საქართველოში აშშ-ს საელჩო აცხადებს, რომ აშშ-ს მთავრობა ოკუპირებულ ცხინვალში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენის ლეგიტიმურობას არ აღიარებს. ისინი მოუწოდებენ დე ფაქტო ხელისუფლებასა და რუსეთში მყოფ პირებს, რომელთაც მათზე გავლენა აქვთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ექიმი გაფრინდაშვილი.

"შეერთებული შტატები ამ სამწუხარო შემთხვევას ხედავს როგორც მორიგ სიმპტომს უფრო დიდი პრობლემისა, რაც არის ოკუპაცია და აგრესია. აღსანიშნავია, რომ ეს შემთხვევა მოხდა სხვა დაკავებების ფონზე, ასევე გაუარესებულია ჰუმანიტარული სიტუაცია, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანთა ცხოვრებას, როდესაც ისინი ვერ იღებენ საჭირო სამედიცინო დახმარებას და გაუარესებულია ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ სიტუაცია, რაც ზედმეტად უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრებასა და ყოფაზე ორივე მხარეს", — ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. დე ფაქტო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის კვეთას არ აღიარებს და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.

ექიმი საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს კასპის რაიონში დააკავეს. ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ავადმყოფი ქალის დასახმარებლად გადავიდა, რომელიც თბილისში სამკურნალოდ ვერ ჩამოდიოდა. ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 60 წლის ქალი ჭაში ჩავარდა და დაზიანებები მიიღო, თუმცა თბილისში ვერ გადაიყვანეს, რადგან საოკუპაციო რეჟიმს ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტილი ჰქონდა.

გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ოჯახმა, ოპოზიციამ და მთავრობამ სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორებს მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ყველაფერს აკეთებდნენ გაფრინდაშვილის დროულად დასაბრუნებლად.

ამავე თემაზე: