იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სენატორების განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არიან. მისივე თქმით, ამის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები არსებობს.

"ჩვენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისა და პარტნიორების განცხადებებს, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვუსმენთ, მაგრამ ვპასუხობთ იმას, რასაც ვპასუხობთ, რომ რეალობა საქართველოში ხანდახან არის ცოტა უფრო სხვანაირი, ვიდრე ეს მათ განცხადებებში ჩანს", — განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა შემაშფოთებელია. ის მმართველ გუნდს მოუწოდებს, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იპოვოს. ამის შესახებ მან ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა.

"მე ღრმად შეშფოთებული ვარ იმით, რასაც საქართველოდან სულ უფრო ხშირად ვიგებ — მმართველი პარტია ოპოზიციას ებრძვის ძალადობრივი თავდასხმებით, დაკავებებით და შევიწროების სხვა ფორმებით. საქართველო იდგა ნათელი დემოკრატიული მომავლისკენ გზაზე და მე ვშიშობ, რომ გასული თვეების მოვლენები ქვეყანას უკან ხევს", — ამბობს ის.

რიში მოუწოდებს საქართველოს მთავრობას შეასრულოს პროპორციულ საარჩევნო რეფორმაზე გადასვლის დაპირება და ითანამშრომლოს ოპოზიციასთან. სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად, საარჩევნო რეფორმის დაპირების შესრულებისკენ ქართულ ოცნებას კონგრესის საქართველოს მეგობართან ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა ადამ კინზინგერმა და ჯერალდ კონოლიმაც მოუწოდეს.

პროპორციულის ჩავარდნა, პროტესტი და პოლიტიკური დაპირისპირება — მოკლედ

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების ე.წ. აჯანყებულმა დეპუტატებმა ჩააგდეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო, ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების საერთო პროტესტი დაიწყო. დაპირისპირებული ოპოზიციური ჯგუფები ერთი მოთხოვნის ირგვლივ გაერთიადნენ — ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემითა და ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარება.

პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანო, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

აქციებმა მაჟორიტარი დეპუტატებისა და ოცნების ოფისთან გადაინაცვლა, სადაც აქტივისტებს მმართველი გუნდის მხარდამჭერები ხვდებოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. გარდა ამისა, განახლდა საპროტესტო მოძრაობა "არა ნაცებს" და გაიმართა აქციები სახელად "დემიშიზაცია", რომელთა წევრები ნაციონალური მოძრაობის ოფისებს კვერცხებს და ცოცხებს ესროდნენ, მხარდამჭერებსა და აქტივისტებს კი ფიზიკურად უსწორდებოდნენ.