"ვაჟა-ფშაველასთან გაქვთ კითხვები?"— ამ რეპლიკით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ TV პირველის ჟურნალისტს, ნინო ჟიჟილაშვილს. ჟურნალისტმა პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვა განემარტა, რას ნიშნავს ხელისუფლება იყოს ჯერ ქართული, შემდეგ პროდასავლური. პასუხად არჩილ თალაკვაძემ ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტური წერილი "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი" გაიხსენა.

"არ ვიცი ახლა, ვაჟა-ფშაველასთან გაქვთ კითხვები? მე ამ ფილოსოფიაზე გავიზარდე და ამას ვიზიარებ. ჩემი ცნობიერება ესეა, ესე გავიზარდე მე ჩემს ოჯახში და ჩემს სკოლაში სადაც მასწავლიდნენ და დღემდე ესე ვფიქრობ და დღემდე ესე მჯერა, რომ შენ თუ შენი ქვეყანა არ გეყვარება, შენ თუ შენს ქვეყანაში ერთი აგურის დადებას ვერ ახერხებ, მაშინ გლობალური მშენებლობის პროცესში ვერანაირად ვერ მიიღებ მონაწილეობას. არც ამერიკას არ სჭირდება პარტნიორი, რომელსაც თავისი ინტერესები არ ესმის", — თქვა არჩილ თალაკვაძემ TV პირველის ეთერში.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თუ ადამიანს საკუთარი ქვეყნის ინტერესები არ აქვს გაცნობიერებული ვერც გლობალურ დონეზე იქნება ეფექტური. მისი აზრით, გლობალურ დონეზე სრული თანხვედრაა და ამერიკელ და ქართველ ხალხებს შორის არსებობს დიდი მეგობრობა.