პარლამენტის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის, 112-ის, მომსახურების საფასური 20 თეთრიდან 50 თეთრამდე იქნება. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტმა მხარი მესამე მოსმენით დაუჭირა.

ცვლილებების მიხედვით, 112-ის მომსახურების საფასური არ შეიძლება იყოს 20 თეთრზე ნაკლები და 50 თეთრზე მეტი. ასევე, 112-ის მომსახურების საფასური ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ერთნაირი იქნება.

112-ის მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება.

რაც შეეხება 112-ის მომსახურების საფასურის ზუსტ ოდენობას, ის მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.

2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედი დადგენილებით, 112-ის მომსახურების საფასური ფიზიკური პირებისთვის 20 თეთრია, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 50 თეთრი.

2019 წლის ივლისში საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ის ფაქტი, რომ სატელეფონო აბონენტები 112-ს მოსაკრებელს მთავრობის დადგენილებით იხდიან. სასამართლომ წლის ბოლოდან ძალადაკარგულად ცნო სადავო ნორმები და საქართველოს პარლამენტს დაავალა, კონსტიტუციით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოეწესრიგებინა.