მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, თამარ ჩუგოშვილი საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკას ეხმაურება და ამბობს, რომ ისინი ინფორმაციულ ვაკუუმში არ არიან. მისივე თქმით, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისინი დეტალურად ეცნობიან ინფორმაციას.

"უბრალოდ, მათ ამჯერად გადაწყვიტეს, რომ თავიანთი კრიტიკული მოსაზრებები გამოეთქვათ და არ ნიშნავს კრიტიკა, რომ თავს დავესხათ ადამიანებს, რომლებიც წლებია ყველაფერში გვეხმარებიან", — განაცხადა ჩუგოშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა შემაშფოთებელია. ის მმართველ გუნდს მოუწოდებს, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იპოვოს. ამის შესახებ მან ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი გაუგზავნეს კონგრესმენებმა ადამ კინზინგერმა და ჯერალდ ე კონოლიმ. მათ პრემიერი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირების შეუსრულებლობის გამო გააკრიტიკეს. მათივე წერილში აღნიშნულია, რომ გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსულ ხალხს "მოძალადე ბოროტმოქმედები დაუპირისპირეს".

ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საერთაშორისო პარტნიორები არასწორ ინფორმაციას იღებენ.