ნაციონალურმა მოძრაობამ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პარლამენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. ამის შესახებ რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერება წინასაარჩევნოდ პარტიის ლიდერის განეიტრალებაა.

"პარლამენტის ეს დადგენილება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო სააპელაციო სასამართლოში ჯერ კიდევ არის ვადები და ის აუცილებლად იქნება გასაჩივრებული. ნიკა მელიას უფლებამოსილება უკანონოდ შეუწყვიტეს, ვინაიდან შესაძლებელი იყო, რომ სხვა ინსტანციებს განსხვავებული გადაწყვეტილება მიეღოთ", — განაცხადა რომან გოცირიძემ.

ქართულმა ოცნებამ ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი 12 დეკემბერს შეუწყვიტა. მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც სასამართლომ 7 წლის წინ დაწყებულ გამოძიებაზე განაჩენი გამოაცხადა. მელიას სახდელი დაეკისრა.