება, შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ბრძანებით დაევალა მის მოადგილეს, გია ლორთქიფანიძეს. უწყების განცხადებით, ხელისუფლებამ ჯერ კიდევ წინა ღამეს, სანქცირებული მიტინგის ვადის ამოწურვამდე გადაკეტა ქუჩები, რომლითაც მომიტინგეებს დაშლისას ტერიტორიის დატოვება შეეძლოთ.

26 მაისის დარბევის საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დარბევის საქმეზე დაზარალებულთათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება აიღო.

ციხის კადრები

2012 წელს გავრცელდა გლდანის #8 საპატიმრო დაწესებულებაში პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრები, რამაც ფართომასშტაბიანი პროტესტი და ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დასასრული გამოიწვია.

საგამოძიებო უწყებების ინფორმაციით, გარდა წამებისა და ფიზიკური შეურაცხყოფისა განყოფილების თანამშრომლები მსჯავრდებულებს ეპყრობოდნენ დამამცირებლად და არაადამიანურად. პატიმრებს ართმევდნენ პირადი ჰიგიენის ნივთებს, საწოლისთვის განკუთვნილ თეთრეულს, იძულებით აშიშვლებდნენ და მათი ნების საწინააღმდეგოდ შიშველ მდგომარეობაში ამწყვდევდნენ კარცერში, სადაც დაბალი ტემპერატურის მიუხედავად, გაუსაძლის მდგომარეობაში ამყოფებდნენ მრავალი დღის განმავლობაში

ახალი ხელისუფლების პირობებში, ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა ათეულობით პირის მიმართ, მათ შორის როგორც მაღალი რანგის თანამდებობის, ისე მათდამი დაქვემდებარებული საშუალო და დაბალი რგოლის საჯარო მოხელეების მიმართ.

რაც შეეხება ვლადიმერ ბედუკაძეს, რომელიც წამების ამსახველ ვიდეოებს იღებდა, მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ის სასჯელისგან გათავისუფლდა და სახელმწიფო დაცვით სარგებლობდა. რამდენიმე წლის შემდეგ ბედუკაძემ პრორუსული პარტიაც შექმნა, რომელიც არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში რუსული ჯარების საქართველოში შემოყვანას ითვალისწინებდა.

რუსული აგრესია და აგვისტოს ომი

რუსულ აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ რომ 200-წლიანი ისტორია აქვს, არავისთვისაა უცხო, თუმცა 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას, ხშირად იკარგება დეტალები, რომლებიც რუსული პოლიტიკის აგრესიულ სახეს აჩვენებს.

2005 წელს რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ორი საბჭოთადროინდელი ბაზიდან ჯარების გაყვანა დაიწყო, რომელიც 2008 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამის ნაცვლად 2008 წელს საქართველოში ახალი რუსული ქვედანაყოფები შემოვიდა.

მანამდე 2005 წელს რუსეთმა საქართველოს გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა, 2006-ში კი ქართული ღვინის იმპორტი აკრძალა. ამავე წელს პუტინის ხელისუფლებამ საქართველოს სანქციები დაუწესა და თითქმის ხუთიათასი ქართველი ეთნიკური ნიშნით გამოაძევა ქვეყნიდან.

ქართველების მასობრივი დეპორტაცია რუსეთიდან

ქართველების მასობრივი დეპორტაცია რუსეთიდან

ფოტო: EPA / Zurab Kurtsikidze

2008 წლის აპრილში რუსეთმა ღიად განაცხადა, რომ დე ფაქტო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის გაღრმავებას აპირებდა. ამავე წლის 7 აგვისტოს დილით კი რუსეთის რეგულარულმა სამხედრო ძალებმა გადმოლახეს საქართველოს საზღვარი როკის გვირაბის გზით და შემოიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე. რუსულმა ჯარებმა წამოიწყეს სამხედრო შეტევა საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც უწყვეტად გაგრძელდა ომის მომდევნო დღეების მანძილზეც. სამხედრო შეტევას თან ერთვოდა კიბერომი საქართველოს წინააღმდეგ.

აგვისტოს ომი

აგვისტოს ომი

ფოტო: EPA

აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორი 170 სამხედრო მოსამსახურე იყო. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ომში დაიჭრა/დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 სამხედრო მოსამსახურე.

აგვისტოს ომი

აგვისტოს ომი

ფოტო: Leli Blagonravova

2015 წელს საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის საბჭოთა კავშირის დროინდელი საზღვრების აღდგენა დაიწყო და საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. საზღვარი კილომეტრნახევრით გადმოწია. მცოცავი ოკუპაცია ამ დრომდე გრძელდება.

2008 წლის ომის დაწყებიდან 11 წელი გავიდა, თუმცა რუსეთი დღემდე არღვევს სუვერენული სახელმწიფოს საზღვრებს, იტაცებს ხალხს და ჰიბრიდული ომის პირობებში აცხოვრებს საქართველოს.

საოკუპაციო ხაზი

საოკუპაციო ხაზი

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ხელისუფლების პირველი ცვლილება არჩევნებით

ნაციონალურ მოძრაობაში კრიზისის დაწყების შემდეგ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკონსტიტუციო რეფორმები გაატარა, რომლითაც პრეზიდენტის უფლებამოსილებები შეიზღუდა და პრემიერ-მინისტრი გახდა ქვეყნის პირველი პირი. პოლიტიკურ წრეებში ამბობდნენ, რომ სააკაშვილმა ეს მმართველობაში დასარჩენად გააკეთა, რადგან საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ თავად გამხდარიყო პრემიერი. თუმცა, იმედები არ გამართლდა.

2012 წელს ნაციონალური მოძრაობა არჩევნებში დამარცხდა და ისტორიაში პირველად საქართველოში ხელისუფლება კონსტიტუციური გზით შეიცვალა.

მიხეილ საააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა

მიხეილ საააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა

ფოტო: RFE/RFL

მმართველობაში მოვიდა მილიარდერი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი პარტია — ქართული ოცნება. კოჰაბიტაციის მცდელობების მიუხედავად, ქართულმა ოცნებამ ნაციონალურ მოძრაობას პოლიტიკური ომი გამოუცხადა, რაც, საბოლოოდ, იქამდე მივიდა, რომ უკვე 7 წელია, ნებისმიერი კრიტიკის პასუხად, ისინი "ცხრაწლიან რეჟიმს" ახსენებენ.

ბოლო 7 წელში ოცნებამ წასვლები, გაშვებები და მეორედმოსვლები გამოიარა. შედეგად მთავრობის 4 მეთაური შეიცვალა და 2012 წელს მებრძოლი სახეების დიდმა ნაწილმა გუნდი დატოვა.

ივნისის წყალდიდობა

2015 წლის 12 ივნისის ღამეს ძლიერი წვიმა დაიწყო. ჭარბი ნალექის გამო ქალაქის ქუჩები დაიტბორა, თუმცა შექმნილი სიტუაცია უცხო არავისთვის იყო და არც განსაკუთრებული საფრთხის მოლოდინი შექმნილა. რამდენიმე საათში წვიმა გაძლიერდა. საბოლოოდ, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პატარა მდინარე ვერე ადიდდა.

ვერეს ხეობა წყალდიდობისას

ვერეს ხეობა წყალდიდობისას

ვერეს ხეობა - 2015 წლის 13 ივნისი

ფოტო: Multimedia.tsu.edu.ge

წყალდიდობის შედეგად სვანიძის და წყნეთის ქუჩები, ე.წ ახალი გზა, მზიურის პარკი და ზოოპარკი დაიტბორა. წყლის ნაკადმა გმირთა მოედნამდე ჩაიყოლა საცხოვრებელი სახლები, მანქანები, ცხოველები და 23 ადამიანის სიცოცხლე.

მეორე დილას სანამ მომხდარი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდებოდა, ქალაქის დასახმარებლად ათასობით ადამიანი გამოვიდა, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში ტალახისა და შლამისგან წმენდნენ ქუჩებს.

თბილისი, 13 ივნისი, 2015.

თბილისი, 13 ივნისი, 2015.

ფოტო: Reuters

ევროატლანტიკური მომავალი

ევროატლანტიკური პარტნიორობის გაღრმავება არამხოლოდ ბოლო ოცწლეულის, არამედ საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა. სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებითა თუ ხელშეკრულებებით, ქვეყანა ევროკავშირისა და ნატოს წევრობის მიღწევას ცდილობს. ბოლო წლების განმავლობაში არაერთი შეთანხმება დაიდო, რომელთა შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ნატო-საქართველოს არსებით პაკეტსა და ასოცირების ხელშეკრულებას.

ნატო-საქართველოს ურთიერთობები 1992 წლიდან დაიწყო, როდესაც საქართველო ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს (NACC) შეუერთდა. თუმცა, პირველი განაცხადი ალიანსში გაწევრიანების შესახებ ქვეყანამ 2002 წელს ნატოს პრაღის სამიტზე გააკეთა, შესაბამისად, სწორედ ამ დროიდან იწყება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი.

ფოტო: AP

2004 წლიდან ნატო-საქართველოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა. კერძოდ, საქართველო გახდა პირველი პარტნიორი სახელმწიფო, რომელთანაც ალიანსმა დაიწყო ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის ფორმატში თანამშრომლობა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი ალიანსის ინიციატივით შეიქმნა ნატო-საქართველოს კომისია, რომელიც გამოიყენება, როგორც პრაქტიკული თანამშრომლობის კოორდინაციის მექანიზმი.

სხვადასხვა ფორმატებით ნატო მუდმივად ადასტურებდა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური არჩევანის მხარდაჭერას. ამის დასტური იყო 2014 წელს მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტიც, რომლის მთავარი მიზანია საქართველოს მომზადება გაწევრიანებისთვის და ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება.

რაც შეეხება ასოცირების ხელშეკრულებას, მოლაპარაკებები ოფიციალურად 2010 წელს დაიწყო და 2013-ში დასრულდა. ასოცირების შესახებ შეთანხმება არის საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების სამოქმედო გეგმა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. ის, აგრეთვე, მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს.

ფოტო: Reuters

ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას არაერთი რეფორმისა და საკანონმდებლო ცვლილების გატარება მოუწია, ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან დასაახლოებლად. მათი ნაწილი დღემდე კრიტიკის ობიექტია და არასამთვრობო სექტორში კითხვებს ბადებს.

ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი იყო ვიზალიბერალიზაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეებს 90 დღის განმავლობაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზოდ შეუძლიათ მოგზაურობა.

დეკრიმინალიზაცია და საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საპროტესტო აქციები არავისთვის იყო უცხო, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური აქციები რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გასაპროტესტებლად იმართებოდა. საზოგადოება აპროტესტებდა იმ ფაქტს, რომ მსუბუქი ნარკოტიკების, მათ შორის მარიხუანის პირადი მიზნით მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგებოდა.

საპროტესტო აქცია დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით

საპროტესტო აქცია დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით

ფოტო: თეთრი ხმაურის მოძრაობა

პროტესტს ქართული ოცნების ხელისუფლება შეუსრულებელი დაპირებებით ან უყურადღებობით იგერიებდა. სიტუაცია შეიცვალა, როცა მოქალაქე გივი შანიძემ, რომელიც ამ ბრალდებით იყო დაკავებული, გირჩთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება ისტორიულ მოვლენად იქცა, რადგან სამთავრობო გუნდის სურვილის მიუხედავად, მარიხუანის პირადი მიზნით მოხმარება ლეგალური გახდა, პატიმრობა და ჯარიმა კი გაუქმდა.

ხელისუფლება აღმოჩნდა იმ რეალობის წინაშე, როცა სურვილის საწინააღმდეგოდ მოუწია კანონმდებლობის მორგება საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზე. სასამართლომ კანონის სიხისტე შეამცირა, თუმცა სრულად ვერა. პარლამენტმა მოხმარებისთვის ჯარიმა ძალაში დატოვა, ხოლო მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვა, ალკოჰოლისგან განსხვავებით, სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებად დარჩა.

განხეთქილება საპატრიარქოში

წლების განმავლობაში საქართველოს საპატრიარქო ხელშეუხებელი და დახურული ორგანო იყო, რომლის არათუ კრიტიკას, არამედ კითხვების დასმაც კი მკრეხელობად მიიჩნეოდა. ინფორმაცია საპატრიარქოდან იშვიათად ჟონავდა და ერთადერთი, რაზეც საზოგადოების კრიტიკულად განწყობილ ნაწილს დავა შეეძლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან რამდენიმემილიონი დაფინანსება იყო. თუმცა, ბოლო წლებში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

მეუფე დიმიტრი, პატრიარქი და დეკანოზი გიორგი მამალაძე

მეუფე დიმიტრი, პატრიარქი და დეკანოზი გიორგი მამალაძე

საპატრიარქოს "რკინის ფარდა", რომელიც ინფორმაციას კედლებს შიგნით აკავებდა ჩამოიშალა, როდესაც ე.წ. ციანიდის საქმე დაიწყო. 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელი დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელსაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობაში დასდეს ბრალი.

შორენა თეთრუაშვილი

შორენა თეთრუაშვილი

ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

იმ დროს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გერმანიაში მკურნალობდა და გაისმა ბრალდებები, რომ მამალაძე მის მკვლელობას გეგმავდა. თუმცა, პროკურატურამ ეს უარყო და მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობაში დაადანაშაულა. თეთრუაშვილს საზოგადოების ნაწილი "რუხ კარდინალს" ეძახდა. ამბობდნენ, რომ მას განუსაზღვრელი ძალაუფლება ჰქონდა და საპატრიარქოს მართავდა.

მამალაძე სასამართლოს ორივე ინსტანციამ დამნაშვედ ცნო, უზენაესმა კი მისი სარჩელი განსახილველადაც არ მიიღო და სააპელაციოს გადაწყვეტილება დატოვა ძალაში.

მამალაძის საქმე ეკლესიაში განხეთქილების მიზეზად იქცა. სასულიერო პირების ნაწილი, სინოდის ყოფილ წევრ, მეუფე პეტრე ცაავას ხელმძღვანელობით საპატრიარქოს დაუპირისპირდნენ და მამალაძის გაწირვაში დაადანაშაულეს. ისინი მოითხოვდნენ საპატრიარქოს პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით მიემართა, რაზეც ეკლესია რამდენიმე წლის განმავლობაში უარს ამბობდა.

საბოლოოდ, საქმე იქამდე მივიდა, რომ დაპირისპირება ყველა თემას მოედო. ეკლესიაში მიმდინარე საკითხები და პატრიარქის განცხადებები ფართო საზოგადოების განხილვისა და კრიტიკის საგნად იქცა. მათ შორის ისიც, რომ საპატრიარქომ თავი შეიკავა მხარი დაეჭირა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიისთვის. ამ დროს "აჯანყებული" სასულიერო პირები ამბობდნენ და საზოგადოების ნაწილიც იზიარებდა, რომ საქართველოს საპატრიარქო რუსულ ინტერესებს ატარებდა.

საპატრიარქოში ყველაზე მეტ ხმაურს პატრიარქის ყოფილი ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებები იწვევდა. ის ხან შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ემუქრებოდა, კარიერის დანგრევით, ხან ხელისუფლებას დამხობით და სანთლების რევოლუციით, თუმცა არცერთი პირობა არ შეუსრულებია.

მეუფე იაკობი

მეუფე იაკობი

ფოტო: კადრი ვიდეოდან / ტელეკომპანია პირველი

ბოლო "ხმაურიანი" განცხადებით, მან ყოფილი შს და პრემიერ-მინისტრი და სუს-ის უფროსი პატრიარქის "მოშორების" ან გადაყენების მცდელობაში დაადანაშაულა, რაც სამივე მაღალჩინოსანმა უარყო. პროკურატურამ მღვდელმთავრის განცხადებებში დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა, საზოგადოებასა და ოპოზიციას კი პროტესტი არ დასცალდა, რადგან მეუფის განცხადებები სინოდის სხდომის ახალმა სკანდალმა გადაფარა.

ეს სხდომა არსებულის მოგვარების ნაცვლად, ახალი პრობლემების საწყისი გახდა. პატრიარქმა სხდომის წინ მეუფეებს ცოდვების შენანიებისკენ მოუწოდა, რაც მეუფე იაკობმა შეასრულა, მეუფე პეტრემ კი პირიქით. მან არათუ შენდობა ითხოვა საპატრიარქოს მხილების გამო, არამედ პატრიარქი "პედერასტიის ცოდვაში" დაადანაშაულა. მოგვიანებით პეტრემ განმარტა, რომ ეს "ჭაბუკების გარყვნას" ნიშნავდა და პანდორას ყუთიც გაიხსნა.

სასულიერო პირები ალაპარაკდნენ იმაზე, რომ ეკლესიაში სექსუალურად ავიწროებდნენ და ძალადობდნენ სტიქაროსნებზე. მათი მტკიცებით, ეს პატრიარქმა იცოდა და ხელსაც აფარებდა.

საპატრიარქომ მეუფე პეტრესა და სხვების ბრალდებებს ცილისწამება უწოდა და მათ შენდობის თხოვნისკენ მოუწოდა, თუმცა უშედეგოდ. ამ ამბების შედეგი მხოლოდ ის იყო, რომ წლების განმავლობაში ყველაზე მაღალრეიტინგული ინსტიტუტის იმიჯი შეირყა და NDI-ს კვლევებში მეორეზე გადაინაცვლა.

შვილმოკლული მამების პროტესტი

ქართული ოცნების ხელისუფლების იმიჯის შერყევა ყველაზე მეტად ხორავას ქუჩისა და პანკისის სპეცოპერაციის საკითხებმა გამოიწვია. პირველ შემთხვევას ორი არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა, საქმის გამოძიებისას კი გაჩნდა არაერთი კითხვა მაღალჩინოსნების ინტერესებსა და ხელისუფლების მხრიდან გამოძიებაში ჩარევაზე. მეორე საქმისას კი პირდაპირ სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, რადგან პანკისში, საკუთარ საწოლში, სპეცრაზმელმა ესროლა თემირლან მაჩალიკაშვილს, რომელსაც ტერორისტებთან კავშირში ედებოდა ბრალი. თემირლანი გარდაიცვალა, მისი ოჯახი კი მეორე წელია სამართალს ითხოვს.

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირებისას გარდაიცვალა ზაზა სარალიძის შვილი. შვილმოკლული მამა მთელი წელი ამტკიცებდა, რომ მისი შვილის რეალური მკვლელი პროკურატურის ბრალდებულებს შორის არ იყო და უწყება საქმეს არაკეთილსინდისიერად იძიებდა. სახელმწიფო სარალიძეს მთელი წელი არ უსმენდა.

სარალიძეს პირველად მაშინ მოუსმინეს, როდესაც მის მხარდასაჭერად მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. ოპოზიციის აქტიური ჩართვის, პრემიერთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან რამდენიმე შეხვედრისა და უკომპრომისო ბრძოლის შემდეგ ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომისია შეიქმნა პროკურატურამ კი ხელახალი გამოძიება დაიწყო.

მომხდარიდან ერთი წლის შემდეგ დააკავეს პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი და ბრალდებულების ნათესავი, რომელსაც სარალიძე საქმეზე გავლენის მოხდენაში ადანაშაულებდა. თუმცა სარალიძემ პროტესტი იქამდე არ შეწყვიტა, სანამ ბრალი არ წარუდგინეს მიხეილ კალანდიას, რომელიც მისი შვილის მკვლელად მიაჩნდა.

სარალიძესთან ერთად და მისი წასვლის შემდეგაც პარლამენტის წინ იდგა და შვილის მკვლელის გასამართლებას ითხოვდა მალხაზ მაჩალიკაშვილიც. ის ამტკიცებდა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა სუს-ის მაღალჩინოსნებს ეკისრებოდათ, თუმცა სახელმწიფომ მაჩალიკაშვილი უპასუხოდ დატოვა.

სტრასბურგის გადაწყვეტილება და მედიაცვლილებები

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა, რამაც საქართველოში მნიშვნელოვანი მედიაცვლილებები გამოიწვია. სტრასბურგის გადაწყვეტილებით, გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შეჩერების მექანიზმი, რომლის მიხედვითაც, არხი ქიბარ ხალვაშს ეკუთვნოდა. ეს გადაწყვეტილება საზოგადოების ნაწილისთვის ისევე, როგორც არხის თანამშრომლებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

ხალვაშმა იმავე დღეს მიმართა რეესტრს რუსთავი 2-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას გადაყენების მოთხოვნით და მის ნაცვლად პირადი ადვოკატი პაატა სალია დანიშნა. ხალვაში და სალია პირობას დებდნენ, რომ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას არაფერი ემუქრებოდა, თუმცა მათ არ გაითვალისწინეს თანამშრომლების მოთხოვნა და გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, რომელსაც ჟურნალისტები დამოუკიდებლობის გარანტად მიიჩნევდნენ. პროტესტის ნიშნად თანამშრომლების დიდმა ნაწილმა არხი დატოვა და ორ ახალშექმნილ ტელეკომპანიაში: მთავარსა და ფორმულაში გადავიდა.

რუსთავი 2-ის თანამშრომლებიი ტელევიზიას ტოვებენ

რუსთავი 2-ის თანამშრომლებიი ტელევიზიას ტოვებენ

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

სანამ ახალი ტელევიზიები ფეხს იდგამდნენ, რუსთავი 2-ზე საინფორმაციო-პოლიტიკური გადაცემები შეწყდა. არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვება კურიერი ეთერში 35 დღის შემდეგ დაბრუნდა.

რაც შეეხება ახალ ტელევიზიებს მთავარი არხი ნიკა გვრამიამ შექმნა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ კობა ნაჭყეპიასთან ერთად, ფორმულა კი რუსთავი 2-ის ყოფილი კონტრაქტორი კომპანიის, ფორმულა კრეატივისა და დავით კეზერაშვილის ტელევიზიაა. კეზერაშვილი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი მაღალჩინოსანია, რომლის წინააღმდეგაც პროკურატურა ორ საქმეს იძიებს.

პრეზიდენტის მდუმარება და მორატორიუმი შეწყალებაზე

2018 წელს საქართველოს ისტორიაში პირველად ქვეყნის პრეზიდენტი ქალი გახდა. ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატი იყო, რომელსაც მმართველი გუნდი უჭერდა მხარს.

მისი საპრეზიდენტო კამპანია ისევე, როგორც ინაუგურაცია ხმაურიანი გამოდგა, განსხვავებით პრეზიდენტობისგან. მთელი წლის განმავლობაში პრეზიდენტი დუმილს ინარჩუნებდა ყველა გახმაურებულ მოვლენაზე და თავს იმით იმართლებდა, რომ მისგან პოზიციის დაფიქსირება ჩარევა იქნებოდა.

ზურაბიშვილის განცხადებების უმეტესობა საზოგადოებისა და ოპოზიციის კრიტიკის საკითხი ხდებოდა, თუმცა სიტუაცია განსაკუთრებით გამწვავდა მაშინ, როდესაც მის მიერ შეწყალებულთა სიაში მკვლელები და ნარკორეალიზატორი აღმოჩნდნენ. ამ საკითხის გამო პოლიტიკურ წრეებში პრეზიდენტის იმპიჩმენტზეც ალაპარაკდნენ.

ჟურნალისტების კითხვებს, თუ რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირი, პრეზიდენტი ტრადიციულად პასუხობდა: "არ გეტყვით".

თუმცა, მას შემდეგ, რაც არამხოლოდ ოპოზიციის, არამედ სამთავრობო გუნდისგანაც მიიღო კრიტიკა, ის გამოვიდა ინიციატივით, რომ შეწყალების უფლება დაიხვეწოს. ზურაბიშვილი აღიარებდა, რომ სიაზე პასუხისმგებლობა ერთადერთ ადამიანს — მას ეკისრებოდა, თუმცა შეწყალების საქმეზე გამოძიების დაწყებას მიესალმებოდა. ამის მიუხედავად, ის ჯერ დაკითხვაზე არ მისულა.

18 სექტემბერს მან შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. თითქმის ოთხი თვის შემდეგ მან შეიწყალა ხუთი პირი, თუმცა მათ შორის არ აღმოჩნდა დეკანოზი გიორგი მამალაძე.

თბილისი პრაიდი

2019 წელს საქართველოს ისტორიაში პირველი თბილისი პრაიდი დაიგეგმა, რომელსაც ჰომოფობიური ჯგუფების განსაკუთრებული აქტიურობა და სახელმწიფოს პასიურობა მოყვა. პრაიდის საორგანიზაციო ჯგუფი რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოლაპარაკებას, თუმცა უწყებამ მათ განუცხადა, რომ ღია სივრცეში ვერ დაიცავდა და საკუთარი გამოხატვის თავისუფლებით მოედანზე ან დახურულ ტერიტორიაზე უნდა ესარგებლათ.

პრაიდი პირობებს არ დათანხმდა. სანამ ლევან ვასაძის, გურამ ფალავანდიშვილის და სანდრო ბრეგაძის ჰომოფობიური ჯგუფები საპროტესტო აქციებს მართავდნენ, აგრესიულ დაჯგუფებებს ქმნიდნენ და საჯაროდ საუბრობდნენ ლგბტ თემზე ძალადობაზე, პრაიდის საორგანიზციო გუნდმა ყველა დაგეგმილი აქტივობა ჩაატარა და პირველი ღირსების მარში, პროტესტის ნიშნად, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართა.

ღირსების მარში შსს-სთან

ღირსების მარში შსს-სთან

ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge

გავრილოვის ღამე და სირცხვილის წელიწადი

20 ივნისის დილა საქართველოს მოსახლეობისთვის სირცხვილით გათენდა — ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის სკამში, არც მეტი არც ნაკლები, რუსი კომუნისტი დეპუტატი ჩაჯდა, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას არ აღიარებდა. სანამ მმართველ გუნდში "გავრილოვის პარლამენტში შეშვების გამო" ბოდიშს იხდიდნენ, საზოგადოება ქუჩაში იკრიბებოდა და მსოფლიოს აგონებდა, რომ რუსულ ოკუპაციას ისევე, როგორც რუს დეპუტატს საქართველოში არ შეეგუებოდა.

სერგეი გავრილოვი სპიკერის სკამში

სერგეი გავრილოვი სპიკერის სკამში

ფოტო: კადრი ვიდეოდან / TV პირველი

ამავე საღამოს საპროტესტო აქციაზე პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი შეიკრიბა. მოგვიანებით აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა, როცა რამდენიმე პირმა პარლამენტში შეღწევა სცადა. სპეცრაზმმა ანტიოკუპაციური აქციის დაშლა დაიწყო. ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლის და რეზინის ტყვიების გამოყენების შემდეგ ათეულობით ადამიანი დაშავდა, ორმა კი თვალი დაკარგა.

20 ივნისის აქციის დაშლა

20 ივნისის აქციის დაშლა

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

დაშლის ნაცვლად საპროტესტო მუხტმა ახალი ძალით იფეთქა და სამოქალაქო აქტივისტებმა რამდენიმეთვიანი აქციები დაიწყეს, რომელთა მთავარი მოთხოვნები შს მინისტრის გადადგომა, პროპორციული არჩევნების შემოღება და დაკავებულების გათავისუფლება იყო.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ პროპორციული სისტემის შემოღების დაპირება გასცა, თუმცა პირობა არ შესრულდა, რაც ოცნების "აჯანყებულ დეპუტატებს" დაბრალდათ. რაც შეეხება შს მინისტრს, რომლის გადადგომასაც ქუჩაში რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდნენ, დააწინაურეს და პრემიერ-მინისტრად დანიშნეს.

განვითარებული მოვლენების გამო ზაფხულში დაწყებული პროტესტი წლის ბოლომდე გაგრძელდა და პარლამენტი ისევ მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდა.

ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიას პრემიერად წარადგენს

ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიას პრემიერად წარადგენს

ფოტო: ქართული ოცნება

ივანიშვილის შეუსრულებელმა პირობამ რამდენიმეწლიანი დაპირისპირების შემდეგ ოპოზიცია გააერთიანა. მათ სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად შექმნეს პლატფორმა — ერთად ერთის წინააღმდეგ და საპროტესტო აქციები განახლდა.

ოპოზიციური პარტიების საპროტესტო მსვლელობა პროპორციული არჩევნების მოთხოვნით

ოპოზიციური პარტიების საპროტესტო მსვლელობა პროპორციული არჩევნების მოთხოვნით

ფოტო: თეკლა ჯალაღონია / ფორმულა

პროპორციული სისტემის მოთხოვნით აქტივისტებმა და ოპოზიციამ არაერთხელ სცადეს პარლამენტის პიკეტირება, თუმცა მათ ხან წყლის ჭავლით შლიდნენ, ხან კი პარლამენტთან ბარიკადებს უდგამდნენ, რომ მმართველი პარტიის დეპუტატებს პარლამენტში შესვლაში არ შეშლოდათ ხელი.

უზენაესის მოსამართლეები

სწორედ მსგავს პირობებში, ისტორიაში პირველად საქართველოს პარლამენტმა პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები უვადოდ დაამტკიცა. თუმცა, პიკეტი არ იყო ერთადერთი დაბრკოლება, რომელიც მოსამართლეების სიამ დამტკიცებამდე გამოიარა. ამას წინ უძღოდა უმრავლესობის რღვევა, არასამთავრობო ორგანიზაციების მკაცრი კრიტიკა, ვენეციის კომისიის დასკვნა და სამოქალაქო პროტესტი.

თავდაპირველად, პარლამენტში წარადგინეს კანდიდატების ათკაციანი სია, რომელშიც არაერთი გახმაურებელი საქმისა და სასამართლო კლანის წევრად წოდებული მოსამართლეები იყვნენ შესული.

სიის პლენარულ სხდომაზე გატანას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე და ქართული ოცნების ერთ-ერთი ცნობილი სახე ეკა ბესელია დაუპირისპირდა. მისი პროტესტის შედეგად ათკაციანი სია ჩავარდა და მან თანამოაზრეებთან ერთად პარტია დატოვა. თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა. სასამართლო საკითხზე დაწყებულ დავა ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვად დაუჯდა.

არაერთი განხილვისა და შერჩევის წესის ცვლილების შემდეგ პარლამენტში ახალი სია წარადგინეს, რომელშიც ძველი სიიდანაც მოხვდნენ მოსამართლეები. ამ სიაში იყო ყოფილი მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძეც, რომლის დიპლომის შესაბამისობამ კითხვები გააჩინა.

ხმაურიანი და კრიტიკული გასაუბრებების, ოპოზიციის ბოიკოტისა და პიკეტის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა უზენაესში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების 14-კაციანი სია დაამტკიცა.

უზენაესის მოსამართლეები პარლამენტში

უზენაესის მოსამართლეები პარლამენტში

ფოტო: კადრი ვიდეოდან / პარლამენტი


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. აშშ-საქართველოს პარტნიორობის მომავალი — უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა
  2. რას მალავს მოსამართლე, რომელმაც ლაზარეს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
  3. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა
  4. კალაძე: იგივე ხდება დღეს, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში — ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან შეუთანხმებლად
  5. პრეზიდენტმა შარლ მიშელს და მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ხვალ, საბჭოს სხდომაზე განიხილონ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ

ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, იმიტომ რომ ხედავს ჩვენს რაოდენობას. ამიტომ თხოვნაა, შევინარჩუნოთ ეს ერთობა და არ…