საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსული სახელისუფლებო მედია სპუტნიკის ქართული ბიუროს სტატიას ფეისბუქზე საკუთარ გვერდზე აზიარებს.

On.ge დაუკავშირდა პრეზიდენტის პრესსამსახურს კითხვით, თუ რატომ უწევს სალომე ზურაბიშვილი რუსულ სახელისუფლებო მედიას ტირაჟირებას. მას შემდეგ, რაც ამ საკითხზე კომენტარს შეგვპირდნენ, პრეზიდენტის ფეისბუქგვერდზე გაზიარებული მასალა აღარ იძებნება, On.ge-ს ზარებს კი აღარ პასუხობენ. ამ თემაზე პრეზიდენტის კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

შპს სპუტნიკ ჯორჯია საქართველოს საჯარო რეესტრში ოფიციალურად 2015 წლის 23 იანვარს დარეგისტრირდა. სპუტნიკი მულტიმედიური საერთაშორისო პროექტია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის 2013 წლის 9 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა.

სპუტნიკს ფლობს რუსეთის მთავრობა და მას კრემლი აფინანსებს საერთაშორისო არენაზე. მედია პლატფორმა, რომელსაც დიმიტრი კისილიოვი ხელმძღვანელობს, 34 ქვეყნის 130 ქალაქში 30 ენაზე მაუწყებლობს. მას აქვს ბიუროები ოკუპირებულ აფხაზეთსა და ოსეთში.

2019 წლის იანვარში Facebook-მა სპუტნიკთან კავშირში მყოფი 364 ყალბი ამბების გვერდი და ანგარიში გააუქმა. ეს გვერდები რუმინეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებზე იყო გათვლილი. Facebook-ის ცნობით, გვერდები ძირითადად ანტი-დასავლური, ანტი-ამერიკული და ნატოს საწინააღმდეგო დეზინფორმაციას ავრცელებდნენ.