20 დეკემბერს ფეისბუქმა თავისი ძირითადი პლატფორმიდან ჯამში 396 გვერდი და ჯგუფი წაშალა. ეს გვერდები და ჯგუფები შემჩნეულნი იყვნენ პროსახელისუფლებო და ანტიოპოზიციური პოსტების გავრცელებაში.

ფეისბუქის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამჟამად უკვე წაშლილი გვერდები მმართველ ძალასთან, ქართულ ოცნებასთან იყვნენ დაკავშირებულები, თუმცა თავს პარტიებად, მედიებად, რეალურ პირებად და აქტივისტთა ჯგუფებად აჩვენებდნენ.

"მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ, შეენიღბათ კოორდინირებული მუშაობა, კვალს სარეკლამო კომპანია პანდასთან და ქართული ოცნების ხელისუფლებასთან მივყავართ", — ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორია აცხადებს, გვერდები უმეტესად ქართულ აუდიტორიაზე მუშაობდნენ და ავრცელებდნენ ისეთ სოციო-პოლიტიკურ კონტენტს, რომელიც საზოგადოების პოლარიზაციას უწყობდა ხელს, თავს ესხმოდა ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას და საქართველოს დასავლელი პარტნიორების, კონკრეტულად კი ამერიკის შეერთებული შტატების დისკრედიტაციას ეწეოდა.

წაშლილ გვერდებს შორის იყო რელიგიაზე, "სენსაციურ" სიახლეებზე და მიმებზე ორიენტირებული გვერდები. მათი გამომწერების რიცხვი კი 400-დან 11 000-მდე მერყეობდა. გვერდები ცდილობდნენ თავი ონლაინმედია პლატფორმებად მოეჩვენებინათ (Daily Info, NewsHub.ge, TodayNews.ge, OnTime.ge და ასე შემდეგ), თუმცა ამ სახელების შესაბამისი გამოცემები ინტერნეტში არ იძებნებოდა.

ფოტო: DFRLab

ფოტო: DFRLab

ფოტო: DFRLab

ფოტო: DFRLab

ფოტო: DFRLab