მოძრაობა ქვეყნის სამსახურში ქართული ოცნების ახალ საარჩევნო ინიციატივას პასუხობს და აცხადებს, რომ მათთან ვაჭრობას არ აპირებენ.

"ჩვენი მოთხოვნები და ღირებულებები თქვენს შემოგდებულ წინადადებებზე არ იყიდება. განსხვავებით თქვენგან, ჩვენ გაგვაჩნია პრინციპები, რომლებსაც არაფრის გამო არ შევიცვლით. უკან დახევას არ ვაპირებთ!" — აცხადებენ აქტივისტები.

აქტივისტები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა მიიღონ.

"გვესმის, რომ ძალაუფლების გაზიარება და დათმობა გიჭირთ, მაგრამ მოგიწევთ. თუ გინდათ თქვენი მომავალი ამ ქვეყანას დაუკავშიროთ, მიიღეთ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა. სხვა შემთხვევაში, ჩვენ გავაგრძელებთ დაუღალავ და შეუვალ წინააღმდეგობას და გაიძულებთ უკან დახევას", — წერენ ისინი.

ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ოპონენტებს ახალი სამოქმედო გეგმა შესთავაზეს. საუბარია იმაზე, რომ პარლამენტში პროპორციული წესით 100 დეპუტატი აირჩონ, ნაცვლად 77-სა. ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-მდე შემცირდება.

მანვე აღნიშნა, რომ თუ ოპოზიცია სხვა ცვლილებების იდეას არ იტყვის და ამასაც არ დათანხმდება, არჩევნები 2020 წელს არსებული შერეულის სისტემით ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრები საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივით დაიწყო. თავდაპირველად, მისი მიზანი ე.წ. გერმანული მოდელის განხილვა იყო, რომელსაც ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება უჭერდა მხარს. თუმცა ქართული ოცნება ამ სისტემის მიღებას არ დათანხმდა.

ამის ერთ-ერთ მიზეზად მმართველი გუნდი იმასაც ასახელებდა, რომ მათ საკონსტიტუციო ცვლილეების რესურსი არ აქვთ. ახლანდელი მათი ინიციატივა კი სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებებს მოითხოვს.

პროპორციულის ჩავარდნა, პროტესტი და პოლიტიკური დაპირისპირება — მოკლედ

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების ე.წ. აჯანყებულმა დეპუტატებმა ჩააგდეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო, ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების საერთო პროტესტი დაიწყო. დაპირისპირებული ოპოზიციური ჯგუფები ერთი მოთხოვნის ირგვლივ გააერთიადნენ — ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემითა და ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარება.

პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანო, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

აქციებმა მაჟორიტარი დეპუტატებისა და ოცნების ოფისთან გადაინაცვლა, სადაც აქტივისტებს მმართველი გუნდის მხარდამჭერები ხვდებოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. გარდა ამისა, განახლდა საპროტესტო მოძრაობა "არა ნაცებს" და გაიმართა აქციები სახელად "დემიშიზაცია", რომელთა წევრები ნაციონალური მოძრაობის ოფისებს კვერცხებს და ცოცხებს ესროდნენ, მხარდამჭერებსა და აქტივისტებს კი ფიზიკურად უსწორდებოდნენ.