აჭარის ტელევიზიის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ, თავის მოადგილეს ნათია ზოიძეს ხელშეკრულების პირობები, შეუთანხმებლად, შეუცვალა. დირექტორმა ხელშეკრულებიდან ამოიღო სარედაქციო პოლიტიკის მართვისა და კოორდინაციის ნაწილი.

ნათია ზოიძემ On.ge-სთან საუბარისას თქვა, რომ მისი მთავარი ფუნქცია — სარედაქციო პოლიტიკისა და სამივე პლატფორმის მართვა — გამქრალია. ის ამ მიმართულებით სამართლებრივ დავას აპირებს.

თავად დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ On.ge-სთან ამ საკითხზე საუბარი არ ისურვა და თავის თანაშემწესთან, ნათია გოგიჩაიშვილთან გადაამისამართა. გოგიჩაიშვილი ნათია ზოიძისთვის ხელშეკრულების შეცვლას "დაზუსტებას" ეძახის და შრომის კოდექსის იმ მუხლს იშველიებს, რომლის მიხედვითაც, "ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით".

იმის მიუხედავად, რომ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულება არ შესრულდა, გოგიჩაიშვილი ფიქრობს, რომ სასამართლო დავის შემთხვევაში, ნათია ზოიძე ვერ მოიგებს.