საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ფინანსთა სამინისტრო კომპანიებთან თანამშრომლობაზე უნდა იყოს ორიენტირებული. მისი თქმით, კანონი ყველამ თანაბრად უნდა დაიცვას. ამ თემაზე არჩილ თალაკვაძემ TV პირველის ეთერში ისაუბრა, რომელიც ერთ-ერთია იმ ტელევიზიებს შორის, რომლებსაც ინკასო დაედოთ.

"ჩემი პოზიცია იქნებოდა ასეთი, რომ პირველ რიგში, ფინანსთა სამინისტრო უნდა იყოს ორიენტირებული თანამშრომლობაზე და ყველა კომპანიას ინდივიდუალურად უნდა დაეხმაროს მოქნილი გრაფიკების ჩამოყალიბებაში ისე, რომ გათვალისწინებული იყოს თქვენი სარეკლამო ბრუნვა, ფინანსური შესაძლებლობები და გადახდის სამართლიანი გრაფიკი უნდა იყოს განხილული. როგორც ხდება ეს სხვა კომპანიებთან მიმართებაში, ისევე თქვენს მიმართებაში, კანონის ფარგლებში ინდივიდუალურად უნდა იყოს განხილული თუ როგორია ის გრაფიკი, რომელიც თქვენს ტელევიზიას შეუძლია, რომ აწიოს. თუმცა, ცალსახად, როგორც საკანონდებლო ორგანოს წარმომადგენელი, ჩემი უპირველესი პირობა ჩემი იქნებოდა, რომ კანონი უნდა იყოს დაცული ყველას მიერ თანაბრად", — თქვა არჩილ თალაკვაძემ.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 25 დეკემბერს TV პირველს, კავკასიასა და რუსთავი 2-ს ფინანსური ოპერაციები შეუზღუდა. TV პირველი გადასახადის გადახდის ვადის გადაწევას ერთი თვით ითხოვდა, თუმცა მან მხოლოდ ერთდღიანი ვადა მიიღო.

რამდენიმე თვის წინ, აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე კერძო ტელევიზიებს რუსთავი 2-სა და იმედს და მის ჰოლდინგში შემავალ მაესტროს ბიუჯეტის მიმართ დავალიანებაც ყველაზე მაღალი ჰქონდა (რუსთავი 2 — 28 მილიონი, იმედი — 19 მილიონი, ხოლო მაესტრო 8 მილიონი). მაშინ ფინანსთა მინისტრმა ტელევიზიებს ვალების გადახდის გრაფიკის შეთანხმება შესთავაზა და თქვა, რომ მიმდინარე დავალიანება ყველა არხს უნდა დაეფარა.