თანამედროვე ნიანგების წინაპრების განამარხებული კბილების ანალიზი მინიშნებას იძლევა, რომ ოდესღაც ნიანგები, შესაძლოა, მეტწილად ბალახისმჭამელები ყოფილიყვნენ.

განამარხებული მასალები ეკუთვნით ნიანგების წინაპრებს, რომლებიც დაახლოებით 252-66 მილიონი წლის წინ ცხოვრობნდნენ.

როგორც წესი, ბალახისმჭამელებს უფრო რთული და კომპლექსური კბილები აქვთ, ხორცისმჭამელებს კი ნაკლებად. მარტივი კონუსისებრი კბილები ხორცისმჭამელებს მსხვერპლის დაჭერაში ეხმარება, უფრო ბრტყელი და უსწორმასწორო კბილები კი მცენარეული საკვების დასამუშავებლადაა განკუთვნილი.

თანამედროვე ნიანგები უმეტესად ხორცისმჭამელები არიან. ამის გამო მათ მარტივი, კონუსისებრი საღეჭი კბილები აქვთ.

პალეონტოლოგ კიგან მელსტრომის თქმით, ნიანგების წინაპრების კბილებში ისეთი მრავალფეროვნება შეიმჩნევა, რომელსაც დღეს ვერ ვხედავთ. მელსტრომმა და მისმა მრჩეველმა, პალეონტოლოგმა რანდალ ირმისმა ტომოგრაფიის დახმარებით 16 სხვადასხვა ტიპის გადაშენებული ნიანგის 146 კბილი შეისწავლეს. ტომოგრაფია კბილებზე არსებული ჩაღრმავებებისა და რელიეფების დეტალურად შესწავლის საშუალებას იძლევა.

აღმოჩენილი კბილების ერთ ნაწილს ხორცის ჭამისთვის შესაფერისი ფორმები გააჩნდა, ხოლო მეორე ნაწილი კი აშკარად მცენარეული საკვებისთვის იყო განკუთვნილი.

"ბალახისმჭამელების კბილები ხორცისმჭამელებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ეს განსხვავება კი ნიანგების წინაპრების კბილებში ცხადად შეიმჩნევა. ადრეულ ნიანგებს, სავარაუდოდ, ძალიან განსხვავებულ გარემოში უწევდათ ცხოვრება და მათი ბალახისმჭამელობის მიზეზიც ეს უნდა იყოს", — ამბობენ კვლევის ავტორები.