2019 წელი სონისთვის საკმაოდ საინტერესო იყო. კომპანიამ რამდენიმე ისეთი ნაბიჯი გადადგა, რაც აუცილებელიც კი იყო, მოძველებული დიზაინი ცოტათი თამამი გადაწყვეტილებებით გაახალისეს და თავიანთი პორტფოლიოც განახლებული Xperia-ს ხაზით შეავსეს.

ცვლილებებიდან ყველაზე თვალშისაცემი მაინც 21:9 ფორმატის მქონე ეკრანის გამოჩენა იყო, რომელიც CinemaWide ეკრანის სახელით წარსდგა მომხმარებლების წინაშე.

როგორც ირკვევა, 2020 წელს სონის სმარტფონებს კიდევ უფრო პატარა ჩარჩოები ექნება, ვინაიდან და რადგანაც კამერამ ეკრანში გადაინაცვლა, მობილურებს Punch-Hole კამერა ექნებათ. პატენტის პირველი ვერსია WIPO Global Design Database-ზე დარეგისტრირდა.

ამავე პატენტზე დაყრდნობით LetsGoDigital-მა შექმნა სმარტფონის სავარაუდო რენდერი. თუკი პატენტს დავაკვირდებით, ვნახავთ რომ ორივე, მარცხენა და მარჯვენა ზედა კუთხებში კონტენტია განთავსებული, მარცხნივ საათი, მარჯვნივ ელემენტი და Wi-Fi, ასეთ განლაგებას კი, როგორც წესი, სმარტფონებში Punch-hole კამერის დროს ვხვდებით.