6 დეკემბერს ალაბამას უნივერსიტეტში სწავლა წარმატებით დაასრულა დონზელა ვაშინგტონმა, რომელსაც 80 წლის ასაკში სოციალური მუშაკის ბაკალავრის ხარისხი მიენიჭა. მან ამავდროულად განსაკუთრებული აკადემიური მოსწრებითაც გამოიჩინა თავი: ბოლო სემესტრში მისი GPA 4.0 იყო.

ამ მიღწევით დონზელა ვაშინგტონი 144-წლიანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტის ყველაზე ასაკოვანი კურსდამთავრებული გახდა.

"ამით მინდა სხვებს შთაგონება და მოტივაცია მივცე, რომ ასაკი სულაც არ წამოადგენს დაბრკოლებას", — განაცხადა ვაშინგტონმა.

ფოტო: Alabama A&M University

დონზელა ვაშინგტონმა, რომელიც ლოს-ანჯელესში ცხოვრობს, დიპლომის აღება თავის ქმარს მიუძღვნა:

"მინდოდა, რომ ეს მისთვის პატივის მისაგებად გამეკეთებინა".

რამდენიმე წლის წინ მას ქმარი გარდაეცვალა და როგორც თავად ამბობს, სწავლის გაგრძელების მთავარი მოტივაცია სწორედ მისი ქმარი იყო, რომელიც სიცოცხლეში მას ყველაზე მეტად უჭერდა მხარს.

ფოტო: Alabama A&M University

"მამაჩემი დედაჩემის უპირველესი გულშემატკივარი იყო: ყოველთვის ყველაფერში მხარს უჭერდა, განსაკუთრებით კი სწავლის გაგრძელებაში. მამას კოლეჯის ტრადიციული განათლება არასდროს მიუღია, მაგრამ ყოველთვის იცოდე მისი ფასი", — განაცხადა დონზელას შვილმა, კიმბერლი ვაშინგტონმა.

ფოტო: Alabama A&M University

სანამ დონზელა 2012 წელს თავის შვილთან ერთად ალაბამაში გადავიდოდა, მანამდე კალიფორნიაში ფერმაში ცხოვრობდა, სადაც ქმართან ერთად წლების განმავლობაში 30 ბავშვი იშვილა და აღზარდა: მათ შორის 1970 წელს 6 და-ძმა, რათა ისინი ერთმანეთთან არ დაეშორებინათ.

დონზელა ვაშინგტონის განცხადებით, ის ამით გაჩერებას არ აპირებს: მას კვლავ სურს სწავლის გაგრძელება და ამჯერად მაგისტრის ხარისხის მიღება. ამავე დროს კი იმედოვნებს, რომ თუ საჭირო იქნება, მოხალისეობრივი სამუშაოებშიც შეძლებს ჩართვას.