საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ზურაბ აბაშიძე გაზეთ კვირის პალიტრასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატი გაგრძელდება.

აბაშიძე მიიჩნევს, რომ ორმხრივი დიალოგის შეცვლა გამორიცხული არაა, თუმცა ის დღის წესრიგში არ დგას:

"პრაღაში შეხვედრების ფორმატს ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები წარმატებულად მიიჩნევენ. ამას გარდა, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს უჭერს რუსეთთან დიალოგს და ერთი-ორი პოლიტიკურად ანგაჟირებული ექსპერტის გუნება-განწყობაზე ვერ ავაგებთ პოლიტიკას. გარდა ზერელე კრიტიკისა, მათგან საინტერესო წინადადებები ვერ მოვისმინეთ".

აბაშიძე დასძენს, რომ 2013-2016 წლებში რუსეთში გატანილი პროდუქციით საქართველოში ბევრმა ნახა სარგებელი, ამას გარდა ბევრი ტურისტი შემოვიდა რუსეთიდან:

"აღდგა საავიაციო და სახმელეთო კომუნიკაციები, გაუმჯობესდა საინვესტიციო კლიმატი, შემცირდა დაძაბულობა, რუსეთთან დიალოგით ჩვენ გავაღრმავეთ ურთიერთობა ევროკავშირთან და ნატოსთან".

აბაშიძე ხაზს უსვამს საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის სავიზო რეჟიმის გამარტივებას და აღნიშნავს, რომ ამ ფორმატის ფარგლებში უამრავი ქართველი დაუბრუნდა ოჯახს.

მისი განცხადებით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა იმ შემთხვევაში აღდგება, თუ იქნება წინსვლა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის პრობლემის მოგვარებაში.

იხილეთ On.ge-ს ინტერვიუ, თუ რატომ არის აბაშიძე-კარასინის ფორმატის არსებობის საჭიროება ბუნდოვანი.