2019 წინა რამდენიმე წელთან შედარებით არასასიამოვნოდ გამორჩეული იყო მედიასაშუალებებისა და იქ დასაქმებული ადამიანებისთვის. მიმდინარე მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მედია არ არის სივრცე, სადაც ადამიანებს სტაბილურობის განცდა აქვთ.

წელსაც არ შეცვლილა არგუმენტები, რომელიც მოქმედი ხელისუფლების მიმართ კრიტიკის საპასუხოდ ისმის. მაშინ, როცა მედიასაშუალებები ზეწოლაზე საუბრობენ, პასუხად მედიაპლურალიზმის არგუმენტს ისმენენ.

მედიაბაზარზე ცვლილებები აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადაყენებით დაიწყო, წლის მიწურულს კი ხელისუფლებასთან მრავალწლიანი სასამართლო დავების მიუხედავად გადარჩენილი კომპანიის საქართველოდან გასვლის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. იმის მიუხედავად, რომ ეს ამბავი დეკემბრის ბოლოს, რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, დღეს მედია კიდევ ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. მათ ნაწილს, რომლებიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკით გამოირჩევიან, ფინანსთა სამინისტრომ ინკასო დაადო.

ამ ყველაფერს მთელი წლის განმავლობაში მუდმივად თან სდევდა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელიშეშლის შემთხვევები, პოლიტიკოსების მხრიდან დამცირება და შეურაცხყოფა.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების ანგარიშებში თავს იწონებდა, დირექტორი შეუცვალეს. ნათია კაპანაძე პრიორიტეტების შეუსრულებლობისა და ხელფასების საკითხის მიზეზით გაუშვეს. მის ნაცვლად მმართველი პარტიისგან დაკომპლექტებულმა საბჭომ კაპანაძის კრიტიკით გამორჩეული გიორგი კოხრეიძე დანიშნა.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: პირველი არხი

კაპანაძე იმპიჩმენტის პროცესის დაწყების დროს ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის საფრთხეს ხედავდა. მაშინ, როცა თანამშრომლებისგან მხარდაჭერას ელოდა, მათმა ნაწილმა მის საწინააღმდეგოდ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ერთ-ერთი მათგანი, თამილა დოლიძე რამდენიმე თვეში ქართულმა ოცნებამ ამავე ტელევიზიის მრჩეველად შეარჩია.

უკვე ერთი თვეა, რაც ტელევიზიას გიორგი კოხრეიძე მართავს — დირექტორი, რომლის მიმართაც თანამშრომლებს კითხვები ჰქონდათ და რჩებათ. მან არჩევიდან რამდენიმე საათში არხის ჟურნალისტებს ხელისუფლების მიმართ კრიტიკა დაუწუნა. ჟურნალისტები სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტად წინა დირექტორის მიერ პირველ მოადგილედ დანიშნულ ნათია ზოიძეს მიიჩნევდნენ, კოხრეიძემ კი მას უფლებამოსილება შეუმცირა.

რუსთავი 2

შეიძლება ითქვას, რომ მრავალწლიანი დავა რუსთავი 2-ის საქმეზე რამდენიმე კვირის წინ დასრულდა. სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს დარღვევა არ დაუდგინა. მანამდე კი არხზე შეცვალეს გენერალური დირექტორი და საინფორმაციო სამსახურის უფროსი. ტელევიზიიდან წავიდა თანამშრომლების ნაწილი.

რუსთავი 2-ის თანამშრომლებიი ტელევიზიას ტოვებენ

რუსთავი 2-ის თანამშრომლებიი ტელევიზიას ტოვებენ

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

დირექტორისა და საინფორმაციო სამსახურის ცვლილებასთან ერთად შეიცვალა ხელისუფლების დამოკიდებულებაც. ახლა მმართველი პარტია არხს აღარც ტონს უწუნებს და აღაც ყალბი ამბების გამავრცელებელ მედიად მოიხსენიებს.

ცვლილებები ამით არ დასრულებულა. გადაწყვეტილების მიმღები პირების შეცვლისა და ხელისუფლებისგან კრიტიკის გაქრობასთან ერთად შეიცვალა არხის რეიტინგიც. არხი, რომელიც მინიმუმ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ლიდერად მოიაზრებოდა, ახლა ამავე არხიდან წასული ჟურნალისტების შექმნილ ტელევიზიის კონკურენტია და მეორე ადგილისთვის იბრძვის (TV MR საქართველოს მონაცემები).

რუსთავი 2-დან გაშვებული/წასული თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ არხი ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება. იმ საქმის გასაგრძლებლად, რასაც ისინი წლები აკეთდებდნენ, სხვა ტელევიზიებში გადავიდნენ.

რუსთავი 2-ზე სარედაქციო გუნდის ცვლილების შემდეგ შეიქმნა ორი ტელევიზია, მთავარი არხი და ფორმულა. მთავარი რუსთავი 2-ის ყოფილმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ დააარსა, რომლის წინააღდეგაც პროკურატურას გამოძიება ჰქონდა დაწყებული. მოგვიანებით უწყებამ გვარამიას ახალი ბრალი წაუყენა. მას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და არხის კუთვნილი ხარჯების მითვისებას ედავებიან.

TV პირველი

გვარამიას გარდა პროკურატურამ ბრალი წაუყენა TV პირველის მფლობელის მამას, ავთო წერეთელსაც. საქმე ეხება თიბისი ბანკის ტრანზაქციებს. სამართალდამცავები უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდნენ. ორივე შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოება მედიაზე ზეწოლის მცდელობას ხედავს.

ავთო წერეთელს სასამართლომ 500 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რომლის დასაფარადაც ვატო წერეთელმა ტელეკომპანია პირველი ბანკში ჩადო. ის აცხადებდა, რომ ეს ტელევიზიის წართმევის მცდელობა იყო, რასაც არ დაუშვებდა.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ამ ყველაფერს წინ უსწრებდა პროკურატურის მიერ გასაჯაროებული წერილი, რომელიც უწყებას თიბისის დამფუძნებელებმა გადასცეს. წერილის ავტორი თიბისის დამფუძნებლისგან მოითხოვდა "უახლოეს 5 დღეში TV1 დამჯდარიყო TV იმედის ტრენდზე". არხმა გასაჯაროებული წერილი ზეწოლად აღიქვა.

ლიბერალიდან პუბლიკამდე

დაახლოებით 6 თვის წინ ონლაინგამოცემა ლიბერალი, რომელიც საზოგადოებაში სოციალური პრობლემების გაშუქებითა და ლიბერალური ღირებულებებით არის ცნობილი, ყველა ჟურნალისტმა და რედაქტორმა დატოვა. რედაქციამ რამდენიმე თვეში შეძლო მუშაობის განახლება, თუმცა აღმოჩნდა, რომ ახალ გუნდს ზუსტად იგივე პრობლემა შეექმნა დამფუძნებელთან, რის გამოც წინამ სამსახურის დატოვება გადაწყვიტა.

წინა რედაქცია მედიასაშუალების განვითარებისთვის ლიბერალის გადაცემას ითხოვდა, პასუხად კი საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია და პოზიციონირებასთან დაკავშირებით შენიშვნები მიიღეს. ახალი რედაქციის წერილიდან გაირკვა, რომ გუნდის წასვლამ მედიასაშუალება ფინანსური პრობლემების წინაშე დააყენა. დონორმა ორგანიზაციებმა, რომლებიც ლიბერალთან წლები თანამშრომლობდნენ, ფინანსურ მხარდაჭერაზე უარი თქვეს.

ამავე წერილის მიხედვით, მფლობელი რედაქციისგან ფინანსურ მდგრადობაზე პასუხისმგებლობას ითხოვდა, თუმცა უარს ამბობდა მათთვის წილების მიცემაზე. ახალმა რედაქციამ ლიბერალი დატოვა.

ლიბერალის ძველმა გუნდმა ახალი პლატფორმა Publika.ge შექმნა.

ბოიკოტი

ბოიკოტი ქართული მედიისთვის უცხო არაა. ასე იქცეოდა წინა ხელისუფლება და იქცევა მოქმედიც. ეს საუკეთესო საშუალებაა რესპონდენტისთვის არასასურველი კითხვაზე პასუხის გაცემას თავი აარიდო.

თუ ხელისუფლებას X მედია უსვამს კრიტიკულ კითხვებს, ის Y ტელევიზიასთან მიდის, სადაც შიგადაშიგ, ხელისუფლების თანამოაზრეობა რომ არ დასწამონ, კრიტიკული კითხვაც შეიძლება გაჟღერდეს.

ხელისუფლება ახლა მთავარ არხს პარტიულ ტელევიზიას ეძახის და ამ მოტივით უარს ამბობს მის დასმულ კითხვებს უპასუხოს. ასევე, ძნელად გასახსენებელია ამ არხის რომელიმე ეთერი, სადაც რომელიმე მათგანი სტუმრად მივიდა.

ხელისუფლებისთვის მისი ოპონენტის, ნაციონალური მოძრაობის მედიაა თითქმის ყველა, სადაც კრიტიკული კითხვა ჟღერდება, იქნება ეს TV პირველი თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია, რომელთა მუშაობის ხარისხი საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევებით დადებითადააა შეფასებული.

საქმიანობაში ხელისშეშლა

კითხვაზე პასუხის არგაცემა ყველაზე მსუბუქი ფორმაა იმ ქმედებებს შორის, რომელიც ჟურნალისტს საქმიანობის შესრულებაში ხელს უშლის. ამ ჩამონათვალში კი აუცილებლად მოხვდება ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცყოფა, ძალადობა. ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელს უშლიან არამხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ სამართალმდაცავები, სხვადასხვა აგრესიული აქციის წევრები და მათი ლიდერები.

ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა რამდენიმე კვირის წინ პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე, რამდენიმე დეპუტატის თვალწინ მოხდა. ტაბულას ჟურნალისტი ძალადობითა და ძალის გამოყენებით გაიყვანეს ოთახიდან მაშინ, როცა ის მუშაობდა და მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდებას ცდილობდა.

ჟურნალისტების საქმიანობა რომ რიგ შემთხვევებში უგულებელყოფილია, ამის დასტურია 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლა. ამ დღეს მინიმუმ 35 ჟურნალისტი დაშავდა, რამდენიმე მათგანს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა. ძალადობის ამ მასშტაბის მიუხედავად, ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლისთვის არავინ დაუკავებიათ.

გურამ მურადოვი 20 ივნისის ღამეს

გურამ მურადოვი 20 ივნისის ღამეს

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

თამარ ბაღაშვილი 20 ივნისის ღამეს

თამარ ბაღაშვილი 20 ივნისის ღამეს

ფოტო: კადრი ვიდეოდან / რუსთავი 2

ერთადერთი გზა, რაც ამ დროს ჟურნალისტებს რჩებათ, არის პროტესტი. სწორედ გახშირებული და გამოძიებელი საქმეები გააპროტესტეს ჟურნალისტებმა რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის შენობასთან.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ინკასო

უკვე რამდენიმე დღეა საქართველოში რამდენიმე ტელევიზიას, TV პირველს, კავკასიასა და რუსთავი 2-ს ანგარიშებს ინკასო დაადეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი თანხა, რომელსაც ეს კომპანიები მიიღებენ ჩამოიჭრება და სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება.

ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიები, TV პირველი და კავკასიასა ამას მთავრობისგან ზეოწლად მიიჩნევენ იმის ფონზე, რომ სხვა ტელევიზიებს, მათ შორის, იმედის ჰოლდინგში შემავალ არხებს, იმედსა და მაესტროს რამდენიმემილიონიანი დავალიანება აქვთ.

კავკასიის მფლობელი და დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ ტელევიზიებთან ერთად ჩამონათვალში რუსთავი 2 იმ მოტოვით მოხვდა, რომ მისი დახურვა "ფინანსური პრობლემების" მიზეზით ისედაც გადაწყვეტილია. TV პირველის დირექტორი ინგა გრიგოლია კი აცხადებს, რომ ფინანსთა მინისტრი ჩაერთო პოლიტიკურ ომში, თავისუფალი მედიის წინააღმდეგ.

გარდა ამისა, მხოლოდ დეკემბერში ინკასო დაედო ორ რეგიონულ ტელევიზიას.

სატელევიზიო რეიტინგები

2019 წელი ისე სრულდება, რომ ტელევიზიების ერთმა ნაწილმა კვლავ არ იცის ვისთან ითანამშრომლებს რეიტინგების გასაზომად მომავალი წლიდან. როგორც რამდენიმე დღის წინ გაირკვა თი-ვი ემ-არ საქართველო, რომელიც ტელევიზიების რეიტინგებს 2005 წლიდან ზომავს, ბაზარს ტოვებს. ოფიციალურად გაჟღერებული ვერსიით, კომპანია ნილსენის ლიცენზიას აღარ ფლობს, ხოლო ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიები ამ ფაქტს ხელისუფლების გავლენებს უკავშირებენ.

ბოლო ვერსიით, 2020 წლიდან უნდა შეიქმნას ახალი კომპანია, რომლის 50-50 %-იანი წილის მფლობელები თი-ვი ემ-არ საქართველო და მისი კონკურენტი ტრი მედია ინტელიჯენსი იქნებიან.

იმის მიუხედავად, რომ თითქმის ყველა აცხადებდა ერთსა და იმავეს – სარეკლამო ბაზარზე რეიტინგების მთვლელი ორი კომპანიის საჭიროება არ არსებობდა, 2016 წლიდან ბაზარზე ოპერირება დაიწყო ტრი მედია ინტელიჯენსმა. კომპანიის ბაზარზე შემოსვლიდან მალევე გაირკვა, ვინ შეიძლება ყოფილიყო მათი მომხმარებელი და ვინ – არა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სატენდერო პირობები შეცვალა, იმედი კი აცხადებდა, რომ "მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში" ითანამშრომლებდა. ტრი მედია ინტელიჯენმსმა შეთანხმებას ვერ მიაღწია მაშინ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ მედიებათან: რუსთავი 2-თან, TV პირველთან, კავკასიასთან და ა.შ.

წლების განმავლობაში ტრი მედია ინტელიჯენსი თი-ვი ემ-არ საქართველოზე გაცილებით დაბალ ფასად სთავაზობდა მომსახურებას საჯარო უწყებებს და ტელევიზიების ერთი ნაწილი მისი მომხმარებელი გახდა, თუმცა ამან კონკურენტის მუშაობას ხელი მაინც ვერ შეუშალა.

თი-ვი ემ-არ საქართველოსთვის პრობლემები 2016 წელს არ დაწყებულა. ამას წინ უსწრებდა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან რამდენიმეთვიანი სასამართლო დავა. უწყება მათგან იმ ოჯახების მისამართების მიწოდებას ითხოვდა, სადაც რეიტინგის მთვლელი მოწყობილობები იდგა. თი-ვი ემ-არ საქართველო მიიჩნევდა, რომ თუ მისამართებს გაამხელდნენ, რეიტინგების გაზომვა სანდოობას დაკარგავდა.