დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წარმომადგენლობითმა პალატამ მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის კანონპროექტს ბრექსიტთან დაკავშირებით.

კანონპროექტი განსხვავდება იმ პირველად ვერსიისგან, რომლის მიღებასაც ჯონსონი ოქტომბერში ცდილობდა. მაშინ პროექტი პროცედურული კენჭისყრებით დაბლოკეს, რის შემდეგაც ვადამდელი არჩევნები დაინიშნა. 12 დეკემბერს კი ჯონსონის კონსერვატიულმა პარტიამ შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა.

დოკუმენტის ახალ ვერსიას 358-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი მხოლოდ 234 იყო. ოპოზიცის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ კანონპროექტის დაბლოკვას ვერ შეძლებდნენ და მის უარყოფით მხარეებზე ამახვილებდნენ ყურადღებას.

პროექტის თანახმად, ევროკავშირიდან გამოსვლის გარდამავალი პერიოდი 2020 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება და ის აღარ გახანგრძლივდება. ოპოზიცია შიშობს, რომ მომავალი წლის ბოლომდე ბორის ჯონსონი ევროკავშირთან ახალ სავაჭრო ხელშეკრულებას ვერ გააფორმებს, თუმცა პრემიერი საპირისპიროს ამტკიცებს.

კანონპროექტს ჯერ მესამე მოსმენა ელოდება, შემდგომში კი ლორდთა პალატის თანხმობა იქნება საჭირო. მმართველი გუნდი ფიქრობს, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 31 იანვარს დატოვებს.