საკრებულოს წევრი ერეკლე კუხიანიძე მანდატს ინარჩუნებს და ყოფილ თანაგუნდელებს ქართული ოცნებიდან იმ ოთახის კურთხევას ურჩევს, სადაც გასულ კვირას ოპოზიცია აქციას მართავდა. დღეს, 20 დეკემბრის სხდომა კუხიანიძემ სიტყვით გამოსვლის შემდეგ დატოვა, მანამდე კი თქვა, რომ მარტო არ არის და ოჯახი გვერდით უდგას:

"ძალიან გული მწყდება რაც მოხდა, მაგრამ როგორც ჩანს, ასე იყო საჭირო... მე მარტო არ ვარ, არც ჩემი ოჯახის წევრებს მივუტოვებივარ, აქ არის ჩემი უმცროსი ქალიშვილი, მარიან კუხიანიძე, რომელიც მთლიანად მიჭერს მხარს. ზოგიერთი ტაკიმასხარების გამოტომები, რომ ვიღაცამ მიმატოვა, არის ტყუილი. მე, სამწუხაროდ, ახლა დაგტოვებთ, მაგრამ ერთადერთი მინდა გირჩიოთ, რომ ის ოთახი, სადაც ის ჭინკები ხტოდნენ, სხვადასხვა სიბინძრეები ჩაატარეს, მოიყვანეთ მღვდელი და აკურთხეთ".

რამდენიმე დღის წინ თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების წევრმა ერეკლე კუხიანიძემ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა და აგინა. მსგავსი შინაარსის კრიტიკული პოსტი კუხიანიძემ პირად ფეისბუქგვერდზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გაფრინდაშვილის ოჯახმა ოცნების ორგანიზებულ ღონისძიებაზე თქვა, რომ ზეიმის დრო არ არის. საკრებულოსთან ერეკლე კუხიანიძის გადადგომის მოთხოვნით აქცია 16 დეკემბერსაც გაიმართა. გუშინ, 17 დეკემბერს მის კაბინეტში აქტივისტებმა და ოპოზიციის წევრებმა კარავი გაშალეს და ამ ფორმით მოითხოვდნენ ერეკლე კუხიანიძის წასვლას. ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, ერეკლე კუხიანიძე თბილისის საკრებულოს უმრავლესობიდან დღეს, 18 დეკემბერს გარიცხეს.