ქართული ოცნებიდან გარიცხული საკრებულოს დეპუტატი, ერეკლე კუხიანიძე აცხადებს რომ მანდატს "არავითარ შემთხვევაში არ დატოვებს". დღეს, 24 დეკემბერს გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას კუხიანიძემ ბიძინა ივანიშვილს პირადად შეხვედრის თხოვნით მიმართა.

"მე ძალიან ვთხოვ ბატონ ბიძინას, შემხვდეს და მე ყველაფერს მოვუყვები, რა ხდება, როგორ ხდება. ყოველდღე, დილას-საღამოს ბოდიში უნდა ვიხადო? ის ახალგაზრდები იმასაც კი ვერ ხვდებოდნენ რას ლაპარაკობდნენ. მე, გულწრფელად, მართლა მეცოდებიან ისინი, იმიტომ რომ არიან სათამაშოები ამ ნაცისტური მოძრაობის. რაღაცა კატეგორია ხალხისა კი, აყვირდა, მერე რა? რამდენი ხალხია, რომელიც მხარს მიჭერს?" — აცხადებს ერეკლე კუხიანიძე და აღნიშნავს იმასაც, რომ მისი გარიცხვით ქართულმა ოცნებამ დიდი შეცდომა დაუშვა.

თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის 24 დეკემბრის სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი და ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი დოხტურიშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ოპოზიციონერი დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი ითხოვდა, რომ სხდომა დაეტოვებინა ერეკლე კუხიანიძეს.

რამდენიმე დღის წინ თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების წევრმა ერეკლე კუხიანიძემ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა და აგინა. მსგავსი შინაარსის კრიტიკული პოსტი კუხიანიძემ პირად ფეისბუქგვერდზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გაფრინდაშვილის ოჯახმა ოცნების ორგანიზებულ ღონისძიებაზე თქვა, რომ ზეიმის დრო არ არის. საკრებულოსთან ერეკლე კუხიანიძის გადადგომის მოთხოვნით აქცია 16 დეკემბერსაც გაიმართა. 17 დეკემბერს მის კაბინეტში აქტივისტებმა და ოპოზიციის წევრებმა კარავი გაშალეს და ამ ფორმით მოითხოვდნენ ერეკლე კუხიანიძის წასვლას. ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, ერეკლე კუხიანიძე თბილისის საკრებულოს უმრავლესობიდან 18 დეკემბერს გარიცხეს.