სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ბრალდებით თავდაცვის ძალების თანამშრომელი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებული თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მეექვსე საარტილერიო ბრიგადის შტაბის უფროსი იყო.

უწყებაში ამბობენ, რომ დაკავებულებმა მოქალაქეს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის დაწყების, ფიზიკურ მომზადებაში ნორმატივის ჩაბარებისა და ავღანეთში საერთაშორისო მისიით მონაწილეობის მისაღებად გამგზავრების სანაცვლოდ ქრთამის სახით 2 500 დოლარი მოსთხოვა. მათივე ინფორმაციით, დაკავებულმა ქრთამის სახით წინასწარ 1 000 დოლარი აიღო.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.