ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი მოუწოდებს რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, რომ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გაათავისუფლონ. ამის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა.

"ცხინვალის რეგიონის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობის შესახებ გვახსენებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კანონის უზენაესობა არაა", — განაცხადა მინისტრმა.

უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გამართა. ადმინისტრაციის განცხადებით, ზურაბიშვილმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა გააძლიეროს ძალისხმევა, რათა ექიმი გაფრინდაშვილი, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, ახალ წელს თავის ოჯახთან ერთად შეხვდეს.

საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. დე ფაქტო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის კვეთას არ აღიარებს და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.

ექიმი საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს კასპის რაიონში დააკავეს. ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ავადმყოფი ქალის დასახმარებლად გადავიდა, რომელიც თბილისში სამკურნალოდ ვერ ჩამოდიოდა. ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 60 წლის ქალი ჭაში ჩავარდა და დაზიანებები მიიღო, თუმცა თბილისში ვერ გადაიყვანეს, რადგან საოკუპაციო რეჟიმს ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტილი ჰქონდა.

გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ოჯახმა, ოპოზიციამ და მთავრობამ სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორებს მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ყველაფერს აკეთებდნენ გაფრინდაშვილის დროულად დასაბრუნებლად.