2019 წლის ბოლოს Sony Pictures Animation-მა ანიმაციური ფილმი შემოგვთავაზა, სახელად Hair Love. ის აფროამერიკელ მამას გვაცნობს, რომელიც ცხოვრებაში პირველად ცდილობს თავისი გოგონასთვის ვარცხნილობის გაკეთებას.

7 წლის გოგო, სახელად ზური, საავადმყოფოში წასასვლელად ემზადება, სადაც დედა უნდა მოინახულოს. ის თავისი ვეება, ხუჭუჭა თმისთვის ვარცხნილობას არჩევს და თავდაპირველად დამოუკიდებლადაც ცდილობს მის გაკეთებას, თუმცა ეს საქმე არც ისე კარგად გამოსდის. ამის შემდეგ, წარმოიდგენს, როგორ გაუკეთებდა დედა თმებს ზუსტად ისე, როგორც მას უნდა და დასახმარებლად მამას მიმართავს.

პატარა გოგონას რჩეული ვარცხნილობის გაკეთება არც ისე მარტივი აღმოჩნდება, თუმცა მონდომებისა და YouTube-ის ტუტორიალის დახმარების შემდეგ, მამა მას ზუსტად ისე უკეთებს თმებს, როგორც ზურის სურს.

ფოტო: Sony Pictures Animation

მამა-შვილი დედას ნახულობს, რომელსაც ავადმყოფობის გამო თავი გადახოტრილი აქვს, თუმცა ამის დამალვას თავსაფრით ცდილობს. მას შემდეგ, რაც შვილის ნახატს ნახავს, ის თავსაფარს იხსნის. თუკი ანიმაციის დასასრულს ტიტრებსაც ყურადღებით დააკვირდებით, გაიგებთ, როგორ განვითარდება მოვლენები მოსიყვარულე ოჯახში.

შორტ-ფილმის შემქმნელი მეთიუ ჩერი ამბობს, რომ ანიმაციით მომავალი თაობების შთაგონება სურს. ამერიკულ სკოლებში აფროამერიკელი ბავშვები ვარცხნილობის გამო ხშირად ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლი. გასულ წელს, რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც ამერიკელი მოსწავლეები გაკვეთილებზე არ დაასწრეს "სკოლის დრეს კოდის" პოლიტიკის უგულებელყოფის გამო. თუმცა, რეალურად, გავრცელებულ სილამაზის სტანდარტებში ხშირად აფროამერიკელი ბავშვების საჭიროებებია უგულებელყოფილი.

Hair Love ამერიკის კინოთეატრებში ზაფხულში გამოჩნდა — მოკლემეტრაჟიან ანიმაციას მაყურებლებს Angry Birds 2-ს გაშვებამდე უჩვენებდნენ.