თბილისის საკრებულოს წევრი, ერეკლე კუხიანიძე ფიქრობს, რომ ქართულმა ოცნებამ პარტიიდან მისი გაშვებით დიდი შეცდომა დაუშვა. მისივე თქმით, ქართული ოცნების წევრები ცოტა ხანში დაინახავენ რაც ხდება.

"ზოგადად, ჩვენ არ ვიცით რა არის დემოკრატია. მე რომ რაღაც ვთქვი და პროცესების ჩემი ხედვა მაქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ უნდა შემიტიოს და გამყიდველად გამომაცხადოს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა ქართულმა ოცნებამ. ცოტა ხანში დაინახავენ ეგენი რა ხდება და როგორ ხდება", — განაცხადა ერეკლე კუხიანიძემ პალიტრანიუსის ეთერში.

რამდენიმე დღის წინ თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების წევრმა ერეკლე კუხიანიძემ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა და აგინა. მსგავსი შინაარსის კრიტიკული პოსტი კუხიანიძემ პირად ფეისბუქგვერდზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გაფრინდაშვილის ოჯახმა ოცნების ორგანიზებულ ღონისძიებაზე თქვა, რომ ზეიმის დრო არ არის. საკრებულოსთან ერეკლე კუხიანიძის გადადგომის მოთხოვნით აქცია 16 დეკემბერსაც გაიმართა. 17 დეკემბერს მის კაბინეტში აქტივისტებმა და ოპოზიციის წევრებმა კარავი გაშალეს და ამ ფორმით მოითხოვდნენ ერეკლე კუხიანიძის წასვლას. ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, ერეკლე კუხიანიძე თბილისის საკრებულოს უმრავლესობიდან 18 დეკემბერს გარიცხეს.