TV პირველის დირექტორი ინგა გრიგოლია ამბობს, რომ ფინანსთა სამინისტრომ ტელეკომპანიას ვალის დასაფარად ერთი თვის ნაცვლად ერთდღიანი ვადა მისცა. მისი თქმით, ხელისუფლებამ გადაწყვიტა ერთიანი შტურმი მიიტანოს თავისუფალ მედიაზე.

"ფინანსთა მინისტრი ჩაერთო პოლიტიკურ ომში, თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. ჩვენ გვემუქრებიან ინკასოთი, მაშინ როცა იმედს და რუსთავი 2-ს მილიონობით ვალი აქვთ, ვითომ მილიონი მილიონი არ იყოს", — თქვა ინგა გრიგოლიამ.

TV პირველის დირექტორი ამბობს, რომ ვალი ჯერ ისეთმა დიდმა ტელევიზიებმა უნდა დაფარონ, როგორიც რუსთავი 2 და იმედია.

ფინანსთა სამინისტროს 2019 წლის აგვისტოს მონაცემებით, ბიუჯეტის დავალიანება სამ ძირითად ტელევიზიას აქვს, მათ შორის: რუსთავი 2–ს — 28 მილიონი ლარი, იმედს — 19 მილიონი ლარი, მაესტროს — 8 მილონი ლარი. თუმცა, ფინანსთა სამინისტროს არ გაუსაჯაროებია ინფორმაცია, რა ეტაპზეა მოლაპარაკება ამ არხებთან და როგორ აპირებს სახელმწიფო მათი დავალიანების ამოღებას.

23 დეკემბერს ფინანსთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და ბიუჯეტის დავალიანების მქონე ტელევიზიებს 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე ვალების დასაფარად ერთდღიანი ვადა მისცა. თუმცა, TV პირველმა მანამდე დავალიანების დაფარვისათვის ერთ თვიანი ვადა ითხოვა.