ალბათ, ყველას კარგად გახსოვთ მარტინ სკორსეზეს შეფასება მარველის ფილმების შესახებ, რომელმაც შემდეგ საყოველთაო განხილვები გამოიწვია: მისი აზრით, სუპერგმირებზე გადაღებული ფილმები "კინო არ არის".

სწორედ ამის გამო მისმა შვილმა, მსახიობმა ფრანჩესკა სკორსეზემ გადაწყვიტა საკუთარი მამა დაეტროლა და საშობაო საჩუქარი მარველის სუპერგმირების ილუსტრაციებით გაფორმებული ქაღალდით შეფუთა.

ფრანჩესკა სკორსეზემ ამის შესახებ ინსტაგრამის პირად გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო წარწერით: "შეხედეთ, როგორ შევფუთე მამაჩემის საშობაო საჩუქარი". შესაფუთ ქაღალდზე მარველის ცნობილი გმირები არიან გამოსახული: ჰალკი, რკინის კაცი, შავი პანტერა და კაპიტანი ამერიკა.

ფოტო: Instagram

ცნობილი კინორეჟისორის წელს გაკეთებულმა ამ განცხადებამ დიდი ხმაური გამოიწვია: იმასთან ერთად, რომ ამან მარველის ფანები გაანაწყენა, კინოინდუსტრიის წარმომადგენლებმაც აქტიურად დაიწყეს იმის განხილვა, თუ რამდენად მართებული იყო სკორსეზეს შეფასება.

მაგალითად, სკორსეზეს განცხადებას დაეთანხმნენ ასევე ცნობილი რეჟისორები — კენ ლოუჩი და ფრენსის ფორდ კოპოლა. ხოლო მისი შეხედულება არ გაიზიარეს მსახიობებმა ნატალი პორტმანმა და რობერტ დაუნ უმცროსმა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ყველაზე შესაბამისი გამოხმაურება, ალბათ, სწორედ მარტინ სკორსეზეს შვილს ჰქონდა და სამწუხაროა, რომ არ ვიცით რა რეაქცია ჰქონდა თავად რეჟისორს ამ შთამბეჭდავი საშობაო საჩუქრის ხილვისას.