ხვალ, 21 დეკემბერს, ოთხ საათზე პარლამენტის წინ, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით საპროტექსტო აქცია გაიმართება. როგორც ორგანიზაცია აცხადებს, მედიის წარმომადგენლები ბოლო პერიოდში გახშირებულ თავდასხმებს გააპროტესტებენ.

"ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობებსა და ხელშეშლაზე ხელისუფლების რეაქცია არ არის სათანადო. ხშირად ზეწოლის ფაქტებზე დაწყებული გამოძიება ფორმალურ სახეს ატარებს და არ მიმდინარეობს კანონით დადგენილი წესით და შესაბამისი კვალიფიკაციით. არცთუ იშვიათად მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები თავად ახდენენ მედიაზე ძალადობის წახალისებას", — აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, ქარტიაში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში მსგავსი მრავალი მაგალითი დაგროვდა: თბილისის საკრებულოს შენობიდან და პარლამენტის კომიტეტიდან მედიის წარმომადგენლების გამოძევება, ქუჩებში — აქციებზე მომუშავე ჟურნალისტებზე თავდასხმა, პოლიტიკოსების მხრიდან შეურაცხყოფის ფაქტების მომრავლება, საჯარო ინფორმაციის მიღების გართულება, აჭარის ტელევიზიაში განვითარებული მოვლენები და ა.შ.

აქციის დღეს, 21 დეკემბერს 6 თვე სრულდება ე.წ გავრილოვის ღამის საპროტესტო აქციის დაშლიდან, სადაც მედიის 40-მდე წარმომადგენელი დაზიანდა:

"ამ ფაქტის შესახებ ეფექტური გამოძიება და ჟურნალისტების დაშავებაში მონაწილე პირების გამოვლენა და დასჯა დღემდე არ მომხდარა".

საპროტესტო აქციაზე საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩამოსული ჟურნალისტები გააპროტესტებენ მათი საქმიანობისას შექმნილ პრობლემებს და ხელისუფლებას სწრაფი და ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებენ.